არ მომასვენა და ვერ მოვისვენე. სათქმელი იმდენი მაქვს, მთელი ფებლანდიის ბუკები ვერ დაიტევენ. ამიტომ ვიფიქრე, რაც აქამდე დამიწერია, იქიდან უნდა ამოვარჩიო-მეთქი რამე. გრძელი ტექსტის წამკითხველებიც აღარ ვართ. მაინც ის ამოვიღე არქივიდან, რაც გამარადიულებულ სულისკვნესას ერთ მოთხრობაში ატევს. ვინც წაიკითხავს, წაიკითხოს…
წვიმად ქვიშა მოდიოდა
წყაროსთვალის მაძიებელი აღარსად არავინ იყო.
ეს მანამ ვერ აღმოაჩინეს, ვიდრე ჯერ ერთი წყარო არ დაშრა, მერე მეორე ვენახი არ დარჩა მწყურვალი, ამის მერე მესამე ყანას არ დაუსკდა სიცხისგან პირის კანი და არ დაეხეთქა ბაგეები, ბოლოს მეოთხე ატმების ბაღს არ გაუჭირდა სუნთქვა.
მზესუჭვრიტებმაც მოარიდეს პირისახე მანათობელს. ბალახმა ჯერ პირწმინდად დაკარგა სილორთქოვე და შემდგომ სიმწვანეც – სულ ერთიანად გადახმა ტყისპირას, ჭალაში, ეზოებში, გორაკებისა და მთების ფერდობებზე.
ცაც გახუნდა: არც თავისფერი იყო და აღარც მტრედისფერი. იქნებ მტვერაყენებული ჰაერი აჩენდა ასეთს, ან გამომშრალ-გამოფიტული თვალის მზერა ვერ არჩევდა მეტს – ბუნებას თუ უჭირდა, კაციც ვერ იქნებოდა გალაღებული.
მაცოცხლებელი ნიავ-ჰაერის შეზავებაზე როგორც არასოდეს ეზრუნათ, ასე არც წყალზე – აგერ სამარწყვიას გორაკის ფერდობიდან თავისით არ მორაკრაკებდა ხოზოურის წყარო?!
გაზულუქებულნი, პირდაღებულნი მშობლების სიყვარულსაც, აყვავებული მდელოს სილამაზესაც, ჩიტების ჭიკჭიკსაც, სოფლის მდინარის ძალით დატრიალებული წისქვილის სიკეთესაც, წინაპრების გაშენებულ ვენახში ჩაყრილი ატმისა და განაპირას დარგული ლეღვის სიტკბოსაც ხომ ქარის მოტანილივით ირგებდნენ.
ყანას თუ პირის კანი დაუსკდა სიცხისგან, შეხუცებულ დადაშ ერისაგანს წყურვილი ახრჩობდა. ფილტვები დაჰბერვოდა, სიმწრის ოფლი ასხამდა, მარილიანი ცრემლები ისე მოედინებოდა სივრცეში მომზირალი ფართოდ გახელილი თვალებიდან, რომ არც კი ახამხამებდა, შეკუმშული გული კი არ სცემდა, ფართხალებდა, ძველ ჭრილობებს თავი მოხსნოდა და ახლებთან ერთად სისხლის წვეთებით ტიროდა.
წყაროსთვალის მაძიებელთა უსტაბაშის დადია ერისაგანის შვილიშვილი იყო. პაპის საფლავზე ახლა გადამხმარი ბალახი წელამდე იქნებოდა. შეიძლება ძეძვის თესლიც შემოეყარა ხორშაკს. მით უარესი. იქ ახლა ვერ მივიდოდა.
პაპას პაპურად უყვარდა დადაში. ამიტომ უკვირდა, როცა დადია ეუბნებოდა, შენგან წყაროსთვალის მაძიებელი არ გამოვაო.
წამოზრდილი ბრაზობდა.
როცა პირისახე შეეღინღლა, ფიცხობდა, თავმოყვარეობა ელახებოდა და ცხენს მთელი დღე აჯირითებდა.
ან მამასთან გარბოდა. ხანჯლაობდა და ფარიკაობდა. დადაი ომიდან ხეიბარი დაბრუნდა. ის ავარჯიშებდა-ასწავლიდა. როცა წვრთნით დაღლილი და გახარებული, პაპასთან მიირბენდა, ისევ ესმოდა, შენგან წყაროსთვალის მაძიებელი არ გამოვაო.
ხანდახან უცნაური გრძნობით გახედავდა დადუნას, ჩრდილივით რომ სულ თან დასდევდა დადიას. ძმისთვის ერთხელაც არ უკითხავს, რას ეუბნებოდა პაპა წყაროსთვალის მაძიებლობაზე – პასუხის თუ ეშინოდა. შური კი ძმის მიმართ არ ჰქონია. ისე უყვარდა დადუნა, რაც რამ ნუგბარი არ უნდა მიეცა ბებას, ახალუხში გამოიკრავდა, ჯიბეში ჩაიტენიდა, სადმე ჩაფლავდა, წიფლის ფუღუროში გადამალავდა, ძმა რომ გაეხარებინა.
