ქართულენოვანი მედიის ისტორია-თანამედროვე სახე თურქეთში
Fehmi Uzal Ustiaşvili
ბატონებო და ქალბატონებო,
თურქეთში მცხოვრები ქართველების ეთნიკური თვითშეგნების
შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი სამოქალაქო ცხოვრების ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახლავთ ქართველთა
სათვისტომოების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და
კულტურულ-საქველმოქმედო დაწესებულებების საქმიანობა
ქართული ბეჭდური სიტყვის თურქეთში გავრცელების
თვალსაზრისით.
თურქეთში ქართული ორგანიზაციებისა და მათი ბეჭდური
გამოცემების, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მედია
აქტივობების საკითხი მკვლევართა ყურადღებისა და სპეციალური
შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რადგან მასთან განუყოფლად არის
დაკავშირებული თურქეთში ქართული ეთნიკური ვინაობის დაცვისა
და შენარჩუნების პრობლემატიკა. საწუხაროდ, საქართველოში
არასაკმარისად არის ცნობილი თურქეთის ქართველების
ძალისხმევები ამ კუთხით. არადა, ძალიან ბევრია საამაყო ჩვენს,
თურქეთის ქართველთა ისტორიაში, რომელიც ამავე დროს, რა თქმა
უნდა საქართველოს, ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურული
წარსულის შემადგენელი ნაწილია.
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: 1908 წელს, ოსმალეთის იმპერიის
დედაქალაქ სტამბოლში პირველი ქართული საზოგადოების
დაფუძნება – თუ იმავე წელს სტამბოლის შიშლის უბანში ქართული
სკოლის დაარსება-თავისი ქართული ენის სახელმძღვანელო -“პატარა
ქართული ანბანით”. აქვე უნდა ვახსენოთ სტამბოლის ქართველთა
სავანის – ფერიკოის მონასტრის ბეჭდურ-გამომცემლობითი
მოღვაწეობა. საქართველოში გამომავალ ჟურნალ გაზეთებში
იბეჭდებოდა ცნობები თურქეთის ქართველების შესახებ, იყო
კონტაქტები და მისვლა-მოსვლა სტამბოლსა და ტფილისს შორის.
შესაძლოა საქართველოში მკვლევარ-მეცნიერთა ვიწრო წრემ იცოდეს
ამ საკითხების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, ეს დიდმნიშვნელოვანი
ფაქტები საქართველოში ცნობილი უნდა გახდეს ფართო
ფენებისათვის, შეტანილ იქნეს სახელმძღვანელოებში, როგორც
თურქეთში ქართული დიასპორის ყოფაცხოვრების ამსახველი
დეტალები, და საერთოდაც, ვფიქრობ მოსწავლე ახალგაზრდობასა და
სტუდენტობას საქართველოში უნდა მიეწოდოს მეცნიერულად
შესწავლილი დამტკიცებული ფაქტები თურქეთში ქართველთა
კულტურული ისტორიიდან.
სტამბოლში ქართველთა კულტურული აქტივობები განსაკუთრებით
გაიზარდა 1908 წლიდან, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში
კონსტიტუციური მოდელი იქნა შემოღებული, რამაც ბეჭდურ
სიტყვაზე შეზღუდვები მოხსნა და ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს
გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ეს
აღორძინება მცირე ხნიანი აღმოჩნდა, რადგან პირველი მსოფლიო
ომის ურთულესმა სამხედრო-პოლიტიკურმა ვითარებამ და მის
შედეგად რუსეთის იმპერიის საბჭოთა კავშირად სახელცვლილებამ,
სადაც რუსეთისგან დაპყრობილი საქართველოც მოექცა, ხოლო
ოსმალეთის იმპერიის ადგილზე თურქეთის რესპუბლიკის
წარმოქმნამ, სადაც ფანატიური ნაციონალიზმის პირობებში,
ქართველთა და სხვა ეთნიკურ ჯგუფთა ასიმილაციას ფართო გასაქანი
მიეცა, ძალიან შეაფერხა, თითქმის მოსპო სტამბოლის ქართველობის
კულტურული მოღვაწეობა და გაწყვიტა კავშირები
საქართველოსთან.
