მანანა ჩიტიშვილის ერთი ლექსის გამო
ვიდრე მ. ჩიტიშვილის ერთ-ერთ შესანიშნავ ლექსზე ვიტყოდეთ ასიოდ სიტყვას, გავიხსენოთ “ანატორის” ტრაგიკული ისტორია და ამ თემაზე შეთხზული რამდენიმე პოეტური ტექსტი, ახალი ქართული პოეზიიდან.
“ანატორი” პირიქითა ხევსურეთის გაუკაცრიელებული სოფლის ტოპონიმია. ნასოფლარი მდებარეობს
მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მიცუსწყლის შესართავთან, სადაც ორი ხეობის გზაჯვარედინია და თავს იყრის ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან და ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები.
აღნიშნულ ადგილას გადის ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარი, სადაც ამჟამად რუს-ჩეჩენთა ჯარი დგას და სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა გასული წლის მიწურულს მ. ღანიშაშვილმა ორი სოციალურ-სამოქალაქო ლექსი. ფრაგმენტი ერთ-ერთი მათგანიდან:
“გამოგვყურებდა გაღმიდან,
ფიჭვნი – რუსების მსახური,
სისხლად სდიოდა ნასოფლარს
ქედზე უღელის ხახუნი.
ბოღმად და სევდად გამომყვა
იქ განცდილი და ნახული…”
ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, კლდეს შეფენილ სოფ. ანატორში ერთ დროს მწვანეთვალება სისვაურები ცხოვრობდნენ და სიცოცხლე დუღდა, მაგრამ XVIII საუკუნეში, რომელიღაც ინფექციამ ე.წ “ჟამმა” იფეთქა, რომელმაც მთელი სოფელი ამოწყვიტა.
შავი ჭირი მე-20 საუკუნემდე მძვინვარებდა მსოფლიოში და ათობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ეს დაავადება საქართველოში სავარაუდოდ მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს გავრცელდა მასობრივად და საუკუნეების მაძილზე 5-6 ჯერ მოედო ქვეყანას. როგორც ჩანს, შავი ჭირი ბაგრატ III-ის დროიდან არსებობდა ლოკალურად და მასზე გარკვეული ცოდნაც დაგროვდა, რაზეც მეტყველებს XI საუკუნის ქართული სამედიცინო ძეგლი – “უსწორო კარაბადინი”, სადაც მოცემულია შავი ჭირის კლინიკური ნიშნები და მასთან ბრძოლის ხალხური მეთოდები. „შავი სიკვდილის“ გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა.
გაურკვეველია, როგორ და საიდან გაჩნდა შავი ჭირი სოფელ ანატორში და იყო თუ არა აღნიშნული ვირუსი, ზოგი მას მონღოლებს უკავშირებს, რომლებიც შემოსევისას შხამიან ისრებს იყენებდნენ, ზოგი სავაჭრო გზას, რომელიც ამ რეგიონზე გადიოდა, ზოგიც თავზე დატეხილ ღვთის რისხვას, ერთ-ერთი ანატორელის მხრიდან ხატის უპატივცემულობის გამო, რაც ნაკლებად დამაჯერებელია.
ხალხური გადმოცემის თანახმად სოფელ ანატორში ჟამიანობა 3 წელიწადს გაგრძელდა, რომელმაც სავარაუდოდ ათასამდე ანატორელი შეიწირა. 300 წლის წინ, მიყრუებულ მთიან სოფელში ვერ იქნებოდა სანიტარული და პროფილაქტიკური საშუალებები, ვერავინ დაიცავდა ჰიგიენის წესებს, შესაბამისად საზარელ ჭირთან ბრძოლა შეუძლებელი გახდებოდა, მით უმეტეს ზაფხულის ცხელ პერიოდში.