ისიც კიდევ შუაზე გადატეხავდა ჩურჩხელას, ჭადსაც, ტყლაპსა და ტკბილკვერს გადახევდა, დარჩეულ თხილს გამოუწოდებდა, აქეთ შემოთავაზებდა, თვალებაციმციმებული, პირგაბრწყინებული, ძმას შეხარებული. დადაში ამასაც ჯიბეში გააქანებდა.
- * *
ისეთი მტვერი და ბუღი იდგა გზაზე, რომ მის ერთ მხარეს მცხოვრებნი მეორე მხარეს მეზობლის ეზოკარს ვერ ხედავდნენ. იფიქრეს, გაიფანტებაო. პირიქით კი მოხდა. ბუქი და კორიანტელი ზემოთაც მიიწევდა და ეზოებსაც ეპატრონებოდა. შუადღეს ყველას ასე ეგონა, მოსაღამოვდაო.
ჯარმა დილით ჩაიარა და აღმა მიმავალი, ვიდრე გორაკს არ მიეფარა, კიდევ ჩანდა, მერეღა გაუჩინარდა და იმედიც მიეცათ, გვეშველაო, მაგრამ მეორე დილით გაღვიძებულებს რომ ისევ ბუღსა და მტვრად ამდგარ ქვიშაში გახვეული დახვდათ არემარე, ცუდად ენიშნათ.
ერთი გასროლის ხმამაც ისე მჭახე გამოძახილად მოაღწია ამათ ყურებამდის, დილამდე დაუდიოდათ ეს უცნაური ცახცახი ძარღვებში. გარეთ არ გამოსულან, ლოგინად დარჩნენ და ასე ელოდნენ, ვინმე თუ შეიკივლებდა.
დადია ერისაგანის რძალმა დუდუნამ დაბზარა მეორე საღამოს სოფელში ჩამოწოლილი მტვერბუქი კივილით. დაბზარული შეიძრა, ერთხანს მიძინებული გველეშაპის სხეულივით იტორტმანა, მერე გაყუჩდა – გარინდებულს ერისაგანების ჯინაზე ბზარები უკეთესად მოუშუშდებოდა.
გასროლის ხმაზე წყლიანი კოკურა ხელებში შემოფშვნია დადიას. ეზო გადაუვლია, გზას გაჰყოლია. მალე ტყისპირისკენ იზამდა პირს. თუმცა ჯერჯერობით გორაკების კალთებზე უნდა ევლო ერთ ხანს, სერს ამის მერე გადაივლიდა.
იცოდა ვითომცდა სანადიროდ წამოსული დადუნას ამბავი – შაშვს ვერ ესროდა და კურდღელს. უფრო ნადირის დასაფრთხობად გადაიკიდებდა თოფს – იმასაც ვერ გაიმეტებდა.
ფეხი წამოკრა (უფსკრულთან ახლოს მაინც ყოფილიყო!).
ნელ-ნელა გაარჩია (რაღა აქ შეთხელდა ოხერბუღი!).
ზურგში ნატყვიარი ბიჭი ზედ გადაფოფროდა იმავე ტყვიით მოკლულ ნადირს. ჩაჩოქილი ხაფანგიდან თუ ცდილობდა კარგა მოზრდილი დათვის ბელის გამოხსნას. ჯარმა ზურგშექცეულ იარაღიან კაცს სიკვდილი ისე გაუგზავნა ტყვიით, არც დაფიქრებულა – ეს მისი საქმე არ იყო. ამისთანა შემთხვევებში ხომ ყოველთვის ასე იქცეოდა. ჰოდა, გზა განაგრძო.
დადიას კაცებისთვის არ დაუძახნია. შვილიშვილი ზურგზე შეისვა და შინისკენ წამოვიდა. იმისიც მადლიერი იყო, ერთხანს ასე უცნაურად ჩახუტებული რომ იქნებოდა დადუნასთან. მალე ესეც სანატრებელი გაუხდებოდა სვებნელს. გაფიქრებაც არ უნდოდა, რამდენიმე ღამეზე უფრო შავ დღეში რომ ვეღარ ნახავდა და მალულად ვერ გადაუსვამდა ხელს ხან ბეჭზე, ხან თავზე, ხან ზურგზე, ვითომ უნებლიედ შეეხებოდა.
ახლა? ახლა კი… მეტი საშინელება რაღა უნდა დატყდომოდა თავს: უსულო ბადიში შეესვა ზურგზე და ამასაც ბედნიერ განგებულებად თვლიდა წერაკრული!
