ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარულის ამბავი
ანნა კა : “შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია… მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე… რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს…” – სწერს ტერენტი გრანელი თავის “უცნაურ” სიყვარულს – თამარ ჯაფარიძეს….
ყოველდღიური ცხოვრების წესით გრანელი ძალიან ჰგავდა ნიკო ფიროსმანს – ტერენტიც მასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა. კიბეს ერთი ფარღალალა შეჭედილი ფიცრული კარი ჰქონდა, კარს მიღმა კი ერთი ჭრიალა ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ერთი ნავთის ლამფა იყო. არანაირი გათბობა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა…
ტერენტი გრანელი წალენჯიხიდან ერთი აბგით ჩამოვიდა. თან ჰქონდა გულისხმიერი მეზობლის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის – იაკობ შანავას სარეკომენდაციო წერილი ზაქარია ჭიჭინაძისა და იოსებ იმედაშვილისადმი. მათ შეიფარეს პოეტი და ლექსების დაბეჭდვის საქმეშიც უშუამდგომლეს. ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი “კვირკველია”, მეორე ვერსიით კი – “კვირკვაიაა”. თბილისში ჩამოსვლისთანავე პოეტი ფსევდონიმად “გრანელს” ირჩევს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ალბათ ყველაზე სწორი ვერსია სიტყვის ლათინური წარმოშობით აიხსნება. “გრანუმ” ლათინურად, “მარცვალს” ნიშნავს. პოეტი ხშირად ამბობდა: “მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ”…
ტერენტი გრანელს თავისი შემოქმედებითი სრულყოფილების ზენიტში ყოფნისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.
განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში და უამრავ წერილს იღებდა. ერთ-ერთი, კიევიდან ახალგაზრდა ქალმა გამოუგზავნა. ეს იყო თამარ ჯაფარიძე – იმ დროისათვის კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე. წერილის მიხედვით, გრანელის ლექსების კითხვა მისთვის “ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ” ქცეულიყო. ამბობდა, რომ თბილისში ყოფნისას საიდუმლოდ უყვარდა პოეტი და ბევრი მისი ლექსი ზეპირად იცოდა. ტერენტი ამ წერილით გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა. მისი მეგობარი წერს, – რადგან ის ამ ქალს არ იცნობდა, საკითხს ფრთხილად ეკიდებოდა, თუმცა საპასუხო წერილი მისწერა და ამის შემდეგ მათი მიმოწერა რეგულარული გახდა. მეგობრები ამჩნევდნენ, რომ პოეტი სხვაგვარი გახდა, სიხარულისა და ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა. საერთოდ, ძალიან დაუდევარი, მოუვლელი იყო, ზოგჯერ ზამთარში თეთრი ტილოს ტანსაცმელი ეცვა; იმ პერიოდში კი ამ მხრივაც გამოიცვალა – ყოველთვის სევდიანსა და მისტიკურს, თვალებშიც სიხარულის სხივი ჩაუდგა. გარშემო მყოფებისთვის საგრძნობი იყო, რომ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა. პოეტმა ერთადერთს – გენო ქელბაქიანს გაანდო თავისი საიდუმლო. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლექსი “შენს მოლოდინში”…
შენს მოლოდინში
თ. ჯ — ძეს! *
ჩემი გული უფრო გამალებით
ცემს შენს მოლოდინში!
ტერენტი გრანელი
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წამების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.
ერთ-ერთ წერილთან ერთად, თამარმა ტერენტის საკუთარი ფოტოსურათი გამოუგზავნა. ტერენტიმ ის გენო ქელბაქიანს უჩვენა, რომლის თქმითაც, ქალი იმდენად მომხიბვლელი იყო და ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდა, რომ თავადაც მოინუსხა. ერთხელაც, ტერენტიმ თამარისგან მიიღო წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა: მან ოჯახის მიტოვება და ტერენტისთან თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. პოეტი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ადგილს ვერ პოულობდა… დათქმულ დღეს სადგურზე მისულმა გენომ და ტერენტიმ ხალხისგან დაცლილ ვაგონში მარტოდ დარჩენილი ქალბატონი დაინახეს, გვერდით უზარმაზარი ჩემოდნით. როცა გენოს ტერენტისთვის შეუხედავს, სახეზე ფერი არ ედო თურმე პოეტს… მეგობრები ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ქალს. თამარმა პოეტს ხელი გაუწოდა და მიესალმა, ტერენტიმაც მიუგო: “გამარჯობა”. მერე გენოს მიუბრუნდა და უთხრა: “ჩვენ წავედით, გვეჩქარება!” – და ადგილიდან მოწყდა.
გენო ქელბაქიანი იხსენებს: “მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი”. დაბნეულმა და შეწუხებულმა გენომ ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა, იქიდან მობრუნებულმა კი მეგობარს დაუწყო ძებნა. მოგვიანებით, ქანდაკებასავით თეთრი და მგლოვიარე პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა… პოეტი თითქოს ცოცხლებში აღარ ეწერა… მეგობრის საყვედურის შემდეგ ესღა თქვა: “ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა… სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? ახ, რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი!” ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქალი ან ულამაზო, ან ასაკოვანი იყო. უბრალოდ, ტერენტის ის სხვაგვარი წარმოედგინა, მისი პოეტური წარმოსახვა არ დაემთხვა რეალობას… ეს ქალბატონი კიევში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი სადილად ერთ ქალბატონთან დადიოდა, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა. ერთხელ, ამ ქალის სახლის ფანჯრიდან თამარ ჯაფარიძე დაუნახავს, ფეხზე წამოიჭრა თურმე და სხვა ფანჯრიდან მეორე მხარეს გადახტა. მთელი ცხოვრება თავს არიდებდა თამართან შეხვედრას და არც არასოდეს ახსენებდა. მხოლოდ ამ სტრიქონით “გამოიტირა”:
“და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ,,
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე.
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე”…
https://www.facebook.com/groups/227022769509545/permalink/449549443923542/
