ყველას აღაფრთოვანებს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, იმ მეტად კრიტიკულ მომენტში. კარანტინი გამოცხადდა და სოფელი ჩაიკეტა, ყველას აეკრძალა ტერიტორიის დატოვება, რათა მთელ ხევსურეთს არ მოსდებოდა საშიში ვირუსი, თურმე არც არავის უცდია სოფლიდან გაქცევა. ვისაც შავი წყლულები გაუჩნდებოდა სხეულზე, ქალს თუ კაცს, ბავშვსა თუ მოხუცს, ხიდის მეშვეობით გადადიოდა მდინარის გაღმა მდებარე აკლდამების გორაზე და კლდის ფიქალით აშენებულ ყორღანში წვებოდა, ორ ან სამ იარუსიანი ქვის თავისუფალ თაროზე, სადაც გაუსაძლისი სუნი იტრიალებდა. ამჟამად შემორჩენილია 4 მიწისზედა სამაროვანი, რომელსაც XI-XV საუკუნეებში აშენებულად თვლიან. საინტერესოა, განა ერთბაშად რამდენი გვამი უნდა დაეტია იმ სამარხებს, რომლებიც ახლა ადამიანის ჩონჩხის ნაწილებით არის სავსე, ალბათ ზოგი გარეთ წვებოდა და დაუძლურებულს ნადირი ჭამდა. ანდაც სოფლის გაწყვეტის პროცესი უფრო ხანგრძლივად გრძელდებოდა, ვიდრე ეს ორი ან სამი წელია და ისინი სხვა სოფლებიდან იზოლირებულად ცხოვრობდნენ დიდი ხანის განმავლობაში, მათ კეთროვანებივით ყველა გაერიდებოდა.
არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ჭირის გავრცელებამდე, ერთ-ერთი ყმაწვილი სისვაური თუშეთში, დედულეთში ყოფილა და შემთხვევით გადარჩენილა. იღბლიანი ბიჭი ჭინჭარაულებს შატილში წამოუყვანიათ და თავიანთ გვარზე მოუნათლავთ, რომ მათთან ცხოვრების უფლება მისცემოდა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სისვაურთა 8 კომლი ცხოვრობდა შატილში, რომლებიც თურმე სხვაგან გადასახლდნენ და გვარიც აღიდგინეს. ბოლო ანატორელი ხვთისო სისვაური ყოფილა, ის კომუნისტებს ოჯახთან და სხვა შატილივნებთან ერთად გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში გადაუსახლებიათ.
მოკლედ მიმოვიხილოთ ტოპონიმ “ანატორის” ეტიმოლოგია.
მრავალფეროვან კოლხურ მითოლოგიაში ერთ-ერთ ღმერთს ჰქვია ანთარი (ბერძნული antarius – ამაღლებული).
ივანე ჯავახიშვილის აზრით, აღმოსავლეთის მთიანეთში არსებული “ანატორი”, სამეგრელოში პირუტყვის მფარველი “ჟინი ანთარი” და აფხაზეთში ნაყოფიერებისა და შინაური ცხოველების მფარველი ღვთაება “აითარი” ბერძნული ღვთაების – აპატურის ან აპატურიასგან შესაძლოა წარმომდგარიყო და საერთო ფუძის მქონე სიტყვებია.
ნასოფლარის განაპირას, არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორის ჯვარი, აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით
(IX-X სს) მარიამწმიდის ტაძრის ნანგრევები, სადაც წარმართ ანატორელებსა და შატილელებს აქრისტიანებდნენ.
ანატორის ჯვარი ხალხის მშველელი ყოფილა, თემის მოსახლეობის საერთო სალოცავი, რომელსაც გარდა საკუთარი საყმოს მფარველობისა, მიეწერებოდა მონადირეთა და „წმინდა ნადირთა“ (ჯიხვი, არჩვი, შველი, ირემი) დაცვის ფუნქცია.
ანატორის ჯვარის ერთი ნიში ახმეტაში, სოფელ ომალოშია, ხოლო მეორე ნიში, ჩეჩნეთის სოფ. ჯარეგოში, რომელსაც “ოჩი დაალ “ეწოდება, ფაქტია, რომ კავკასიელთა შორის საერთო რელიგიური წარმოდგენები არსებობდა.