შაბათს, რომ ასაფლავებდნენ, მტვერბუქი ისევ ისე იდგა: სამ-ოთხ ნაბიჯში ძლივს იცნობდი კაცს. სასაფლაომდე გაიჭიმა გრძელი პროცესია. იმდენი ხალხი შეიყარა, კუბო რომ სასაფლაოს ჭიშკარში შეიტანეს, სატირლად და საჭირისუფლოდ მოსული ბოლო კაცი ის-ის იყო, ერისაგანების ეზოს ჭიშკრიდან გამოვიდა.
მერე ქელეხში ჩურჩულებდნენ, თუ ვინ სად შეამჩნია საპატრულოდ მოსიარულე ჯარისკაცები. ასე გაამჟღავნა ჩურჩულმა სისხლში, ხორცსა და ტვინში ჯარისგან აყენებული ქვიშიანი მტვრის ჩასუნთქვით გამჯდარი შიში.
პატრულის წოწოლიკა ქუდიან ჯარისკაცებს რომ ყველაზე ხშირად ჭებთან და წყაროებთან ხედავდნენ, გაუფანტავ ბუღს დააბრალეს, ყელს რომ აშრობდა და თვალებს რომ წვავდა. მაგრამ ჭაში ჩაშვებული ვედრო სანახევროდაც რომ არ აივსო და წყაროსთან კოკის ავსებასაც ორჯერ თუ სამჯერ მეტი მოლოდინი და მოთმინება რომ დასჭირდა, ხან ერთი მივიდა დადია ერისაგანთან და ხან მეორე – ვეღარ მოერიდნენ, მგლოვიარეაო.
დადიას გული ჰქონდა მოკლული და გულის პერანგი – გაქვავებული, თორემ ჭკუა და თვალი უწინდელზე მეტად უჭრიდა. იმთავითვე ღვთის წყრომად და გაცხადებულ სასჯელად აღიქვა ჯარის შემოსვლა, მაგრამ ცოტა ვინმე დაეთანხმა. უთხრა ბერიკაცმა, უბედურება უბედურებაზე რომ დაგვემართება, მერე ხომ თქვენც მიხვდებითო.
პირველი უბედურება დადიას დაატყდა – დადუნა. შერცხვათ კაცებს.
მეორე – დადიას ბიძაშვილს, უდიდიას.
დილაჲ, უდიდია ერისაგანის რძალი, ოთხი თვის ორსული, გორაკების კალთებზე ბაბუაწვერას ყვავილებს აგროვებდა. კიდევ კარგი ამათ მიგნებას მაინც არ უშლის ხელს ეს დაწყევლილი ბუღმტვერაო, ფიქრობდა გულში. თანდათან შეყოლია კრეფას, გორაკზე ასულა ამასობაში და ორ ჯარისკაცს შეფეთებია. კალთისთვის ხელი უშვია ელდისგან, ყვავილები დაუფანტავს ზაფრისგან, გული ამოჯდომია შიშისგან. უკან-უკან წასულა, თან თურმე თვალს არ აშორებდა უცხოტომელებს, რომელთაც თითქოსდა, როგორც ჰყვებოდნენ, არც ეძალადათ, არც ცუდი განზრახვა გამოეხატათ რაიმეთი, რაღაცას დასამშვიდებლად ეუბნებოდნენ კიდეც, მაგრამ შეშინებულ ქალთან რას გახდებოდნენ, თანაც რაღაც გაუგებარ ენაზე მოსაუბრენი? უბედურს ამასობაში ფეხი დასცურებია და დაგორებულა ძირს. ჯარისკაცები ზემოდან უყურებდნენ საცოდავს და თამბაქოთი იწყნარებდნენ წამოშლილ ძარღვებს.
ჯერ კიდევ სუნთქავდა დილაჲ, ერთმა ბავშვიანმა ამსოფლელმა დედაკაცმა რომ იპოვა: ძროხას და ორ თხას მიერეკებოდა სახლისკენ. თქვი რამეო, დილაჲვ, თქვი რამეო, ეხვეწებოდა, ნუგეშად ვეტყვი შენებსო, იმ ბედშავებსო.
დაკრძალვაზე კიდევ მეხივით დურაჯა მისულა, დადიას გარე ბიძაშვილი, ქვრივი დედაკაცი, მოზარე და დამტირებელი:
– გველების შემოფეთებაზე პეპელასავით მონუსხულო, დამფრთხალ შველივით პირქვე დაცემულო-დაშვებულო, დაჭრილ ჩიტივით გორუკას სიმაღლიდან ჩამომინდვრებულო, მის ყვავილ-ბალახ-მიწას ჩახუტებულო-ჩაბღაუჭებულო, მერე ისევ დილის ტოროლასავით ჰაერში აჭრილო, პირმშოსთვის ფრთების გამომსხმელო, ცის ირაოს მასწავლელო, მზისკენ გაფრენილო!… ვინ დაგეწიოს, ადრიან და მალე გულგახელილო, ადრიანვე და მალევე თვალებდახუჭულო, დილაჲვოო გაუთენებელო!…
- * *
აკვნის ფიცრებს მიადგა აბდია დურგალი კიდევ ოთხი საფლავის ჯვრის გამოსაკვეთად. ხელი გაუშეშდა, ჩაიმუხლა, მწარე ფიქრებმა გაიტაცეს და ასე დარჩა ერთ ხანს გაშტერებული. მერე კი წამოდგა და დადიას ეზოსკენ ქნა პირი.
