
საფესახო მილოცვა
Irina Bibileishvili
აჰა, მოაწია ჟამმა ებრაელთა დახსნისა მიცრაიმიდან და ჩვენ კვლავ უნდა გავიხსენოთ, თუ რა გზით გვატარა მაღალმა გამჩენმა. ისევ უნდა ვუამბოთ შვილებს ფესახის ღამეს ვინ ვართ და რა სასწაულებრივია გზა ეგვიპრიტად ერეც ისრაელამდე.
3336 წლის წინ გამოვიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და 40 წელი უდაბნოში ხეტიალის შემდეგ დაემკვიდრა აღთქმულ მიწაზე. მიცრაიმიდან გამოსვლის ჟამიდან მოყოლებული 480 წლის შემდეგ აშენდა პირველი ბეით ჰა’მიკდაში შელომო ჰა’მელეხის ხელით – ასეთი იყო ნება ჰა’კადოშ ბარუხუსი. 410 წელი იარსება ტაძარმა, შემდეგ გაოხრდა იგი და 70 წელი აღარ აღმდგარა. შვიდი ათეული წელი იყვნენ ბაბილონში ისრაელისშვილები. შემდეგ ქორეშის მიერ კვლავ აღშენდა მეორე ტაძარი. 420 წელი იდგა იგი, ვიდრე ისევ გაასწორებდნენ მიწასთან რომაელები. აქედან მოყოლებული 2000 წლის განმავლობაში ჩვენი ერი გაფანტულია მთელს მსოფლიოში. და კვლავ ჩამოკრა ებრაელთა თავისუფლების ზარებს გამჩენმა 5708 წელს ყოლმის დაარსებიდან, რომელიც არის 1948 წელი თანამედროვე წელთაღრიცხვით – ისრაელის სახელმწიფო კვლავ შეიქმნა.
მაგრამ განა დღეს ვართ სრულყოფილად თავისუფალნი? ისრაელი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დღემდე თავისუფლებისთვის იბრძვის, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლება არც დღეს გვაქვს ჩვენ. კი, გვაქვს ქვეყანა, რომელიც უდიდესი შრომის ფასად ავაშენეთ – ფინანსურად გავაძლიერეთ, შევქმენით მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი, უძლიერესი თავდაცვისუნარიანობის მქონე სახელმწიფო, ავაყვავეთ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებში მსოფლის ლიდერები ვართ, მაგრამ… მაგრამ…
შეიძლება არსებობდეს კარგი სახელმწიფოებრივი მოწყობის ქვეყანა, მაგრამ უამრავი მიზეზის გამო იგი არ იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი. როდის დაგვიხსნის ბოლომდე გამჩენი? როდესაც მაშიახი მობრძანდება და ჩვენ ამაზე ათასწლეულების განმავლობაში ვლოცულობთ.
როდესაც გამოვედით ეგვიპტიდან ისრაელისშვილებმა დაუმღერეს უფალს ზღვასთან. ვამბობთ „აზ იაშირში“ ასეთ სიტყვებს: თევიემო ვეთიტაყემო ბეჰარ ნახალათეხა …
ანუ, მიიყვანე ისინი და დარგე ისინი შინა მთასა დამკვიდრებულსა შენსა…
საინტერესოა, რომ მოშე ისრაელისშვილებთან ერთად ლოცულობს მესამე პირში – ”მიიყვანე ისინი“, „დარგე ისინი“. რატომ არ წერია პირველ პირში – „მიგვიყვანე“, „დაგვრგე“?…
იწინასწარმეტყველეს ჩვენმა მამებმა, რომ მათი გამოსვლა ეგვიპტიდან ეს იყო დახსნის დასაწყისი და დახსნა არ დამთავრდებოდა ამით. კიდევ მრავალი წელი გავიდოდა და ისრაელისშვილი კიდევ დაბრუნდებოდა გალუთში. მხოლოდ მერე, როდესაც გამოვლენო გალუთიდან, მერე მიიყვანეო და დარგე შინა მთასა დამკვიდრებულსაო შენსა. ამას წინასწარმეტყველებდნენ ისინი. აი, როდესაც აშენდება მესამე ბაითი აქ აღსრულდება მათი წინასწარმეტყველება.
როგორც წერს მოშე რაბენუ იქვე სიმღერაში: მიკედაშ ადონაი ქონენუ იადეხა. ანუ, მიკდაში უფლის, ტაძარი უფლის, რომელიც შექმნა ხელებმა შენმა გვანახე.
სად არის ღმერთის შექმნილი ტაძარი? პირველი ააშენა შელომო ჰა’მელეხმა, მეორე – ქორეშმა, ხოლო გამჩენის ხელქმნილი მესამე ტაძარი მზად არის და როდესაც ის ჩამოვა, მაშინ აღსრულდება ყოველი სიტყვა, რომელიც ბრძანეს წინასწარმეტყველთ.
იქვე აგრძელებს მოშე სიმღერაში, ვკითხულობთ ბოლო სიტყვებს: ადონაი იმლოხ ლე ყოლამ ვაყედ.
ანუ, უფალი იმეფებს მუდმივად უკუნისამდე.
ყველას გილოცავთ ფესახის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაგლოცოთ მაღალმა გამჩენმა, მოგცეთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ხვავი და ბარაქა, მალე გვანახოს გამჩენმა დახსნა 133 მძევლისა, რომლებიც დღემდე ტყვედ ყავთ ტერორისტებს და დახსნა ერისა მისისა მუდმივად და უკუნისამდე!
იაკობ გაგულაშვილი
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი
იერუშალაიმია და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლე
ფესახი 5784 წელი
მილოცვა გამოქვეყნდა გაზეთში “მენორა” #4 2024




