ანატორის მსგავსი სამარხები კავკასიის რეგიონში არაერთგანაა. ანატორიდან რამდენიმე კილომეტრში არსებულ სოფ. მიცუშიც(მუცო) მდებარეობს კლდეზე მიშენებული 9 მსგავსი ყორღანი, ანატორიდან 5 კილომეტრში ჯარეგოს გადაღმა, მოსაზღვრე ჩეჩნურ სოფელში 15 აკლდამაა ნაპოვნი, სადაც ძველ დროში ქართული სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა, ასევე ისტორიულ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთისა და სვანეთის მომიჯნავედ, დვალეთში, სადაც XIII საუკუნიდან დასახლდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა, სოფელ დარგავსთან არის ალანური ნეკროპოლი, რომელსაც ეწოდება “მიცვალებულთა ქალაქი”. იგი მოიცავს 99 სხვადასხვა სამარხს, სადაც შავი ჭირისგან გარდაცვლილი ათასობით ადამიანის ძვლები ასვენია. სოფელი დარგავსი ამჟამად რუსეთის შემადგენლობაშია, იქ არსებული ციხე-კოშკების კომპლექსი და კლდოვანი ლანდშაფტი შატილს მოგაგონებთ.
საუკუნეების წინ მომხდარი ანატორის დრამატული ამბავი დიდხანს იყო ტაბუდადებული, მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა საქვეყნოდ ცნობილი და მისტერიულ-საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. ყველა განაცვიფრა ხევსურების, კერძოდ სისვაურების კაცთმოყვარეობამ და ტრაგიკულმა აღსასრულმა. გასაკვირი და საინტერესოა ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ რატომ არაფერი შემოგვინახა ანატორელთა შესახებ, დაუჯერებელია, რომ სახალხო მთქმელებს ლექსები არ დაეწერათ ამ სოფლის მკვიდრებზე, მაგრამ რაღაც მიზეზით ისინი ფოლკლორმა გარიყა, რა საიდუმლოს მალავს ანატორი, რა მოხდა დასამალი და სამარცხვინო მკვდარ სოფელში, რომ გადარჩენილებმა დუმილის რაზა დაიდეს პირზე. არც მეოცე საუკუნის ცნობილ პოეტებს მიუძღვნიათ ანატორელებისადმი ლექსები, ლოგიკურად კი პირიქით უნდა მომხდარიყო. ამ ყველაფრის ახსნა და მიზეზი რელიგიურ-მითოლოგიურ წარმოდგენებში უნდა ვეძებოთ, იმ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც ანატორელები უფლისგან განწირულნი, დაწყევლილნი და დასჯილნი არიან, ხატის შეურაცხყოფის გამო, ღმერთისგან მოძულებულთ კი ხალხიც გარიყავდა. აღნიშნულ თემას თანამედროვე ქართული ლიტერატურა გვერდს ვერ აუვლიდა, განსაკუთრებით პოეზია, ანატორმა ახალ საუკუნის ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც დაიმკვიდრა სათანადო ადგილი, მერაბ შათირიშვილის დაწერილი და 2021 წელს გამოცემული რომანის “ანატორის” სახით.
სანამ ანატორისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ლექსის განხილვაზე გადავალთ, ორიოდ სიტყვა ვთქვათ კეთილხმოვანი და ჭკვიანი რითმის “ანატორი-დანატორი”-ს შესახებ. ამ ორი სარითმო ერთეულის ბგერითი შემადგენლობა თითქმის იდენტურია. დატორვა ცხოველის, კერძოდ, დათვის მიერ ცემას, დაბეგვას გულისხმობს. ანატორი გადატანითი მნიშვნელობით ბედისგან მართლაც დაიტორა და არავინ დაიტირა.