დადიას ეზოში სხვა კაცებიც იდგნენ. რიგს ელოდებოდნენ. ყველა გასაჭირმა მოიყვანა. ქორწილს და ძეობას თუ ვინმე გადაიხდიდა, მორიდებულად, მოკრძალებულად, ვითომ დანაშაულს სჩადიოდა რამეს.
ასე ცხოვრება მეტი აღარ შეიძლებოდა.
დადია ხან აქედან შემოუძახებდა ხალხს, ხან იქიდან, ცეკვათამაშის ცეცხლმინავლებულ და სიმღერაჩახშობილ ქორწილებსა და ძეობებშიც ხომ დადიოდა. ეზო-ეზოც ჩამოუვლიდა თანასოფლელებს სხვადასხვა მიზეზით, ნადსაც არ დააკლდებოდა და რთველსაც, იქით იწვევდა კაცებს ხან ვისთან, ხან ვისთან. სანადიროდაც გამოვიდა ბარე ათჯერ, მასთანაც ხომ კიდევ მოდიოდნენ და მოდიოდნენ!..
მაინც არ იყო ეს საშველი!
გრძნობდა კი არა, ზუსტად იცოდა ეს.
გრძნობით კი იმას გრძნობდა, მის გულში, სულსა და გონებაში რაღაც რომ მწიფდებოდა. რა უნდა ყოფილიყო, ჯერ ამაზე ფიქრს გაურბოდა. ბუღტიალას კი აკვირდებოდა.
ერთი-ორჯერ უთხრა კაცებს, იმოძრავეთ, აქეთ მოდექით, იქით მიდექით, ცოტა გაფანტეთ, ცოტა გაბზარეთ, ცოტა თავი მოაბეზრეთ, ცოტაც გაკვეთეთ, ცოტა დაქანცეთ, ცოტაც კიდევ გათელეთ, თორემ მაგ ჩვენს ამომგდებელს ეგონება, მოგვერია და ეს არისო.
დადიას ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა დათვლილი გზა სასაფლაომდე: მის ჭიშკრამდე, დადუნას ბორცვამდე, საყდრამდე, დასავლეთის კედლამდის, რომელშიც ერთი გასაძრომი იყო დატოვებული უბედური ჭირისუფლისთვის, ვის მკვდარსაც სხვებთან ერთად მიწაში წოლაც არ ეღირსა. ერთ სანთელს იმათაც უნთებდა.
სულის სახსენებელ დღეებს აქ ატარებდა. დილიდან წავიდოდა ჯალაბობასთან ერთად. სოფელი ცოტას ფეხს აითრევდა, მაგრამ დადიას დავენახვებითო, ამ ფიქრით მაინც ამოვიდოდა.
გადამთიელი ჯარისკაცებიც მიეჩვივნენ და სასაფლაოს ჭიშკართან მოსულები ბზარიან ხმაზე ხორხოცობდნენ ხოლმე. დადიამ კაცებს უთხრა, სჯობს, სადაც დგანან, საჭმელი და სასმელი იქ მივუტანოთო. მკვლელების ხორხოცს სხვანაირად ვერ ალაგმავდა.
მერე წვრილად გამოიკითხა ჯარის ამბავი. ჯერ სკოლაში იდგნენ, ახლა კლუბის შენობაც დაიკავეს და ამბარი ტყვია-წამლის საწყობად აქციესო.
ორ დღეში ურემზე დაფენილ ჩალაზე ორი ბოცა ღვინო წამოაწვინა. წინა დღეს რომ პურები დააცხობინა, ისინი აქეთ-იქით შემოულაგა, ხორცეულით სავსე გოდორიც გაჭედა და გზას გაუდგა.
ვიდრე ჯარისკაცები ურემს ცლიდნენ, დადია იჯდა, მოჭუტული თვალებით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს და ზედმიწევნით ითვისებდა, თუ ვინ, რა, სად, როგორ და რატომ.
ერთ კვირში ისევ მოუტანა ხორაგი.
ახლა ურმიდან ჩამოვიდა, ეზოში შევიდა, შენობაშიც. მიმოათვალიერა და უკან გამობრუნდა.
სახლში, ბუხართან, ფიქრებში წასულს საბედამ შეჰბედა, მეუღლემ, ნურაფერს აუტეხ თავს ოღონდაც და სხვა არაფერი მინდაო.
