მოგილოცავთ კვირაცხოვლობას!
🍇☀️🌸 წმინდა თომა – სიყვარულის, რწმენისა და სასოების მოციქული (თომას კვირის საკითხავი მამა ადამისგან)
არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, “ურწმუნო თომაო”, ნამდვილად არ ვიცი. იმას კი ცხადად ვგრძნობ, როგორ ამტკივდება ყოველ ჯერზე გული.
რა მიუწვდომელია ჩვენთვის თომა მოციქულის თავდადება, ერთგულება და სიყვარული. გახსოვთ, ლაზარეს ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო და იუდეაში წასვლა გადაწყვიტა?
მოწაფეებმა მისი შეჩერება სცადეს: “რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები?” ხოლო თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: “ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”.
თავგანწირვისთვის მზადყოფნის გამომხატველი მსგავსი სიტყვები, ვგონებ, სხვას არავის და არსად უთქვამს.
ამიტომაც, ამის გათვალისწინებით, ჩვენც, მსგავსად და მიბაძვით ქრისტეს საოცარი მოწაფისა – თომა მოციქულისა, მთელი არსებით, ანთებული გულითა და უსამანო სიყვარულით უნდა მივილტვოდეთ, დაუღლელად ვითხოვდეთ, ლოცვად ვიდგეთ და მუხლმოდრეკით ვევედრებოდეთ ზეცას, რათა ღირს-გვყოს, შევხვდეთ უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას!
ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ თომა მოციქულის მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შეხვედრის იმ საოცარ ამბავს.
ცხადია, მოციქულთა შორის უმრწემესთაგანმა ბევრისგან მოისმინა მკვდრეთით აღდგომილ მოძღვართან შეხვედრის ამბავი: ღვთისმშობლისაგან, მარიამ მაგდალინელისგან, სხვა მენელსაცხებლე დედებისგან, პეტრესა და იოანესგან, უფრო გვიან ლუკასა და კლეოპასგანაც, ახლა კი უკვე იესოს მოწაფეთა მთელი, ერთად შეკრებილი დასისგან.
ამ ამბებმა შვების ნაცვლად კიდევ უფრო დაასევდიანა თომა, კიდევ უფრო გაუღრმავა სულის ჭრილობები, მოძღვართან განშორებამ რომ შესძინა, კიდევ უფრო აუღელვა უფლისადმი თავდაუზოგავი სიყვარულით ისედაც გატანჯული, ზღვასავით მშფოთვარე და უნუგეშოდ მფეთქავი გული!
მაგრამ გასაკვირი ისაა, იმას უნდა ჩავუკვირდეთ ღრმად და არსისეულად, რომ ამ წრფელმა და წმინდა გულმა, ერთადერთმა გულმა გონიერმა განჭვრიტა და მერე ჩვენ დაგვისურათხატა უმნშვნელოვანესი რამ: თუ რას აძლევს თითოეულ ადამიანს ქრისტესთან ასეთი შეხვედრა, იმისთანა შეხვედრა, მას რომ მიეცა!
თომას გულს დაჟინებით სურდა მოძღვრის ხილვა! ამიტომაც იგი გულის სიღმეებიდან ამოსული კადნიერებით ითხოვს აღდგომილი ქრისტეს გამოცხადების მოწმობათა მიუხედავად (შესაძლოა – საწინააღმდეგოდაც კი) ამ დიდებულ მაცხოვნებელ შეხვედრას.
თომა მოციქულს მთელი არსებით სწყურია შეეხოს იმ მარადისობას, იმ მყობადს, იმ მერვე დღეს, იმ დროსა და სივრცეს, საიდანაც ეცხადება იესო ამ ქვეყანას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და სადაცაა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ქრისტესთან ურთიერთობა მთელი სისავსით!
ეს ის წყურვილია, მეფსალმუნეს რომ ათქმევინა: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“
ეს წყურვილი აუცილებლად უნდა დაიოკოს მან, ვისაც ეცნაურება იმ წყაროს წყლის გემო, რომელსაც მხოლოდ ქრისტე გვაძლევს.
ეს წყურვილი და ლტოლვა, შეეხოს უფალსა და მის წყლულებს თითებით, გამოწვევაა მოძღვრისა და მესიის მიმართ, ვინც „სიკვდილითა სიკვდილა დათრგუნა“, გამოწვევა, ნასაზრდოები მხურვალე სიყვარულით სავსე წრფელი გულით; აკი ამ გულმა დაბადა მისი თავდაუზოგავი და მსხვერპლად შეწირვისთვის მზადყოფნაზე დაფუძნებული სიყვარული.
თომა მოციქულის ქრისტესთან შეხვედრა ის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ამბავია, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ მხოლოდ ამ გზით – ქრისტესთან ცოცხალი კავშირითაა შესაძლებელი ჩვენი სულების აღდგინება, ჩვენი პიროვნული ბირთვის აღორძინება, ჩვენი ცნობიერების გარდაქმნა წუთისოფლის ამაოებიდან მარადისობის განზომილებაში უკვე აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
თომა მოციქულის შეხვედრა მოძღვართან და მესიასთან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია კაცობრიობის ცხოვრებაში ცოცხალი რწმენის ძიების გზაზე.
შეხვედრა ქრისტესთან!
მაგრამ განა ეს შესაძლებელია ჩვენთვის?
სად?
როგორ?
ეს კითხვები ბევრ ჩვენგანს უჩნდება. არადა ცხოვრებაში რამდენჯერ შევხვედრილვართ ქრისტეს და ეჭვიც არ გაგვჩენია, რომ თურმე ცოცხალი რწმენის უქონლობამ თვალები დაგვიბრმავა და/ან მზერა სულ სხვა მოვლენისკენ, ფენომენისკენ ან ნოუმენისკენ მიგვაპყრობინა.
აკი წმიდა ბარძიმიდან ზიარების მიღება არის სწორედ ყველაზე უშუალო და საკრალური შეხვედრა იესოსთან.
მხოლოდ ქრისტესთან შეხვედრით გაცოცხლებული რწმენა გვათქმევინებს თომა მოციქულის სიტყვებს: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20, 28)




