აღნიშნული რითმა ასონანსური რითმის სახით “ანატორს-ტორავდნენ” გვხვდება მიხეილ ღანიშაშვილის ლექსში, რომელიც 1990-იან წლებში დაიწერა:
“ჩამოვიარე ანატორს,
მღვრიედ ღელავდა არღუნი,
ნისლები საზღვრებს ტორავდნენ,
სცვიოდათ ცრემლი ბალღური.”
მეორედ ზმნური ფორმით ფიქსირდება მურღვა არდოტელის(ნიკო ზვიადაური) 2008 წლის გამოქვეყნებულ ლექსში:
“რად გსურს ამ თეთრ ღამეებში,
მთვარის შუქით მტორავდე.
ჩემო სევდის გზა-ბილიკო,
ცრემლო, ანატორამდე.”
აღნიშნული რითმა არის ნინო დარბაისელის 2018 წელს გამოქვეყნებულ ლექსშიც:
“რა ჯანდაბად გამახსენდა
ანატორი,
ანატორი,
შავი ბედის დანატორი!..”
2020 წელს ლელა გაბურის რედაქტორობით გამოიცა ანთოლოგიური ტიპის წიგნი “ხევსურეთი და ხევსურები ქართულ პოეზიაში.”, სადაც ვნახავთ აღნიშნულ რითმას თ. ნაროზაულის ლექსში:
” და დაბრუნდება შეცვლილ იერით,
დათვთა და დევთა დანატორი და
ხევსურეთს, სნეულს სიცარიელით,
აღადგენს ყოფის ანატორიდან!”
2023 წელს კი მანანა ჩიტიშვილმა აითვისა:
“მთები, მთები, მწიფობის მზით დანატორი,
ლურჯი ცა და კლდის ნაშალი ქვიშანი…
არღუნის პირს გლოვისფერი ანატორი,
ვით სიკვდილზე გამარჯვების ნიშანი.”
გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ნომადი ბართაიამ 1982 წელს დაწერა ლექსი “ანატორის აკლდამებთან”, რომელიც რატომღაც 2020 წელს გამოაქვეყნა. ლექსის ხუთი სტროფი დამოუკიდებელია, ბოლო სტროფი მეორდება. მეტრულ-რიტმული სიმწყობრე დარღვეულია, 10-9-8 მარცვლიანი სტრიქონები უსისტემოდ ენაცვლებიან ერთმანეთს. იგრძნობა პოეტის განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერა. ნ. ბართაია აზრის პოეტია, მის ლექსებში ფორმაზე მეტად შინაარსს ეძლევა ხოლმე უპირატესობა. ამ კონკრეტულ პოეტურ ნაწარმოებში პოეტი გაოცებას გამოხატავს ანატორელების ამბის გაგების შემდეგ, უკვირს, თავისი ფეხით როგორ შევიდა მთელი სოფელი ხუთ აკლდამაში, როგორ იხსნეს ეპიდემიისგან საქართველო, წლების შემდეგ როგორ ნახეს აკვანზე გადამხობილი დედის ჩონჩხი, ასევე ჩონჩხი ფანდურით ხელში, პოეტმა პირველად გაიგო ასეთი თვითდამარხვის წესის შესახებ და გაოგნებულია. ლექსის კითხვისას წარმოვიდგენთ შემაძრწუნებელი ამბის დრამატულ ფრაგმენტებს და უსაშველო სევდა გვეუფლება. ნ. ბართაიას ლექსს სრულად შემოგთავაზებთ:
“ეს რა მომიყევით, ბიჭებო,
ეს რა დამატეხეთ მეხი,
თურმე განწირული ავადმყოფი
აქ შედიოდა თავისი ფეხით.
ამდენი ხალხი მომკვდარა,
ერთი ხარჯი არ გაწეულა,
ამხელა სოფელი – ანატორი
ხუთ აკლდამაში ჩატეულა.
ზოგან შემორჩენიათ ძვლებს
აქა-იქ ტყავი და ძონძი,
აკვანზე გადამხობილი
აქ უნახავთ დედის ჩონჩხი.