დადიას არ უპასუხნია.
- * *
ღამე ავარდა ალი სკოლის შენობას. ცეცხლიდან გარეთ გამოვარდნილ შილიფად ჩაცმულ უიარაღო ჯარისკაცებს აქ ტყვია ხვდებოდა. კლუბიდანაც მოირბინეს, იმათაც – შილიფად ჩაცმულებმა, ნახევრად შიშვლებმა, უიარაღოებმა. ვინც თავს უშველა, კლუბისკენ გაიქცა, იარაღს ავიღებთო, მაგრამ ახლა ამ შენობას ავარდა ალი. მერე ტყვია-წამლით სავსე ამბარმა იფეთქა.
სოფელმა რომ მოირბინა, ერთი ჯარისკაცი აღარ დადიოდა, არც სუნთქავდა. კლუბის შენობის წინ იდგა დადია, იარაღასხმული. ხელში თოფი აღარ ეჭირა.
შინ აღარ წასულა. აქვე დარჩა. ელოდებოდა, რომ მოვიდოდნენ და ადგილზე დახვრეტდნენ, თუ ამას აკმარებდნენ. - * *
მტვერკორიანტელი რომ არ ყოფილიყო ჩამოწოლილი, ასე იტყოდნენ, ალიონზე, ჯერ კიდევ ბინდბუნდში გამოიყვანეს დადია ერისაგანი საპყრობილიდან და სასაფლაოს გზას გაუყენესო. მაგრამ ოხერბუღი რას გაგარჩევინებდა. ერთი ხანია, მზე დაუბნელდაო, აღარ ამბობდნენ, მითუმეტეს სიცოცხლესთან გამოსალმებას აღარ ნიშნავდა ამათთვის.
სასაფლაოს კედელთან დახვრიტეს დადია. ასე გადაწყვიტა ცენტრიდან საგანგებოდ წარმოგზავნილმა სამხარეო ინსპექტორ-მაგისტრმა.
პირველი ტყვია რომ შეეხო, შეკრთა, შეინძრა, ტკივილი კი არ უგრძვნია, ისე შეუშვა სხეულმა თავის წიაღში ტყვია. შემდეგ წამოსული ტყვიები – მითუმეტეს. ერთი რამ უხაროდა და ამშვიდებდა, სიკვდილთან შეხვედრასაც უადვილებდა – აქაურობა რომ არ გადაწვეს გადამთიელმა მომხდურებმა და მასთან ერთად ნახევარი სოფლის მაცხოვრებლები არ დახვრიტეს.
დადიას სახლში წასასვენებლად კაცებმა ეტლი მოაყენეს ზედ დადებული აბდია დურგლის ნახელავი შავი კუბოთი. ჯარისკაცები გადაუდგნენ: ასეთია ინსპექტორ-მაგისტრის ბრძანება, პირდაპირ აქედან უნდა დაკრძალოთ, თანაც არ გადადოთ, სამარე უკვე გათხრილიაო.
ნებართვა ითხოვა სოფელმა ოჯახის სახელით, პანაშვიდების თადარიგს დავიჭერთ, ნათესავებს შევატყობინებთ, დავემშვიდობებით გარდაცვლილს, როგორც ჩვენი წესიაო.
ხმაური და დავიდარაბა რომ თავიდან აეცილებინა, ინსპექტორ-მაგისტრმა თანხმობა განუცხადა მასთან მისულებს. აკი არც ის გააპროტესტეს, სამარე რომ კედლის იქით გათხარეს ჯარისკაცებმა, და არც ის, სახლში გადასვენების უფლება რომ არ მისცა ოჯახს. წარმატების ფასი იცოდა და მიზნის მიღწევის ხერხებიც.
დახვრეტიდან საათნახევარში დაიწყო პანაშვიდი სასაფლაოს აღმოსავლეთის კედელთან. კუბო სახელდახელოდ მოწყობილ ქვის ტახტზე დააბრძანეს. ჭირისუფლები კედელთან ჩამწკრივდნენ. ყველანი ფეხზე იდგნენ. შავი არავის ეცვა. არავინ ტიროდა. საბედაც. არავინ გალობდა. ხუცესი საგალობელთა წართქმას უნაცვლებდა ლოცვასა და კმევას. საკმევლის სურნელს პანაშვიდზე მოსული ბოლო კაციც გრძნობდა, ეს-ესაა რომ ჩადგა ხალხის გრძელ რიგში, რომელიც უდიდიას ყანის ბოლოში, თემშარის მხარეს დარგული ცაცხვების ჩრდილში იწყებოდა, ხოლო რაც შეეხება კვამლს, კვამლი იქვე ბუღტიალაში უჩინარდებოდა.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ. გაღმასოფლელებიც, ცისქალაქელებიც, ფარმთიულებიც, ცხრახეველებიც, ქვემოუბნელებიც, კლდექარაფელებიც, შავდაბლობელებიც, არმაზისპირელებიც, სამაგარაკელებიც, თუშმალელებიც, თეთრსავანელებიც… პარასკევს დილით დაწყებული პანაშვიდი შაბათს საღამოსპირზე ძლივს მორჩა. ჭირისუფლები ისევ ფეხზე იდგნენ. მოსულთაგან არავინ მიდიოდა. გეგონებოდა, ერი აიყარა, დაიძრა, აქ აღარ დაედგომება, უნდა გადასახლდესო.
