თუ ჩემი ვნება განიზრახე,
ადი მაჭახლის ხეობაში და ტყის მარწყვები ფეხით გათელე,
მაყვლის ბუჩქზე გაწოლილ გველს ნაყოფი მოპარე,
მდინარისკენ მიმავალ ბილიკზე აკრეფილი კერკეტა თხილი კბილით გატეხე,
საძიძგველში ჩემს მიერ ჩარგულ მინდვრის ყვავილებს სული ამოგლიჯე,
ფუტკრის ბზუილში კარჩხლის გაბზარული ხმის ექო ამოქოლე,
სახლიდან გაღმა გზამდე გაბმულ ძაფებზე ასხმული კენჭები ჩამოკრიფე
და თუ გენებოს,
ქარაფიდან გადაყარე…
თუმცა თვალი ბოლომდე არ გააყოლო,
გადაგიყოლებს!
…და ღმერთმა ნუ ქნას,
შენც ის ღმერთი დაინახო,
ამ ხრამებზე გადაკიდულ ჩემს ბავშვობას რომ მფარველობდა ქვემოდან
და თვალი აგარიდოს…
თუ შენ მართლა ფიქრობ,
რომ ჩემი ვნება შეგიძლია,
მაშინ ჩემი სიყრმის წაქცეული ხეების იმედად ნუ დარჩები,
იმათი ფესვებიც ამოთხარე,
რადგანაც ჩემი
ხელუხლებლობის,
მოუხელთებლობისა
და უვნებლობის შელოცვილი მარცვლები,
სწორედ ამ ფესვებში შეყუჟულ ციცინათლებს აქვთ მიბარებული
და თუ ამ ფესვებს ძირფესვანად არ აღმოფხვრი,
მაშინ სათითაოდ უნდა სდიო მანათობლებს და
სულის შებერვით თუ ვერ,
ტაშის შემოკვრით მაინც ჩააქრო …
თუმცა გაფრთხილებ,
ჩემი ჭინკები,
რომლებიც ზოგჯერ სხვის დაკრულზეც გამოდიან სამალავიდან,
თუ არ ემათე,
ჩემზე უარეს ხათაბალად დაგემართებიან
და მერე ნუ დაიწყებ თავის მართლებას მათგან გათელილი,
ნურც ჩემსკენ გამოიშვერ თითებს…
თუ არ იცოდი,
ამის შემდეგ გეცოდინება
რაოდენ ხელშეუხებელი ვარ
და რაოდენ უტოპიურია,
ყველაფერ ამის გადაულახავად,
ჩემს ვნებაზე ფიქრი…
მზია სალვარიძე


































