ახალი დღე
ახალი ლექსით
ა ნ ა ტ ო რ ი
ანა ოჩიაურს
არმაზ წიკლაურს
მთები, მთები,
მწიფობის მზით დანატორი,
ლურჯი ცა და კლდის ნაშალი
ქვიშანი…
არღუნის პირს
გლოვისფერი
ანატორი,
ვით სიკვდილზე
გამარჯვების ნიშანი.
ტკივილის და სიამაყის
რა წამია,
დაასრულებს ფიქრი
ცაში ხეტიალს…
ეს დამდნარი ძვლები დღესაც გვასწავლიან,
რომ სამშობლო
თვით სიკვდილზე მეტია.
აქ დრო-ჟამიც სიფრთხილით და კრძალვით დადის,
დარდი ჩემი როგორ ამოთავთავდა…
ჩვილის აკვანს დამხობია დედის ლანდი,
რძე გაუშრა, თუ ყრმა უწინ გათავდა.
ის წარსული ყოველ ბიჯზე გვეფეთება
და სულს სხვაგვარ სიმაღლისკენ აქეზებს…
რძე არის, თუ ცხელი ცრემლი ეწვეთება
ჩვილის უკვე გაციებულ ბაგეზე.
ლოდებს შორის ამოსულა მზე სულეთის,
უკვდავება დასდგომია თავდებად…
ანატორით
არ იწყება ხევსურეთი,
არც იწყება და არც ამით თავდება.
ამ მთებს შორის საქართველომ იწარსულა
და მზის შუბით
ბნელეთის ცა ახია…
ყველა კოშკში,
ქორივით რომ ცად წასულა,
მითები და ლეგენდები მარხია.
დიდმა ჭირმა ყველას სულთქმა შეაერთა,
ან ვის უკვირს
დრონი
საავდარონი…
და არღუნი იქცა თურმე მერე ლეთად,
ოღონდ არვის არ სჭიროდა ქარონი.
ერდო-ბანი ჩანდა დაცლილ-
დანავსული,
არც ქალწულნი იმძიმებდნენ ხელს სურით,
ყვავილების საკრეფადაც არ გასულა
სოფლის გარეთ
უმრწემესი ხევსური.
ოდითგანვე
ზეცა აქ სხვა მადლსა ჰფენდა,
სამტროდ მოსულთ
ხანჯლის წვერი ითვლიდა…
აკლდამებში მოკვდავებად შევიდნენ და
უკვდავებად გამოვიდნენ იქიდან.
მზე იყო, თუ მოდიოდა კუპრის წვიმა,
თუ გზად ქარი გადარბოდა კინკილით,
თვით მოვიდნენ,
რომ სიცოცხლეს ეზეიმა
და მღვიმეში გამოკეტეს სიკვდილი.
ღმერთო, ამდენ სასწაულით სული გმინავს
და არღუნი
ყრუ ქვითინით ხმაურობს,_
რომ ქალ-ვაჟმა
აკლდამაში იქორწინა
და მზეს გაჰყვა
ცაში სამოგზაუროდ.
დროის ნამგლით
არც ყოველი იცელება,
ხსოვნა არცროს არ ყოფილა მარტივი…
ქარი კივის, თუ სანათა იცრემლება,
ან აღაზა ზვიადაურს დასტირის.
ღამის ბინდი შატილის მთებს
შავად თალხავს,
ბილიკები_
ვით შეხსნილი ნასკვი…
სიკვდილის წინ
თვალი მაინც დაინახავს
გაღმა სოფლად
მოყვავილე ასკილს.
13 – 14. 12. 2023



























