,,სვანური – ენა, რომელშიც საგინებელი სიტყვა არ არსებობს…
როგორ შეიძლება გოროზი, წმინდა მთების შემხედვარე, ენა მოგიბრუნდეს საგინებლად? – სვანეთის ულამაზესმა, მაგრამ მკაცრმა და მიუდგომელმა ბუნებამ არ დაუტოვა ადგილი გინებას – “განბასრება”, “შეურაცხყოფა”, „უპატივო ყოფა“, „უპატიოება“, “ლანძღვა”, “წაბილწვა” (ძველი ქართული ენის ლექსიკონი) .
ამასთან დაკავშირებით აკადემიკოს შერმადინ ონიანის შვილიშვილი, ნიკოლოზ გაზდელიანი იხსენებს:
“ლეგენდარულმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკაკი შანიძემ ჩემს აკადემიკოს ბაბუას, შერმადინ ონიანს ნახევრად ხუმრობით უთხრა – „ჩემი ნება რომ იყოს, სვანურ ენას მსოფლიო ენად გამოვაცხადებდი, რადგან სვანურში ერთ ბილწ სიტყვასაც ვერ შევხვდებითო”.
შანიძე არ ცდებოდა, სვანურ ენაში გინება, როგორც ასეთი, მართლაც არ არსებობს .
ნათქვამია, სიტყვა აზრების სამოსელიაო, ხოლო აზრები, ადამიანის შინაგან ბუნებას გამოხატავს და მის პიროვნულ რაობაზე მეტყველებს. ამასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველი ბრძანებდა: “კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”.
ენას არა მეცნიერები და მწერლები, არამედ ხალხი ქმნის და ენაში ამ ხალხის აზროვნება და ზნეობა არის გაცხადებული. ძვირფასია ხალხი, რომელმაც თავის ენაში ბილწსიტყვეობა არ შეიტანა და ეს ენა საგინებელი სიტყვის გარეშე შეინარჩუნა.”





