ასწიეს კაცებმა კუბო. ჭიშკარში შეიტანეს. დადუნას ბორცვს გვერდით დაუსვენეს დადიას კუბო. ისევ ერთად იყვნენ. ისევ – უცნაურად. ისევ – გულისგამგმირავად უიღბლოდ. ისევ ვერ ეხებოდნენ ერთმანეთს ერთსისხლი და ერთხორცი პაპა და შვილიშვილი.
აქაც არ ამოუღია ხმა არავის. იდგნენ ასე. ალბათ ამათი გულების ძგერა იყო, ბუღგველეშაპს რაღაც გმინვის მსგავს ხმას რომ გამოაცემინებდა და გადამთიელებამდე ერის ეს დუმილი ყვირილად, გრგვინვად და ქუხილად მიჰქონდა.
სამარე დასავლეთის კედლის იქით გაეთხარათ. ამიერიდან დადიას ჯალაბობასაც კედელში ჩატანებულ ხვრელში მოუხდებოდა გაძრომა სანთლის დასანთებადაც, შესანდობარის სათქმელადაც, სატირლადაც. მანამდე კუბო უნდა გაეძვრინათ. კუბოს ჭირისუფლები მიჰყვებოდნენ, ჭირისუფლებს – მილეთის ხალხი.
მოვლილი არ ეთქმოდა აქაურობას. ვიდრე სამარეში ასვენებდნენ დადიას და მერე მიწას აყრიდნენ, ათასობით ხელმა ეკლის ხეები და ბუჩქები, ძეძვი და ლენცოფა, ნარეკალი და მაყვალი, ღვარძლი და ცუდბალახი გაკაფა და ამოგლიჯა, გაჭრა და გაჩეხა, ათასობით ფეხმა კი გადათელა და გასრისა.
კოხტად შემოტკეპნილ ბორცვს რომ ეამბორენ ჭირისუფლები, ოთხი ჯარისკაცი გამოჩნდა და საფლავის მცველებად დადგა, ვინმეს გამოსათხოვარი სიტყვა რომ არ ეთქვა, თანაც ადგილობრივების ენაზე, ჯვარი არ აღემართა, ან სხვა ამის მსგავსი რამ არ მოემოქმედა.
სამი დღე-ღამე ყარაულობდნენ აქაურობას. ოთხშაბათს დილით რომ გაეღვიძათ, საფლავზე ისეთი უშველებელი ხის ჯვარი დახვდათ აღმართული, მიწაში ისე მკვიდრად ჩასობილი, იფიქრეს, უმჯობესია უფროსობას არაფერი ვუთხრათ, სწრაფად გავეცალოთ აქაურობას, ვითომცდა ჩვენს აქ ყოფნაში არაფერიც არ მომხდარიყოსო.
დადაში ერთიანად გათეთრებულიყო. ამბობდნენ, რომ ვუყურებთ, ასე გვგონია, სოფელში დადია დადის, მკვდრეთით აღმდგარიო.
იქნებ იმიტომ ამბობდნენ ასე, ბუღტიალა რომ ისევ იდგა. თუმცა დრო გასულიყო. ცხოვრებაც შეცვლილიყო.
წყალი უჭირდათ. უჭირდათ კი არა, წყურვილი ახრჩობდა ყველას. წყალი მარტო მომხდურებს ჰქონდათ, ისიც უცნაური გემოსი: ალბათ ჭაობიანი ქვეყნიდან იყვნენ. ადგილობრივებს კი წყალი რომ მიეღოთ, სანაცვლოდ ღვინო უნდა მიეტანათ.
დადაშს პაპა ახსენდებოდა და მისი რცხვენოდა.
წყურვილი ახრჩობდა ერს, თავისუფლების წყურვილი. მის ლოცვაზე პასუხად კი წვიმად ქვიშა მოდიოდა.
დადაშმა არ იცოდა, რით ეშველა.
წყაროსთვალის მაძიებლობა არც უსწავლია და როგორ უნდა შეძლებოდა. ამას დიდი ხანია შეეგუა, რომ წყალს ვერ მისცემდა სოფელს – ხალხს, რომელიც უწყლობასაც შეჩვეოდა, მტვერბუღის გველეშაპის ტირანიასაც, ჭაობის წყლის წვეთების გემოსაც და უკმარისობასაც და კიდევ ათას რამეს.