ჟამიანობის წლები მდგარა,
მთელი ხევსურეთი შეძრულა,
ზოგი ამ აკლდამებში
ფანდურით ხელში შესულა.
არავინ იცის ქვეყნად,
ო, ჩემი როგორ გესმით –
ასეთი თვიდამარხვის
არსებულიყო წესი.
ეს რა მომიყევით, ბიჭებო,
ეს რა დამატეხეთ მეხი,
თურმე განწირული ავადმყოფი
აქ შედიოდა თავისი ფეხით.”
1983 წელს გამოქვეყნდა მიხეილ ჭინჭარაულის(ალექსი ჭინჭარაულის ძმა) 14 სტრიქონიანი ლექსი “სიზმრის ახდენა”, სადაც ანატორია ნახსენები. პოეტი შატილში დაიბადა და 1936-1952 წლებში იქ ცხოვრობდა, საიდანაც კახეთში გადაასახლეს, თუმცა 1982 წელს მშობლიურ სოფელს ოჯახთან ერთად დაუბრუნდა და სიკვდილამდე იქ იცხოვრა. ლექსის სათაური გვანიშნებს, რომ მხატვრულ ტექსტში მოცემული შინაარსში, ოდაბადეში ახალდაბრუნებული პოეტის სიზმრის ახდენაა. ლექსის მხატვრულ ქსოვილში არის საპეიზაჟო ლირიკის შერწყმა ავტორის სათუთ გრძნობებთან, რომელიც ხევსურეთში დაბრუნებით დაეუფლა პოეტს. ანატორის კლდეთაგან ნისლი გაიფანტა და ჭიუხთა თხემები გამოჩდნენო, თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა და ისევ ატკბობს დაცერავებული ბილიკები, ტყემლისა და ასკილის მოსაფერებელი ყვავილები, ლადოს მინაწერებით ავსებული დანაკაწრი სიპი ქვანი, იქვე არღუნი ხმაურით მოსჩქებს და თითქოს ავსულებს აფრთხობს, გაჰყურებს შატილის მთებს და მიღიღინობს, ტირილი უნდება გულაჩუყებულ პოეტს. წავიკითხოთ ლექსი:
“ანატორს ნისლი ასცილდა,
ლამაზად ჩანან წვერები.
ბავშვობა აღარ დამცილდა,
მატკბობს ბილიკებ-ცერები.
ყვავილი ტყემალ-ასკილთა,
მოსახვევ-მოსაფერები…
სიპებს ნაფხაჭნით ავსილთა,
სძლევს ლადოს მინაწერები.
თითქოს ფანტავდეს ავსულთა,
მისჩქეფს არღუნის ჩქერები.
ჩემი სიზმარი ასრულდა
ვნახე შატილის სერები.
ხანდროს ტირილი მამსურდა
მივალ და მივიმღერები”.
2012 წელს გამოცემულ სადებიუტი კრებულში “გზაზე გასვლა”, დაიბეჭდა გიორგი არაბულის პოემა “ანატორი-მკვდართა სოფელი”, ხოლო მისი ცნობილი ლექსი ” ანატორელთა ჩანაწერები” 2017 წელს დაიბეჭდა მის წიგნში – ” გვრინი”. პოეტი წარმოსახვით წერს და ახმოვანებს გარადუვალი სიკვდილის მომლოდინე ანატორელთა სავარაუდო ფიქრებს, რომლებიც აკლდამის მომცრო სარკმლიდან უცქერდნენ გარესამყაროს და მთაგორიან, მშობლიურ ხედებს.
გ. არაბულის მინიმათა ციკლში ალბათ ყველაფერია, რაზეც შეიძლება ეფიქრათ, ედარდათ და ეოცნებათ ყორღანში შესულ ანატორელებს. ამორჩევა მიჭირს, მაგრამ წავიკითხოთ რამდენიმე მათგანი:
*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.
*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.
