არაპროფესიონალიზმია ქვეყნის მთავარი პრობლემა.
იმ სფეროზე ვიტყვი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ვიმუშავე – მუზეოლოგიას ვგულისხმობ. მუზეუმში 1997 წელს მიმიღეს, ლაბორანტობით დავიწყე და მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობით დავამთავრე. სულმნათ ლევან ჭილაშვილს მოვესწარი და ეთნოგაფიული მუზეუმის ამაგდარ თანამშრომელთაგან ვისწავლე სამუზეუმო საქმის ანი და ბანი…
აი, იაა – მუზეუმის მცველი უნდა იყოს კანონმორჩილი – იცავდეს სახელმწიფო კანონს და სამუზეუმო რეგულაციებს – ექსპონატთა აღრიცხვის, დაცვისა და ექსპონირების წესებს.
გარდა ამისა, ასებობს მუზეუმის თანამშრომლის ქცევის კოდექსი – დაუწერელი, მაგრამ სამუზეუმო წრეებში მყოფები ვიცავდით ამ დაუწერელ კოდექსს.
სრული შოკი მივიღე, როდესაც დავინახე, რომ ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა გალერეათა ყოფილი თანამშრომლები ან ახლანდელი მფლობელებიც ამა თუ იმ კერძო გალერეებისა, აღფრთოვანებით შეჰხაროდნენ სამუზეუმო სივრცის დაზიანებასა და დროებით ექსპოზიციაში გამოფენილი ექსპონატის თვითნებურად გატანის ფაქტს. აქაოდა, ეს თავისუფლებააო და ხელოვნება თავისუფალი უნდა იყოსო.
კი, ხელოვანიც და ნებისმიერი ადამიანიც თავისუფალი უნდა იყოს, ოღონდ არა სხვისი თავისუფლების შელახვის ხარჯზე, არა სამუზეუმო რეგულაციების დარღვევის ხარჯზე.
ყველა კულტურულმა ადამიანმა იცის, ადამიანის თავისუფლების იდეა სხვის ინტერესებს არ უნდა ლახავდეს, და აქ არ ვსაუბრობ კონკრეტული მხატვრის ქმედებაზე.
ვსაუბრობ იმ შემაშფოთებელ ვითარებაზე, რომ თურმე, წლების განმავლობაში საქართველოს უმთავრეს მუზეუმში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ პერსონები, რომელთათვისაც სამუზეუმო სივრცეში განთავსებული ექსპონატის (თუნდაც დროებით ექსპოზიციაში გამოფენილისა) თვითნებური გატანა სამუზეუმო ექსპოზიციიდან, კანონდარღვევად არ აღიქმება, რომელთაც მუზეუმის კედლის დაზიანება კარგი საქმე ჰგონიათ და შეჰხარიან ასეთ ფაქტებს…
ვაი, რომ ამგვარ მმართველთა და კურატორთა ხელში ყოფილა ჩვენი ეროვნული საუნჯე ამდენი წელი… უკვე გასაგებია, რა ნიშნითაც დაწინაურებულან ისინი.
სრულ დაქცევას ალბათ იმ წესიერ და პროფესიონალ მუზეოლოგთა დამსახურებით გადავურჩით, რომლებიც დაქვეითებულნი, ასისტენტის ასისტენტებად გაფორმებულნი, ჩუმად და ღირსეულად იცავდნენ ფონდებს. მადლობა მათ.





























