მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
თამაზ ბუთხუზი
მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
(გაგრძელება)
. . . . ჩვენი მონაწილეობის, ქმედების გარეშე ვინმესგან საჩუქრად მიღებული “იმედი”, რომ ჩვენს ირგვლივ რაიმე ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვლება, ჩემი აზრით, მკვდრის დასაჩუქრებას ჰგავს. უმოქმედოდ, უბრძოლველად, ენერგიის ხარჯვის გარეშე, რაღაცის მიღება, მიცვალებულის ყვავილებით შემკობას ხომ არ გაგონებთ?
გამოდის, რომ იზიდას კი არა აქვს დაფარული სახე, ეს ჩვენ გვაქვს ლიბრი გადაკრული თვალებზე.
რა ვუყოთ ყოველდღიურ საქმიანობას, მიწიერ სურვილებს, ყველა იმ წვრილმანს, . . .რომელიც, ჩვენი გაგებით, ჩვენს ცხოვრებას ავსებს? თანაც რა შთამბეჭდავი რაოდენობით არის ყველა ეს ყოფითი ფასეულობა: ოჯახი, ახლობლის ბედი, მეცნიერება, კულტურა, ადამიანთა შორის ურთიერთობა.
ყველაფერს ზურგი შევაქციოთ, უარვყოთ?!
შეუძლებელს ხომ არ ითხოვენ ჩვენგან?
ადამიანის არსი პასუხს ითხოვს და რადაც უნდა დაგვიჯდეს, ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ.
ყველა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკუთარ, ოჯახის, ერის, სამშობლოს ბედნიერებაზე ფიქრობს, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით უნდა იყოს გაჟღენთილი. ყველაფერი სხვა ბუნდოვანი და მოჩვენებითია.
კერძო და ზოგადი ინტერესები აბსოლუტურთან ჰარმონიაში უნდა იყოს და ამ ჰარმონიის ძიებას, დამკვიდრებას გააზრებულად უნდა ემსახურებოდეს.
ფასეულობათა იერარქია არასდროს უნდა დაირღვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორადზე დაფუძნებული ყოველთვის მეორადი იქნება. . . .
აბსოლუტური ფასეულობა მხოლოდ მის საპირისპიროსთან თანაფარდობით მოიძიება.
ბედნიერების მიღწევის მთავარი პირობა აბსოლუტური კანონზომიერების, იდეის და ადამიანის ერთიანობაა. . . .
(გაგრძელება იქნება)






