1961 წლის კონსტიტუციით, თურქეთის რესპუბლიკა შედარებით
დემოკრატიული განვითარების ფაზაში გადავიდა. გამოცოცხლდა
ქართველთა კულტურულ-საგამომცემლო საქმიანობაც. 1968 წელს,
თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა მოღვაწემ აჰმედ ოზკანმა
(მელაშვილი) გამოსცა თურქულ ენაზე წიგნი “გურჯისტანი”
(საქართველო). ეს იყო პირველი ამ სახის წიგნის გამოცემა თურქეთში,
სადაც დაბეჭდილია საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიის,
კულტურის, თანამედროვეობის შესახებ მასალები. ამ წიგნმა
უდიდესი ინტერესი გამოიწვია ქართველებს შორის და
ნახევარსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, დასაბამი მისცა ქართველთა
გამოღვიძების და ეთნოკულტურული აქტივობების მეორე პერიოდს.
აჰმედ მელაშვილმა, თურქეთიდან შვედეთში საცხოვრებლად
გადასულ შალვა თევზაძესთან ერთად (შანვარ აკინი /საბა ართვინელი)
საფუძველი ჩაუყარა პერიოდული ჟურნალის “ჩვენებურის”
გამოცემას. “ჩვენებურის” პირველი ნომერი გამოვიდა 1977 წელს.
რამდენიმე ნომერი დაიბეჭდა სტოკჰოლმში, შემდომში ჟურნალის
ბეჭდვა თურქეთში გაგრძელდა. ჟურნალი „ჩვენებური“ იმ პერიოდში
გახლდათ თურქეთის ქართველების კულტურული ცენტრი და მისი
მნიშვნელობა ისევე როგორც აჰმედ მელაშვილისა და შალვა
თევზაძისა, თურქეთის ქართველთა ეროვნულ-კულტურული
თვითშეგნების გაღრმავებასა და სრული ასიმილაციისაგან
თავდაცვაში ფასდაუდებელია.
აჰმედ ოზკან მელაშვილის ქალაქ ბურსაში მხეცურმა მკვლელობამ,
1980 წლის სამხედრო გადატრიალებამ და მომდევნო აკრძალვა
შეზღუდვებმა ისევ ჩააჩუმა ქართველთა ხმა, თუმცა ამჯერად მცირე
ხნით. რეჟიმის შერბილებასთან ერთად, 1988 წელს განაახლა
გამოცემა ჟურნალმა “ჩვენებურმა”, მას მოჰყვა კულტურისა და
ხელოვნების ჟურნალი მამული”.
1990-2000 იან წლებში გამომავალი ამ ჟურნალების გამოცემაში დიდი
წვლილი შეიტანეს როგორც მისმა რედაქტორ გამომცემლებმა ოსმან
ნური მერჯანმა და ფაჰრეთთინ ჩილოღლუმ, ასევე რედაქციის
თანამშრომლებმა და თურქეთის ქართველების წრიდან გამოსულმა
ხელოვნებმა, საზოგადო მოთვაწეებმა, სხვადასხვა პროფესიის
ადამიანებმა, რომლებიც აგროვებდნენ თურქეთის ქართველთა
ზეპირსიტყვიერების მასალებს, აღწერდნენ ქართვლთა სოფლებსა და
მათ ეთნოგრაფიულ კულტურულ თავისებურებებს, ქართული
ტექსტებით ეხმაურებოდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ქართველ ავტორთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსტაფა
იაკუტი, ჰაირი ჰაირიოღლუ, ქამილ ოლგუნი, ქევსერ რუჰი, ერდალ
ქუჩუკი, იბერია ოზკანი, დავუთ კაპტანი, ჰასან ჩელიკი, გაფარ
ილმაზი, ალი ალთუნი, ჰუსეინ უიგუნი, ნური ჩელები, რეჯებ
ზენგინი და სხვები.