არც იმის იმედი ჰქონდა დადაშს, რომ აწი მოიფიქრებდა, რა უნდა მოემოქმედა. შეთქმულება წამოეწყო?! იქნებ აჯანყება? ან სულაც ომი?!
ბევრს ხომ ისიც დავიწყებოდა, გადამთიელები ჯარით და სისხლისღვრით რომ მოვიდნენ. დადიას მერე რამდენი უმსგავსოება დააკანონეს. ახლა იმათ ჯარისკაცებში სოფლელებიც ბლომად ერივნენ. ჯერ თამაშ-თამაშ, სულ ვირეშმაკობით შეიტყუეს ყმაწვილები. მერე ამას სამხედრო სამსახური დაარქვეს და სავალდებულოც მალევე გახადეს. ახლა კი?! ახლა სოფლელები ზეიმით აღნიშნავდნენ, შვილს რომ ჯარში გაიწვევდნენ – ქვეყნის გამბახებელ და ერის დამღუპველ ჯარში სამსახური მარტო ჩვეულებრივ ამბად კი არა, ლამის საპატიო საქმედ ქცეულიყო.
ინსპექტორ-მაგისტრის მოხერხებით სოფლელებმა გადამთიელებთან სამსახურიც დაიწყეს ცეცხლფარეშებად, მეეზოვეებად, ხელოსნებად, ქირის მუშებად, მზარეულებად, მებაღეებად, მესაფლავეებად, მშენებლებად, მღებავებად, მეჯინიბეებად.
ჰოდა, ვისთვის უნდა ესროლა ან ვის უნდა შეკვროდა პირობით, ვისთან ერთად ებრძოლა ან ვის შეთქმოდა დადაში?
ამიტომ უკვდებოდა გული.
ამიტომ ეძალებოდა უსასობაც და უხერხემლობაც.
იმ ქვეყნად რომ შეხვდებოდა პაპას, როგორ შეეხედა მისთვის თვალებში?
აბდიას კუბო შეუკვეთა.
უამრავი ხალხი მიაწყდა სასაფლაოს, დადია ერისაგანი უნდა გადმოასვენონო. გადამთიელებმა არაფერი შეიმჩნიეს. სხვა დრო იდგა და სიფრთხილეს ამჯობინებდნენ.
ამდენი წლის მერე თავის გამართულ, ახლა უკვე საგვარეულო ოდაში შემობრუნდა დადია. ამ ჯერზე საკუთარი კერიიდან ადათის დაცვით გამოასვენებდნენ.
კუბო რომ სასაფლაოს ჭიშკარში შეიტანეს შავჩოხოსნებმა, საჭირისუფლოდ მოსული ბოლო კაცი ის-ის იყო, ერისაგანების ეზოს ჭიშკრიდან გამოვიდა.
პირღია სამარეზე გარდიგარდმო ჩუქურთმიანი ფიცარი და ზედ ხმალი, ბარ-თოხი, ნაბადი, ჩოხა და ყაბალახი გადაედოთ.
ახლაც უხმოდ მიაბარეს მიწას.
სასაფლაოს შესასვლელში შეჩერდნენ, პირჯვარი გადაიწერეს და უკან მიიხედეს, გაოცდნენ, ტყუპისცალებივით ჰგავდა ერთმანეთს ორი ბორცვი – დადიასი და დადუნასი.
ჩამოლაგდნენ ერისაგანების ფართო ეზოში. გრძელი სუფრა გაეშალათ საქელეხოდ და სააღაპოდ.
ასეთი რამ წესად არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ აკი არც ასეთი ქელეხი ახსოვდათ – თამადად მიცვალებულის ვაჟი, დადაი დაეყენებინათ.
მშობელი ქვეყნის სადღეგრძელოს რომ ამბობდა ომში დახეიბრებული ვაჟკაცი, ძლიერმა ზენა ქარმა დაჰბერა და კლდექარაფეთის ზეგნიდან წამოღებული ქვიშა უწყლო სოფელს უხვად გადმოაფრქვია.
ღამითაც ამოვარდა ქარი. იქნებ ღრუბელიც ამოჰყარა, მაგრამ ამის დამნახავი ღამის სიბნელეში კი არა, დღისით არავინ იყო ბუღმტვერის გადამკიდე.
წინათ ქარსაც ხომ სხვა ხმა ჰქონდა. ხე აშრიალდებოდა, სარკმელი აზრიალდებოდა, გამოუგდებელი კარი აჭრიალდებოდა. თვითონ ქარიც ჩასტვენდა, ჩაბერავდა, ჩაუკრავდა, ჩაუკივლებდა. ახლა ბუქი და ბუღი გუდავდა ყველა ხმას, ალბათ, ასე უნდოდა, ფანჯრის მინებზე ქარისგან შემოყრილი ქვიშის წკარუნი რომ გაეგო ყველას და ამით მიმხვდარიყო, ქარი ჰქრისო.
