მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
თამაზ ბუთხუზი : . . ის, რომ დამნაშავეთა ჯგუფი კვლავ არსებობს და ერი ტრაგედიამდე მიჰყავს, ამ იდეოლოგების დამსახურებაა.
ჩვენ იმ აზრისაგან შორს ვართ, რომ მათ თვალები აგვიხვიეს და ვეღარაფერს ვხედავთ. არა, მათ უფრო დამღუპველი შედეგის მიღწევა მოახერხეს:
ჩვენში ჩანერგეს ნიჰილიზმი, იმისი რწმენა, რომ ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, რაც გინდა გააკეთე, ილაპარაკე, წერე და იკითხე, წინააღმდეგობას მაინც აზრი არა აქვს. გვითიშავენ სინათლეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჩვენც მორჩილად ვიძინებთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იმ მკრთალი იმედით, რომ ალბათ, ოდესმე ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. რას იზამ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი იმედი რაც უფრო ადრე მოკვდება, მით უკეთესია, რადგან სწორედ მისი გაქრობაა უდიდესი სტიმული ადამიანში იმ უძლიერესი პოტენციალის ამუშავებისა, რასაც ნებისყოფა, თვითგადარჩენის მექანიზმი ჰქვია.
ცხოვრება აქტიურ მოქმედებას ითხოვს. უმოქმედობა სიკვდილია. უგუნური ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიკური უსუსურობა, რომელიც გარს გვაკრავს, ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ქაოსმა. ვერ ხვდება, რომ ის თავისნაირ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის იმყოფება.
ამრიგად, ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე, ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან. თუ ინდივიდმა ამ ძარცვის ორგიაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა, მას უჩნდება აზრი, რომ ის უხეიროა, რომ არაფერი შეუძლია. ეს აზრი არაცნობიერში დაბეჯითებით, მეთოდურად მყარდება.
არაცნობიერში ჩნდება ფრაზა:
“ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს.”
































