როგორც “ათას ერთ ღამეში” შეჰერეზადა ამბობს: ეს ამბავი შეგონებაა მათთვის, ვინც შეიგონებს.

Zaza Tsurtsumia: ალექსანდრე ბაგრატიონი, კახეთისა და იმერეთის მეფე არჩილის ვაჟი და რუსეთის იმპერატორ პეტრე I უახლოესი მეგობარი, რუსეთის არტილერიის პირველი მეთაური 1700 წელს ტყვედ ჩაუვარდა შვედებს. მან ტყვეობაში ათ წელზე მეტი დაჰყო. მეფე არჩილმა თხოვნით მიმართა კარლოს შვედების დიდ მეფეს : ”ჩვენ, არჩილი, დავითისა და სოლომონის შტო, მთელი საქართველოს ძველ წინაპართა კანონიერი ტახტის მემკვიდრე, მოწყალებას გთხოვთ ჩვენი შვილი უფლისწული ალექსანდრესთვის. ყველა სამფლობელო, რაც კი ქართველ მეფეებს გაგვაჩნდა, ღვთის განკარგულებით ორმა ურწმუნო სახელმწიფომ გააჩანაგა და დაიმონა. მაჰმადიანურ სახელმწიფოთა მიერ სამფლობელო და თავისუფლება დაკარგულნი, ჩვენ მივენდეთ რუსეთის იმპერატორის მფარველობას, მისი ძლევამოსილი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით და ეს მისი უდიდებულესობის ტიტულიდანაც ჩანს.”

ალექსანდრე 1711 წ. ტყვეობიდან განთავისუფლდა, მაგრამ მოსკოვისკენ გზაში დაიღუპა. არჩილმა მოსკოვის დონის მონასტერში ალექსანდრეს დაკრძალვის შემდეგ, ორიოდე წელი იცოცხლა. ანდერძში არჩილ მეფე თხოვდა რუსეთის იმპერატორს, ყურადღება მიექცია მისი ერთადერთი ქალიშვილი დარეჯანისთვის, ღირსეულად გაეთხოვებინა იგი, რომ სამეფო გვარი გაგრძელებულიყო დარეჯანის შტოთი, მაგრამ დარეჯანი მაინც გაუთხოვარი დარჩა. რუსი მკვლევარი ს. დიანინი ამ ფაქტს იმ გარემოებით ხსნის, რომ პეტრე I თვით თავისთავს თვლიდა ქართლის სამეფო ტახტის პირდაპირ მემკვიდრედ და მას არ სურდა სამეფო საგვარეულო არჩილის ქალიშვილის მემკვიდრეობით წასულიყო.

——
შამშე მეგრელიძე. ალექსანდრე ბაგრატიონი. წიგნიდან: ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები.გამომცემლობა მეცნიერება, თბ. 1979






























