გენრიეტა ქუთათელაძე
ციკლიდან: მოგზაურობა წარსულში
ეძღვნება ყველა დროის ყველა მოწამეს
რაჟდენ პირველმოწამე:
შენ რომ გიწამე უფალო ჩემო,
ძალა მომეცა მართლა ღვთიური,
ეს მერამდენედ მგვემეს უწყალოდ,
ვინღა დაითვლის…
ვერ დამაჩოქეს მაინც ვერასგზით,
ვერც წამებით და ვერც მოფერებით,
თუმც მოქნეული როზგის სიმწარე
გულ-სისხლში მივლის…
ზეცით დამადგა ქრისტეს ნათელი,
როს გოლგოთისკენ გზას გამიყენეს,
წრომის მაღლობზე ჯვარი აღმართეს,
წამების გვირგვინს ვიცი, დავიდგამ,
მიახლოვდება სატანის მაცნე,
ჯალათს ლურსმანი ხელში უჭირავს,
მზაკვარ სახეზე უჭიატებს თვალი ქვემძრომის
და საფეთქელთან უთიმთიმებს მოშავო ძარღვი…
დამხსნეს ბორკილი,
მერე ჯვარზე გამაკრეს რიხით,
ნიშანს მიგებენ ავი ხითხითით…
გმინვა ძალუმად ჩავიკალ გულში და გავირინდე,
დროა სიცოცხლეს გამოვეთხოვო.
სიცოცხლეს დავთმობ,
მაგრამ რწმენას კი ვერ შეველევი,
დავრჩები მარად ქრისტეს მხედარი.
და როს ისრებმა წივილ- წივილით
ელვასავით გადამიარეს,
სხეულს გათანგულს
უკანასკნელი ჩამოწყდა წვეთი,
და ბალახს მინდორზე უცვალა ფერი…
აღარ ვინდომე ქვეყნად სიმწვანე რომ შეილახოს,
უნდა დამთავრდეს ეს აგონია…
გტოვებ სიცოცხლევ,
რწმენით და სევდით
მივეახლები ჩემს ციურ მეფეს-უფალს სულისას.
გენრიეტა ქუთათელაძე
/წიგნიდან: გენრიეტა ქუთათელაძე,”აპრილის კვირის ცარგვალი”,2001 წ. /.


