*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან
და შემობერილ ნიავს
თვალებით ეფერებიან.
*
ჩემი შვილებიც აქ არიან.
მე აღარ ვსუნთქავ,
რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.
*
დედა ტიროდა:
“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”
*
ამ წვრილ სარკმელში
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.
*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.
*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.
*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.
*
ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს.
*
აღარ იტიროთ-
ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.
*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით – სიჩუმე.
*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.
ამათი წაკითხვის შემდეგ, როგორ შეიძლება აღფრთოვანების განცდა არ დაგეუფლოს. ბევრს დღემდე ჰგონია და სჯერა, რომ ეს ნაწერები ანატორელებმა აკლდამის კედლებზე ამოკაწრეს, პოეტმა ამოიწერა და გაავრცელა, რეალურად კი გ. არაბულის ფანტაზიის ნაყოფია, თითქოს მათთან ერთად იყო და მანაც განიცადა ანატორელთა უდიდესი ტრაგედია. გ. არაბულის ლექსის წაკითხვა ტექსტის აღმქმელებს სევდასთან ერთად, ცრემლსაც მოჰგვრის.
2018 წელს “მწერლის გაზეთში” დაიბეჭდ ცნობილი ლიტმცოდნისა და პოეტის ნინო დარბაისელი-სტრონის ლექსი “ანატორი”, რომელიც საინტერესოა პოეტური ოსტატობის თვალსაზრისით, სადაც ჩანს ავტორის ვერსიფიკაციული გაწაფულობა. ამ პოეტურ ნამუშევარში გამოყენებულია პოეტური გამოსახვის ხერხი ანჟამბემანი და აქვს 8-მარცვლიანი ლექსის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა, რომელიც რუსთველური მაღალი შაირის გაყოფით არის მიღებული. ლექსის დასაწყისში არის ბრწყინვალე ალიტერაცია, რომელსაც ქმნის სარითმო სიტყვები: ძელი, ძვალი, ძველი. ასევე ვხვდებით სხვა მშვენიერ რითმებსაც: არეს-არის, და ნადირი-დანატირი, სამკალს მკიდე-გადამკიდე, შერჩა სული-მზე ჩასული. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ლექსის სიუჟეტში პოეტი დრამატულად აღწერს ანატორის აკლდამების და სოფლის მისტიკურ სივრცეს. აინტერესებს, ისევ არის თუ არა აკვანზე დამხობილი დედის ჩონჩხი ყორღანში, რაზეც აქვე შეგვიძლია ვუპასუხოთ, აკლდამები გაძარცვეს და აკვანი და სხვა ძვირფასეულობაც მოიპარეს. ლექსი ისეთი სახეობრივი და ორიგინალურია, რომ უკეთ აღსაქმელად სრულად შემოგთავაზებთ:
“აკლდამები – შორთა შორი,
ძელი,
ძვალი ძველისძველი
და აკვანში – ჩონჩხი ჩვილის
და აკვანზე დამხობილი
ჩონჩხი დედის, ზედ დამკვდარის,
ისევ არის?
ისევ უვლის შორით არეს
ცის ფრინველი და ნადირი?
ისევ ისმის ღამ-ღამობით ხმა, სამარხზე დანატირი?
თუნდა მომხვდურს ხმლით მისდევდე,
შეაჯერო ქვეყნის კიდე,
თუნდა იჯდე საფიხვნოზე
ან მთის ფერდზე სამკალს მკიდე,
თუნდა იყო ჭაუხებში
ხარ-ირემთა გადამკიდე,
თუ დაგრია ჭირმა ხელი,
სოფელს ცოცხლად გაერიდე!
აკლდამისკენ გზა იცოდე,
იყავ, როგორც ქვა და ლოდი,
სიკვდილს მარტო დაელოდე!
რად მომგონდი, ქვავ ნაწყობო,
ქვავ ნაძლებო, ქვავ ნაშალო,
ჯავრი როგორ მოვიშალო,
თუ მთას ჩემი შერჩა სული?