2008-2010 წლებში ფაჰრეთთინ ჩილოღლუს (ფარნა ბექა ჩილაშვილი)
რედაქტორობით გამომავალ სახელოვნებო/კულტურული ორენოვანი,
ქართულ-თურქულ ჟურნალ “ფიროსმანში”იბეჭდებოდა
პუბლიკაციები საქართველოს ისტორიის, ქართული ენის,
ლიტერატურის, ფოლკლორის, მუსიკალური და სახვითი
ხელოვნების, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების
შესახებ.
თურქეთში დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების
განვითარებისაკენ მიმართული პროცესები დაუკავშირდა თურქეთის
ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მიმართულ პოლიტიკას. ამ გარემომ გარკვეულწილად შეამცირა ასიმილატორული ტენდენციები
და მწვანე შუქი აუნთო ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციულ
ჩამოყალიბებას, მათ მიერ მშობლიური ენისა და კულტურული
თვითმყოფადობის დაცვა შენარჩუნებისათვის გადადგმულ
ნაბიჯებს.
სტამბოლსა და მის გარშემო, შავი ზღვისა და მარმარას რეგიონებში
ოცამდე ქართული სათვისტომო და კულტურული საზოგადოება
მოქმედებს. მათი უმრავლესობა მართავს კულტურულ,
ფოლკლორულ ღონისძიებებს, გახსნილია ქართული ენის
შემსწავლელი კურსები, ტარდება სხვადასხვა რეგიონების
სათვისტომო-საზოგადოებების (დერნეკები) შეხვედრები ქართული
ცეკვა-სიმღერის ფესტივალების სახით, ტარდება ქართული
კულინარიის საღამოები. ეს ღონისძიებები თურქეთის ქართველთა
შეკავშირებასა და სოლიდარული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.
დღეს გვაქვს იზმირიდან საქარიამდე, სტამბოლიდან სინოპამდე
მოფენილი ქართული სათვისტომო-საზოგადოებების აქტივობები. ამ
საზოგადოებათა წევრების რაოდენობა უკვე ათასებს ითვლის და
განვითარებისა და გაზრდის უფრო დიდი პოტენციალის
მატარებელია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება, ორი მეზობელი და
სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოს-თურქეთსა და
საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების
ერთ-ერთი საფუძველიცაა.
კულტურული ურთიერთქმედება ჩვენს ხალხებს შორის თურქეთ-
საქართველოს ურთიერთობებსაც თავის ახლებურ დინამიზმს
შესძენს. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საგულისხმოდ მიგვაჩნია ის
მოვლენა, რასაც თურქეთში ქართული კულტურით დაინტერსების
გაღვივება შეგვიძლია ვუწოდოთ. ამისი ნათელი მაგალითია ისიც,
რომ თურქეთის ქართველების ფესტივალებსა და კულინარულ
საღამოებს სულ უფრო და უფრო მეტი ეთნიკურად არაქართველი
თურქეთის მოქალაქე ესწრება და დიდ სურვილს გამოხატავს
ქართული ენისა და კულტურის უფრო ახლოს გაცნობისათვის. ამ ინტერესის გამომხატველია ასევე თურქეთში დუზჯეს, რიზესა და
ყარსის უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება.
პატივცემულო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ტექნოლოგიებისა და
კომუნიკაციების წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარებად
ეპოქაში. სასიხარულოა, რომ თურქეთის ქართველები არ ჩამორჩნენ
დროს და ამ ვითარებას მარჯვედ იყენებენ ქართული სიტყვის
გავრცელებისათვის, საქართველოსა და ქართული კულტურის
პოპულარიზაციისათვის.
თურქეთის ქართველების მიერ შექმნილია საინფორმაციო,
კულტურულ-შემეცნებითი ინტერნეტ საიტები, მათ შორის
აუცილებლად აღსანიშნავია cheveneburi.net ; gurcu.org ; gdd.org ;
tetripiala.wordpress.com ამას გარდა, მოქმედებს ათეულობით
სათვისტომოს ფეისბუკგვერდები, დიდია თურქეთის ქართველთა
პიროვნული აქტივობებიც სოციალურ ქსელებში.