დარდი და ფიქრი წამოუშალა დადაშს ქარმა.
გამთენიას ჩათვლიმა. დადია წამოელანდა. დამესიზმრაო, ვერ იტყოდა. ისეთი განცდა ჰქონდა, აგერ ახლა, სინამდვილეში ნახა პაპა, მართლა, ცოცხალი და ძველებურად ომახიანი. ხმა არ ამოუღია, მაგრამ ისე უყურებდა დადაშს, ნათელი იყო, იმედს აძლევდა, რაღაცას პირდებოდა.
ტახტიდან წამოხტა დადაში – რაღა დააძინებდა. სასაფლაოზე წავიდა. დადიას საფლავს გადაემხო. გულ-მუცელი ეწვოდა, საფლავის მიწა კი უამებდა.
მერე კედელში გაძვრა, ტყისპირისკენ წავიდა. ტყეში შევიდა. რა ხანია არ ყოფილა აქ! მას მერე, ჯარმა რომ პირველად გადაიარა სოფელი. რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში, მით უფრო თხელდებოდა ბუღი, იფანტებოდა. უკვე ხეებსაც აღარ ეჯახებოდა. დაღმართი დაიწყო. ფეხს ღრმად დგამდა ჩამოცვენილ ფოთლებში, ხანდახან შუა წვივამდეც. ერთ ადგილს რომ მიაღწია, რცხილებში, ფეხი არ დაცურებია, მიწა გამოეცალა ფეხქვეშ და ღრეში ჩავარდა. წამოდგომა სცადა. ხელებს დაეყრდნო, მაგრამ ფოთლებს შორის ჩაუცურდა და ტალახში ჩაჰყო. წამოხტა. ახლა ფეხები ჩაეფლო ტალახში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და აღმოაჩინა, რომ წყალში იდგა – წყაროსთან მოსულიყო!
რა ექნა? თან არაფერი ჰქონდა ჭურჭლისნაირი. არადა, ცოტა ხომ მაინც უნდა წამოეღო, სახლში ხომ მაინც უნდა მიეტანა. ხანჯალი ამოაძრო ბუდიდან და ქარქაში წყლით აავსო. ტუჩებთან მიიტანა, მოვსვამო. ვერა, ვერ გაბედა. ადგილიდან მოწყდა და გაიქცა, ჰო, ცოტა არ იყოს ბებრულად, მაგრამ მაინც გაიქცა.
მაცოცხლებელი ნიავის მერე შეხუთულობა რომ იგრძნო, იფიქრა, მთლად არ წამხდარა ჩემი საქმეო. ამას ისიც დაემატა, ქარმა რომ ქვიშა შემოაყარა სახეში, მგელივით მზერა ტყორცნა წინ, წარმოსახვით ჰორიზონტს თუ მომავალს. იქნებ ორივეს ერთად.
სასაფლაოს კედელს მიაღწია. გასაძრომის პოვნას დრო დასჭირდა. შიგნით ქარი ნაკლებად უბერავდა, თუმცა მაინც ქვიშას დაეფარა აქაურობა.
ორ ტყუპებივით ბორცვთან დაიჩოქა და წვეთ-წვეთად აპკურა დადიას და დადუნას საფლავებს წყაროს წყალი.
დადაის ნაომარი ქარქაში თითქოს ცრემლებად იღვრებოდა. გული რომ იჯერა და ცრემლი გაუშრა, იმედიანად ამოხედა პატრონს ცალთვალა მეომარივით. დადაში გონს მოეგო, ხანჯალი ბუდეში ჩააგო და სოფლისკენ ჩამავალ დაღმართს დაადგა.
ბუღტიალაში კარგად ვერ გაარჩევდი. თუმცა ვინც კი შემოხვდა, მერე ჰყვებოდა, ხელში ქარქაშში ჩაგებული ხანჯალი ეჭირა, ისე იქნევდა, ვითომ ბრძოლაში ყოფილიყოვო: აქეთ ეძგერებოდა, იქით შეუტევდა! თითქოს ეს ოხერი ჯანღიც ცოტა იფანტებოდა, ცოტა იბზარებოდა, ცოტა იკვეთებოდა, ფეხებით ითელებოდა, უკვე გვარიანად წუხდებოდა, იქანცებოდა კიდეც, თავსაც აბეზრებდა ეს აქაური ლამანჩელი და, ასე ჩანდა, მაგ ჩვენს ამომგდებელს უკვე აღარ ეგონა, მოგერიეთ და ეს არისო.
2005 წლის 18 მარტი – 2018 წლის 23 თებერვალი


