დღეში ორჯერ მზეჩასული,
წამომშლელი წარსულ სენთა
რა ჯანდაბად გამახსენდა
ანატორი,
ანატორი,
შავი ბედის დანატორი!..”
ანატორზე მშვენიერი ლექსები აქვთ დაწერილი: ერეკლე საღლიანს, ეკა ქურხულს, რამაზ გიგაურს, ეკა ტალახაძეს, სალომე გიგაურს, ეკა მაღედანს და ალბათ სხვებსაც.
2023 წელს მანანა ჩიტიშვილმა გამოაქვეყნა ლექსი, სათაურით “ანატორი”, რომელიც 13 სტროფისგან შედგება და 12/11-მარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობით არის დაწერილი, როგორც ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი “მოდიოდა ნინო მთებით”..
ჩემი ფიქრით, ეს არის “ანატორის” თემაზე დაწერილი გამორჩეული და მრავლისმთქმელი ლექსი, საუკეთესო პოეტური მონასმი, რომლის მხატვრულ ქსოვილში განფენილია მძაფრი და დრამატული გრძნობები. ანატორელთა ამბავს შეუძრავს პოეტის მშფოთვარე სული.
არღუნის პირას მდებარე ნასოფლარი- გლოვისფერი ანატორი პოეტისთვის სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია, სიკვდილმა სოფლის მკვიდრნი გაანადგურა, მაგრამ ვერ აჯობა. ჩაჰყურებს ძვლებით სავსე აკლდამას და ტკივილისა და სიამაყის განცდა ერთობლივად ეუფლება ავტორს, მათგან სწავლობს, რომ სამშობლოს გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ადამიანების სიცოცხლე. პოეტი აცნობიერებს, რომ ანატორელებში შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტმა იფეთქა და მათ თავიანი სოფლის ყორღანში სცადეს ვირუსის მოკვლა, ამ ყველაფრის გააზრების ფონზე, ლექსის ავტორს დარდი კიარ გაეზარდა გულში, არამედ ამოუთავთავდა, ასე ორიგინალური ტროპით გამოხატავს კაეშანს და გონების თვალით აკვანზე დამხობილ დედის ჩონჩხზე გადაინაცვლებს, უჩნდება გულისგამსჭვალავი კითხვა, ნეტავ დედის რძის გაშრობამ მოკლა ჩვილი, თუ მანამდე დალია სული, ნეტავ ცრემლის არის ის წვეთი თუ რძის, ბალღის გაყინულ ბაგეზე რომ ეწვეთებაო. პოეტი მითოლოგიურ თქმულებას გამოიხმობს და გვაუწყებს, რომ როდესაც დიდმა ჭირმა სოფელი ამოწყვიტა, არღუნი ლეთად იქცა, მითის მიხედვით ლეთა თავდავიწყების მდინარეა, რომლის წყალს გარდაცვლილთა სულები სვამენ და ყველაფერი ავიწყდებათ. შემდეგ აღწერს გაუკაცრიელებული სოფლის სინამდვილეს, დაცლილ ერდო-ბანს, სადაც ხევსური გოგონები ხელებს არ იმძიმებენ კოკებით და ვაჟები ყვავილების დასაკრეფად აღარ დადიან სოფლის განაპირას.
პოეტს სჯერა, რომ დროის ცელი ანატორელთა ხსოვნას ვერასდროს გააქრობს და
ვაჟა-ფშაველას ისტორიული პოემის, „ბახტრიონის“ მთავარი გმირის, შვიდი ვაჟკაცის აღმზრდელი დედის, სანათას და პოემა „სტუმარ-მასპინძლის“ ღირსეული პერსონაჟი ქალის, აღაზას დარ დედებად მიაჩნია ანატორელი დედები, რომლებიც ალბათ შვილებთან ერთად შევიდნენ სიკვდილის ოთახში.
