ახალი_ლექსი
ბზობა

მზია სალვარიძე
გავცქერი ზოგიერთ ადამიანს ალმაცერად
და ვხედავ რომ უკვირს,
რატომ არაფერს ვერჩი,
რატომ არაფერს ვახვედრებ,
რატომ არაფერზე ვსაყვედურობ
პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებით… 🙂
ეხ, ჩემო ნაყვავილარ-ნანარნო ,
როცა ჩარხი გადატრიალება,
როცა მოთმინების ფიალა აივსება,
როცა ურთიერთობის ძაფებს,
ძირითადად კი ბაგირებს ვგლეჯ,
მერე აჭარელის არ იყოს
,,ღელი ხუხუნია ჩემთინ”
საით მიერეკებით,
ვისთან მასლაათობთ
თუ ვის წისქვილზე ასხამთ წყალს…
რომელი ქუსლის დამჭრელი მე ვარ,
მესამე თვალმა ჩემს მიერ მოკვეთილთა სიარულის
თუ ფორთხვის მანერა რომ აკონტროლოს.
როცა არაფერზე ვბრაზობ,
უთქმელადაც უნდა ხვდებოდეთ
რომ ბრაზი აღარ მახრჩობს
და მთელი სულითა და გულით მზად ვარ
მოგილოცოთ #ბზობა!
მართალია,
ვერც პალმის ტოტებს დაგიფენთ,
ვერც ვირს მოგართმევთ იერუსალიმში შესასვლელად,
ვერც ლეღვის ხეზე ავცოცდები თქვენს დასანახად
და არა იმიტომ,
რომ ამის გაკეთება არ მსურს,
და არა იმიტომ,
რომ ამის გაკეთება არ ძალმიძს,
უბრალოდ თქვენ არა ხართ ქრისტე
და ამ ბზობა დღეს ,
განურჩევლად ყველას მოგიხრიდით ქედსა და მუხლს,
რომ ვიცოდე თქვენი სულის თიხის საჭურჭლე,
თქვენს სულთან ქრისტესას იტევს…




























