Kakha Kvashilava: მოსკოვი უგებს ბრძოლას პეკინს ყაზახეთშ
სპონტანურად მოწყობილი სოციალური ყაზახური აჯანყებას, რომელიც პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზარდა, პუტინმა შესანიშნავად გამოიყენა, რომელსაც დიდი ხანია აღიზიანებდა საბჭოთა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი – ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც არადა არ თამაშობდა კრემლის საჭადრაკო პარტიას.
მართალია, ნაზარბაევმა შექმნა პირადი სახანო, სადაც ყველაფერი მისი კულტის გარშემო ტრიალებს. ეკონომიკური სიმდიდრეები მისი ოჯახის ხელშია. ნახევარი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის წევრები ფლობენ ასეულმილიონიან უძრავ ქონებას დიდ ბრიტანეთში.
მაგრამ, ამასთან ერთად, მან შეძლო თავი აერიდებინა არაერთი რუსული პროვოკაციისათვის და შეინარჩუნა ის ტერიტორია, რომელიც ყაზახეთს საბჭოეთში შემოუხაზეს. აქედან გამომდინარე, ყაზახეთი იმ მცირე გამონაკლისშია, რომელსაც პრობლემები არ აქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან.
ნაზარბაევმა 1990-იან წლებში არაერთი რუსი აიძულა რუსეთში გადახვეწილიყო და ამით გაზარდა ეთნიკურ ყაზახთა წილი.
მას შემდეგ, რაც პუტინმა გამოაცხადა, რომ სსრკ-ს დანგრევა ტრაგედიაა, ნაზარბაევმა დაიწყო ყაზახეთის უსაფრთხოების განმტკიცება ჩინეთთან ურთიერთობების მოწესრიგებით. ამისთვის, ოფიციალური ყაზახეთი თვალსაც კი ხუჭავდა მოძმე უიღურების პრობლემაზე ჩინეთში, რაც ნაციონალისტი ყაზახების უკმაყოფილებას იწვევდა.
ნაზარბაევი ცდილობდა ყაზახური ნაციონალიზმის გაძლიერებას, რისთვისაც ყაზახური ანბანი კირილიციდან ლათინურზე გადაიყვანა (პროცესი ჯერ დასრულებული არაა).
გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ პუტინმა ყაზახეთი რუსების მიერ ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რომლის ისტორიაც 2 საუკუნესაც არ ითვლისო. ამას ნაზარბაევის მკაცრი პასუხი მოჰყვა.
მოსკოვს ყელში ჰყავდა გაჩხერილი ოლიგარქ ხანად ქცეული ძველი ბოლშევიკი.
ამჟამინდელი სპონტანური სოციალური აჯანყება რუსეთის ინტერესებში მოექცა. ყაზახეთის პრეზიდენტს (ნაზარბაევის კლანის წარმომადგენელი), რომელიც სულ სამიოდე წელია, ხელისუფლებაშია, ძალიან არ უნდა პრივილეგიების დაკარგვა, რის წინაშეც დადგა. როგორც ჩანს, მოსკოვიდან აიძულეს, ოფიციალურად მოეთხოვა ოდკბ-ს დახმარება, რომლის ძირითად ნაწილს რუსული ჯარი წარმოადგენს.
ტოკაევმაც „ითხოვა“.
სავარაუდოდ, პუტინს ეს არ ეყო და მოითხოვა ნაზარბაევის და მისი ოჯახის წევრების ჩამოშორება ხელისუფლების ყველა შტოდან. ტოკაევმა მის ყოფილ პროტექტორს ყველა გზა მოუჭრა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანს ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ „დედაქალაქად“ ან „მთავარ ქალაქად“ მოიხსენიებენ.
„ედინაია როსიას“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოითხოვა, ყაზახეთში ვითარების დასტაბილურების, არეულობების დამნაშავე ორგანიზატორების დასჯის შემდეგ, ყაზახეთში გაიმართოს რეფერენდუმი კითხვით: უნდათ თუ არა ყაზახებს ისტორიულ სამშობლოსთან – რუსეთთან (!!!) შეერთება?!
მოსკოვმა მოუგო საჭადრაკო პარტია პეკინს ყაზახეთში. ეს უკვე ჩანს.
ახლა საინტერესოა, იქნება ეს აქცია მოსკოვისთვის მეორე „25.12.1979წ.“?





























