დღე იწურება სტამბოლის თავზე.
მზე დასავლეთისკენ იხრება.
არა, ჰადესის სამეფოში არ მიეჩქარება, ოდესღაც რომ ფიქრობდნენ ბიზანტიონის ამაყი მოქალაქენი.
თავად მზემაც ხომ უნდა დაისვენოს…
ახალი მთვარეც გზას იკაფავს კონსტანტინე დიდის ქალაქყოფილის თავზე, დარაჯად ღამისა: იძინეთ მშვიდად, მოქალაქენო…
სულთანაჰმეტიდან გაისმა მოწოდება საღამოს ლოცვაზე. ფირუზ აღას მეჩეთიდანაც მიაწვდინეს ხმა ლურჯ მეჩეთს…
…დიდ არს უფალი, ალლაჰუ ექბერ…
…მოდი, ლოცვად, ჰაიიე ალე’ს-სალაჰ…
ვიღაც, თავისთვის, თურქულად იმეორებს მუეძინის არაბულ მოძახილს.
…თანრი ულუდურ, თანრი ულუდურ…
…ჰაიდი ნამაზა, ჰაიდი ნამაზა…
შემდეგ, თანდათანობით, ყველა მიზგითიდან მოისმა მუეძინთა ძახილი…
მორწმუნენი დაიძრნენ სამლოცველოებისაკენ.
სხვადასხვა მხრიდან მოდიან.
მოდიან…
მაგრამ, სანამ ღმერთს თავს შეავედრებენ ძილის წინ, ჯერ აბდასთი უნდა აღასრულონ მუსლიმი მამისა და ქრისტიანყოფილი დედის ნაშობი მესამე აჰმედ სულთნის სამლოცველოს ეზოში…
კონსტანტინიეში აშენებულ მის მეჩეთს მექაში მდებარე ალ-ჰარამი უნდა დაეჩრდილა…
უფლისა და მისი მოციქულის, კურთხეულ იყოს სახელი მისი, ხალიფები თურქებია და არა – არაბები. ეს უნდა შეეგნოთ ალ-ჰიჯაზის მწველ უდაბნოში აქლემზე ამხედრებულ ბედუინებს…
ოღონდ მაინც ვერ გაიგეს აჰმედ მესამის ეს მინიშნება არაბებმა. ან, იქნებ, გაიგეს და არ დაეთანხმნენ…
…იქვე კაფე სულთანაჰმეტზე.
და მაგიდაზე დევს ფინჯანი ძალიან გემრიელი თურქული ყავისა, ცივი წყლითურთ…
მოსვი ყავა, ლოქუმი ჩაკბიჩე, ცივი წყლით გაამძაფრე გემო ყავისა და ლოქუმისა…
…ეჰ!
აგვისტოს სიცხით გადახურებული თბილისის ზმანებები…
İstanbul / Türkiye 2 Ağu 2022



