პოეტური ნაწარმოები მთავრდება გ. არაბულის ლექსის ცნობილი შტრიხით, სადაც მომაკვდავი ანატორელი აკლდამის მომცრო სარკმლიდან გაღმასოფელში მოყვავილე ასკილს დაინახავს, როგორც სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოს.
ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ მ. ჩიტიშვილის შთამბეჭდავი ლექსი.
ა ნ ა ტ ო რ ი
ანა ოჩიაურს
არმაზ წიკლაურს
მთები, მთები,
მწიფობის მზით დანატორი,
ლურჯი ცა და კლდის ნაშალი
ქვიშანი…
არღუნის პირს
გლოვისფერი
ანატორი,
ვით სიკვდილზე
გამარჯვების ნიშანი.
ტკივილის და სიამაყის
რა წამია,
დაასრულებს ფიქრი
ცაში ხეტიალს…
ეს დამდნარი ძვლები დღესაც გვასწავლიან,
რომ სამშობლო
თვით სიკვდილზე მეტია.
აქ დრო-ჟამიც სიფრთხილით და კრძალვით დადის,
დარდი ჩემი როგორ ამოთავთავდა…
ჩვილის აკვანს დამხობია დედის ლანდი,
რძე გაუშრა, თუ ყრმა უწინ გათავდა.
ის წარსული ყოველ ბიჯზე გვეფეთება
და სულს სხვაგვარ სიმაღლისკენ აქეზებს…
რძე არის, თუ ცხელი ცრემლი ეწვეთება
ჩვილის უკვე გაციებულ ბაგეზე.
ლოდებს შორის ამოსულა მზე სულეთის,
უკვდავება დასდგომია თავდებად…
ანატორით
არ იწყება ხევსურეთი,
არც იწყება და არც ამით თავდება.
ამ მთებს შორის საქართველომ იწარსულა
და მზის შუბით
ბნელეთის ცა ახია…
ყველა კოშკში,
ქორივით რომ ცად წასულა,
მითები და ლეგენდები მარხია.
დიდმა ჭირმა ყველას სულთქმა შეაერთა,
ან ვის უკვირს
დრონი
საავდარონი…
და არღუნი იქცა თურმე მერე ლეთად,
ოღონდ არვის არ სჭიროდა ქარონი.
ერდო-ბანი ჩანდა დაცლილ-
დანავსული,
არც ქალწულნი იმძიმებდნენ ხელს სურით,
ყვავილების საკრეფადაც არ გასულა
სოფლის გარეთ
უმრწემესი ხევსური.
ოდითგანვე
ზეცა აქ სხვა მადლსა ჰფენდა,
სამტროდ მოსულთ
ხანჯლის წვერი ითვლიდა…
აკლდამებში მოკვდავებად შევიდნენ და
უკვდავებად გამოვიდნენ იქიდან.
მზე იყო, თუ მოდიოდა კუპრის წვიმა,
თუ გზად ქარი გადარბოდა კინკილით,
თვით მოვიდნენ,
რომ სიცოცხლეს ეზეიმა
და მღვიმეში გამოკეტეს სიკვდილი.
ღმერთო, ამდენ სასწაულით სული გმინავს
და არღუნი
ყრუ ქვითინით ხმაურობს,_
რომ ქალ-ვაჟმა
აკლდამაში იქორწინა
და მზეს გაჰყვა
ცაში სამოგზაუროდ.
დროის ნამგლით
არც ყოველი იცელება,
ხსოვნა არცროს არ ყოფილა მარტივი…
ქარი კივის, თუ სანათა იცრემლება,
ან აღაზა ზვიადაურს დასტირის.
ღამის ბინდი შატილის მთებს
შავად თალხავს,
ბილიკები_
ვით შეხსნილი ნასკვი…
სიკვდილის წინ
თვალი მაინც დაინახავს
გაღმა სოფლად
მოყვავილე ასკილს.
მ. ჩიტიშვილი
