ჩვენი, თურქეთის ქართველთა სათვისტომოები ფლობენ ყველა
ტექნოლოგიურ და კომუნიკაციურ საშუალებას, რომ მათი
აქტოვობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ
საზოგადოებას, ჩვენი ასოციაციის წევრებს ასევე შექმნილი აქვთ სოციალური
ქსელების ჯგუფები, სადაც უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ
თვალსაზრისს თურქეთში ქართული კულტურის, თვითმყოფადობის
დაცვის საქმეში, დროულად ეხმაურებიან და დიდ ინტერესესს იჩენენ
საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. ახალმა დრომ
მოგვიტანა ეს სიკეთე, რასაც ადრე მოკლებული ვიყავით, რომ
სწრაფად მოვიპოვოთ, გავავრცელოთ ინფორმაცია, გამოვეხმაუროთ
ერთმანეთს, დავგეგმოთ ღონისძიებები.
ქართველებისადმი დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით,
სოციალურ ქსლებშიც შეიმჩნევა მრავალფეროვნება და აზრთა
სხვადასხვაობა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს,
როგორც არასდროს, გვჭირდება თურქეთის ქართველების
გამაერთიანებელი მედია პლატფორმის-ქართული მედია ჯგუფის
შექმნა.
ამ ამოცანიდან გამომდინარე, 2019 წელს დავაფუძნეთ ინტერნეტ
რესურსი – ორენოვანი “ქართული საინფორმაციო სააგენტო “,
თურქულად Gürcü Haber Ajansı. აქ ვაქვეყნებთ მასალებს ქართულ
კულტურაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ვეხმაურებით
საქართველოსა და მის გარშემო არსებულ ვითარებას, ვათავსებთ
ქართველი საოზგადო მოღვაწეების, ხელოვანთა და პუბლიცისტთა
სტატიებს, შეფასებებს.

Vladimer Konstantinidi – Sagareo sakmeta ministrus moadgile
www. gurcuhaber.com ყოველდღიურად მოქმედებს საინფორმაციო
სააგენტოს რეჟიმში. ჩვენი პოზიცია გამაერთიანებელია, ჩვენ გვინდა
თურქეთის ქართველების ხმის და პოზიციის ამსახველ მაუწყებლად
ვიქცეთ. ვფიქრობთ, ამ გზაზე ტექნიკური და მატერიალური
წინაღობების გადალახვისას ძალას შეგვმატებს ის ფაქტი, რომ ჩვენი
გამომწერები არიან არა მარტო თურქეთიდან და საქართველოდან,
არამედ გვყავს მიმდევრები და მხარდამჭერები ევროპიდან და
ამერიკიდანაც.
ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მიღწეული დონე. რა თქმა უნდა,
შეგნებული გვაქვს, რომ ეს არ არის საკმარისი. მეტის გაკეთებაა
საჭირო. განვიცდით პროფესიონალი ჟურნალისტების,
პუბლიცისტების, ტექნიკური პერსონალის საჭიროებას, რაც თავის
მხრივ მატერიალურ და ფინანსურ მოთხოვნილებებთან არის
დაკავშირებული. სიძნელეების მიუხედავად, ვფიქრობთ გვაქვს
პოტენციალი უფრო განვვითარდეთ, ვგეგმავთ სატელევიზიო
ინტერნეტ მაუწყებლობის ამოქმედებას.
ბატონებო და ქალბატონებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ
ყურადღებისათვის და ნება მიბოძეთ გამოვთქვა ღრმა რწმენა, რომ
თურქეთის ქართველობა, მისი საქმიანობა, საკუთარი კულტურული
და ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ასევე
გახდება საქართველოს საზოგადოების, ყოველი პატრიოტი
მოქალაქის საქმეც.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი.
სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრი.
„ქართული საინფორმაციო სააგენტო თურქეთში’’ www.gurcuhaber.com






















