
***(ფრაგმენტი)
თეთრი პეპლებით გადაფაფრილი,
სად მიაქროლებს ტყემლებს აპრილი.
საით,ხეებო,სამოთხეებო,
დამალოცვინეთ თქვენი დღეობა.
ვინა თქვა თქვენი ემიგრანტობა,
სამშობლო ჩემზე მეტად გენდობათ.
მეც,სიკვდილამდე,ერთი დღით ადრე,
ერთერთ თქვენგანში დავიბინადრებ.
არც თქვენ დაგჭრიან კუბოს ფიცრებად,
არც ჩემთვის მიწა არ გაიჭრება
და რაც,ცალ-ცალკე,ფუჭად ვეცადეთ,-
ერთად გავიგზოთ ბზაგზა ზეცამდე.
მე გვიან გცანით ნათესავებად
და,თქვენს ფერხულში მინდა ჩავება.
რომ ვიგრძნო თქვენი უხმო ვაება
და თქვენი ლხინი გავიზიარო,
თქვენა ხართ ჩემი ერთი იარა –
მე ხომ არცერთმა არ გამიარა!
და არც გამივლის…ეს გაზაფხულიც
თვალებს შემკრთალი რომ აფახულებს,
რომ ამოყარა უცებ მიწიდან,
რაც მიწისაა და ცა იზიდავს,
თითქოს რაღაცის მოსწრებას ცდილობს,
- იჯექ,შენს კვირტში,ყვავილო…შვილო,
იჯექი სახლში,რადგან გარედან,
ხმა მცემს სულსწრაფთა და მოჩქარეთა!
მაგრამ მოჩქარე უფრო იჩქარის,
მოგლეჯაზეა ციდან ცის კარიც
და ისმის ლოცვა,როგორც გინება,
სერაფიმებმა,ქერუბიმებმა,
მიწაზე ჩასვლა მოიგუნებეს –
თვით მიქაელმა და გაბრიელმა,
ურიელმა და ვარახიელმა,
რაფაელმა და ეგუდიელმა,
იერომიელ-სელაფიელმა,
მაგრამ სუყველას უსწრებს ტახნილი
(თავდასხმისაგან ჩვენი დამხსნელი).
ალბათ,მათაც სურთ ყოფნა კაცურად:
უფალი სიმწრის ცრემლებს გვაწურავს.
აღარ სურს იას ,,აი ია-ში”,
დგება და თავის სახელს მიაშლის
ფურცელს და გარბის ,,დედა ენიდან”;
სხვებიც მას მიჰყვნენ,- ღმერთო,დაინდე,
ყველა ღირსი და ღველა უძღები,
ჩვენი შვილები და მოხუცები!
ისმის კვერცხიდან ბარტყის გალობა,
ეს წყევლაა თუ მწყევრის წყალობა.
მონას აღარ სურს მონის ბორკილი,
ყველას ფრთები სურს,ფრენა-ფორხილით
ფარეხებიდან გამორბის ფარა
და ცხვრის ბღავილი მწყემსის ხმას ფარავს!
დაბნეულია მეფე-სარდალი,
მეფეს არ უყვარს აჯაფსანდალი.
მეფეს აშინებს უცხო სალათა
და სუფრის ბოლოს მოიკალათა…
მიუდგომელი დარჩა ჯალათი,
ყველა თავისი მაჩანჩალათი!
ვერ შეაკავებს კვირტი ყვავილებს
და ვიდრე გულზე ხელებს წაივლებს
დედა და მიწა (,,ვაი და ნანა!”) –
შლილი შვილები აღარსად ჩანან…
ხეები დგანან,გვამები წვანან –
,,რა ლამაზია ჩვენი ქვეყანა!”
რა ლამაზია,უჩვენოდ,მტრისთვის,-
ჰეროდე ახლა სამძიმარს ისვრის
და შიგადაშიგ ისვრის ტყვიასაც,
გინდა მსოფლიო ააგნიასე –
ძალიან დიდხანს იქნები ასე,
ვიდრე ძმას მტრობ და უცხოს უცინი
და ხელთ გიჭირავს,გმირის ქუსლივით,
გული – ბავშვის და აქილევსურიც.
და,რაკი ერთხელ ზღვაში შევცურეთ,
აღარ გვარგია წესი მდინარის:
კარგად შეხედე – თუ ვინ ვინ არის,
ჯერ კი,იფიქრე,თავად ვინა ხარ,
თორემ,ვერ ნახავ მას,რაც გინახავს.
იდინე ფხიზლად და უსამსალოდ,
ზღვამ შენი ზვირთით რომ არ წაგშალოს…
ჰეროდიანნო(ჰე,როდიონოვ!)
თქვენი რითმიდან გამორბის მონა,
თქვენი თითიდან ჩამორბის სისხლი,
ეშმაკი ითხოვს – ,,კიდევ დამისხით…
თუნდ სათითური…თუნდ მთელი მთვარე…”
სისხლი იყოს და პეშვითაც დალევს.
ჰეროდიანნო (ჰე,როდიონოვ!),
ჰე,რა დროიდან რა დროში ჟონავს,
რომ ვერ დააშრეთ სისხლის მდინარე.
ჟამი მათ ჯიშსაც აუჩინარებს,
ვინც მოაყენა თბილისს მონასპა,
,,9” რიცხვი ყულფად ვინც გამონასკვა
ერთხელ მარტით და ერთხელ აპრილით –
ქართული დროშა დგას თავდახრილი!!!
ჩვენც მასთან ერთად თავი დავხაროთ
და დავაკვირდეთ წყალს და სამყაროს
და როცა – ,,სიბრძნით აღემართენით!…”
იტყვის მოძღვარი,ჩვენი მართვენი
გულში ჩავიკრათ…სხვისი შვილებიც,
ჩვენგან ათასგზის დაწყევლილები,
ჩავიკრათ გულში საკუთარივით –
დავიმახსოვროთ დრო და თარიღი…
ხვალისდღე რომ არ გავამწარობლოთ,
ვიგრძნოთ ოჯახად მთელი სამშობლო!
სამშობლო არის ეს დედამიწაც,
მე რომ,ერთხელაც,თქვენგან დამიცავს…
ვახტანგ ღლონტი
(,,ნოსტალგია მეორე ადამზე”)
























