გაუფასურდა სიტყვა,
რომელიც იყო ღმერთი,
რომელიც იყო პირველ
და იყო ღმრთისა თანა…
გაუფასურდა ჩვენში,
ხოლო ცის აღმართებში
არც ვერცხლის კოცნა ჭრის და
არც მოღალატის დანა.
გაუფასურდა სიტყვა,
რომელიც იყო ღმერთი,
რომელიც იყო პირველ
და იყო ღმრთისა თანა…
მუნჯები ამეტყველდნენ,
ხოლო მზემესიტყვენი,
ვით განწირული ტყვენი,
სიტყვაგამშრალი დგანან.
გაუფასურდა სიტყვა,
რომელიც იყო ღმერთი,
რომელიც იყო პირველ
და იყო ღმრთისა თანა…
სიტყვა,ჯვარცმული ჩვენგან,
ამაღლდა მამის გვერდით,
რაც მოგვცა მომცემელმა,
უკანვე წარიტანა.
გაუფასურდა სიტყვა,
რომელიც იყო ღმერთი,
რომელიც იყო პირველ
და იყო ღმრთისა თანა…
გაუფასურდა ყოფნა,
დაღვრილი სისხლის ტბეთი,
სამშობლო,სიყვარული
და დედის იავნანა.
გაუფასურდა სიტყვა,
რომელიც იყო ღმერთი,
რომელიც იყო პირველ
და იყო ღმრთისა თანა…
გაუფასურდა სიტყვა,
დღემდე რომელსაც ვწერდი…
დგას უდროობის დრო და
დაუნდობლობის ხანა.
ვახტანგ ღლონტი
1994 წელი
































