გამიუცხოვდა მე ყველა ქუჩა
თითქოს, დავმუნჯდი და ვეღარ ვწერ, – სათქმელი არ მაქვს,
თანაც, მომავალს ვეღარა ვჭვრეტ იმედის თვალით,-
უკუნეთია ყველა მხარეს მუდამ ყოველ დღე,
რადგანაც ნათელს ვეღარ ვხედავ ვერც ერთი მხარით.
მხოლოდ წარსული დამრჩა ახლა მე საამაყო,
იმ დროს მივტირი,იმ ეპოქას, იმ მატიანეს…
და ის წარსული მენატრება, როცა სამშობლო,
დიდად ბრწყინავდა -ნიკოფსიდან დარუბანდამდე.
საამაყოა წინაპრების ნაკვალევი, და…
და საარაკო გმირობანი კრწანისის ველზე .
მეამაყება დავითის და თამარის ხანა,
და მუდამ ვფიქრობ ციდა ქვეყნის იმ დიდ წარსულზე.
მართლაც, დავმუნჯდი და ვეღარ ვწერ, – სათქმელიც რა მაქვს?
გამიუცხოვდა ყველა ქუჩა, – გზას ვეღარ ვაგნებ…
ყოველი მხრიდან უცხო სიტყვა ჩამესმის ,მხოლოდ…
ჩემს მშობლიურს კი დიდი ხანია, რომ ვეღარ ვიგებ…
2023.04.03.
ეკა სურამელი





































