ზურაბ კიკნაძე გალაკტიონის შესახებ:
მათია სიხარულიძე: XX საუკუნის ახალი მწერლობა იწყება ილია ჭავჭავაძის
მკვლელობისა (1907) და აკაკი წერეთლის სიკვდილის (1915) შემდეგ.
გალაკტიონ ტაბიძემ (1891-1959), რომელმაც თავისი პოეტური ენის გარდაქმნა ამ ორ თარიღთან დააკავშირა, პოეზია მის საკუთარ სფეროს, თავის ძირითად მოწოდებას დაუბრუნა. თუმცა ამ დროისათვის ისახება ახალი პროზაული სტილი, მაინც დომინირებს პოეზია და ამ ასპარეზზე გალაკტიონ ტაბიძის ფიგურა მწვერვალივით არის აღმართული.
გალაკტიონის პოეზია მთელი ეპოქის ხმაა. და ეს ხმა ეხმიანება რუსთაველის, ბარათაშვილის, აკაკის ხმას. მას ჰქონდა მოლოდინი რაღაც არსებითი ცვლილება-გარდატეხისა პოეზიაში და ეს მის პოეზიაში მოხდა.
გალაკტიონი წერდა: „ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის…“ და ამ „ჩვენში“ ის თავის თავს გულისხმობდა. თავისი პოეზიით ის ამტკიცებს თეზისს „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. და ის პარადოქსულად ახდენს თავის შემოქმედებაში თითქოს ერთმანეთთან შეუთავსებელი რეალობების – რუსთაველისა და ვერლენის სინთეზს. რუსთაველი მისი წინაპარია, ვერლენს ის თავის „დაღუპულ მამად“ იხსენიებს.
გალაკტიონს ეკუთვნის სიტყვები „ძაფი ნერვის არ არის
ჩემში არაპოეტის“ და ეს სრული ჭეშმარიტებაა. მისთვის არ
არსებობდა პროზაული სიტყვა, არ არსებობდა პროზაული
თემები. მის ხელში ყველაფერი პოეზიად არის ქცეული.
გალაკტიონის პოეზიაში რუსთაველის გენია მეტყველებს განახლებული ენით. ყოვლისმომცველი მისი ლირიკა ქართველის შეგნებაში ონტოლოგიური ღირებულებისაა, ის მეორე სამყაროა, ახალი სინამდვილეა…
/ფრაგმენტი მოხსენებიდან, რომელიც წაკითხული იქნა პარიზში, იუნესკოს ეგიდით გამართულ ქართული კულტურის დღეებზე/





























