მამა ადამი სიტყვაკაზმულ მწერლობაზე
-სიტყვაკაზმული მწერლობა მთელ სამყაროს იტევს! ამიტომაც, უპრიანი იქნებოდა, გველაპარაკა არა მსოფლიო, არამედ სამყაროს ლიტერატურულ პროცესზე!
– ჩვენ სწორედ სამყაროს ლიტერატურული ცხოვრების ნაწილი ვართ და ამ ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ!
– ამის გათავისება აუცილებლად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს მწერლობასა და მის მისიაზე!
– დიახ, ლიტერატურა იტევს მთელ სამყაროს: ხილულსაც და უხილავსაც, ცასაც და მიწასაც, არსებულსაც და არარსებულსაც, ნამდვილსაც და გამოგონილსაც, წარმავალსაც და მარადიულსაც, ცნობიერსაც და არაცნობიერსაც, ძილში განცდილსაც და ღვიძილში გადატანილსაც, ნანატრსაც და მობეზრებულსაც, საომარსაც და სამშვიდობოსაც, ნათელსაც და ბნელსაც, ადამიანურსაც და ანგელოზებრივსაც, ამქვეყნიურსაც და იმქვეყნიურსაც, მიწისქვეშეთსაც და ცისიქითასაც, წუთისოფელსაც და ზესთასოფელსაც, კაცურსაც და ღვთაებრივსაც, დედამიწასაც და კოსმოსსაც, ქვეყნის დასაბამსაც და ქვეყნის აღსასრულსაც!
– ზეცაში ჩაფიქრებული, იქ „მოგონილი“ ლიტერატურა აქ, დედამიწაზე ითხზვება, იწერება, წიგნებად იქცევა, მერე ზევით ადის, ღრუბლების სითეთრეს ასცდება და ზეცასვე უბრუნდება!
– ამიტომაცაა სიტყვაკაზმული მწერლობა კოსმოსური და უნივერსალური, როგორც მთელი ხელოვნება!
– თუმცა მას აქვს ერთი უნიკალური და გამორჩეული მახასიათებელი: იგი აღბეჭდილია ლოგოსის მისტიკურობისა და საკრალურობის თვითმყოფადი, სხვა არაფერს და არავის რომ არ გააჩნია თავის ბუნებაში, იმისთანა აღქმითა და მსახურებით!





























