ამო(მ)შალეთ !!!
რომ მცოდნოდა,
ასე ადვილი იქნებოდა წასვლა,
სულაც არ მოვიდოდი.
მოვედი და რა?!
არც მთები დამიძრავს და არც დაძრული შემიკავებია.
ისევ იმ ადგილს ვტკებნი,
საიდანაც სვლა დავიწყე…
ცხოვრებით ტკბობას გემო ვერ ჩავატანე
და მდინარის ნაპირებს დინების მოტანილ ჭოროხებად შევრჩი.
ოხრად დამრჩა ურთიერთობა მრავალთან
და ხინჯად გამეჩხირა გულში.
საკუთარ თავზე ჯავრის საყრელად სულს ის ხიმინჯები გამოვაცალე,
,,სულის ხარაჩოში” რომ ამოვუშენე…
ჭუჭყიანი ფესვებიც დავიფერთხე,
ის ფესვები,
,,რთულ ხე-ში” რომ გამოვამზეურე.
დაუღეჭავად , დაუგემოვნებლად გადავყარე კაბის კალთაში მოგროვებული კევი
და ახლა ისიც კი აღარ ვიცი,
ვარ თუ არა,
ანაც -ვიყავი კი ოდესმე ,,კევის მკრეფავი” ?
,,სისხლის ყივილიდან” ,,ნენიკულამდე” ,,სასელაზე” შევჩერდი და ,,ჯმუხი” შევარიგე სამყაროს…
,,საკუთარ ჭაში ჩავარდნილმა” ,,სიზმრის დამჭერის ” წერა-კეთების შემდეგ
კვეთებულის ლოცვა დავიწყე და
და ჩემს წარმართობასა და ქრისტიანობას შორის კანკელი ამოვიყვანე…
კანკელის წყალობით
,,აჭარელის ჭვირულ სულივით ” გამჭვირვალე გახდა ყველაფერი ;
,,მამაჩემის შვიდი კურცხალის ” წაკითხვის შემდეგ კი,
მტერმა თუ მოყვარემ, ყველამ უკან მოუხედავად მოკურცხლა ჩემგან…
ახლა ,,კლარჯულ ჯარას ” ვჯანდრი აჭარელივით
და მორიგ ,,მზის ბუნიობას” ველოდები –
მინდა ,,მაჭახელას ფუტკაროსავით” წავიღო აქედან მონათვალი
და ჯანდაბას, თუ კი არასდროს დავბრუნდები უკან…
…
მგონი, დღეს მართლაც ,,ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს”…
ამბობენ, დიდი ხანი აღარ გაწვიმდებაო,
ვატყობ, ტყუილად მიჭირავს ცისკენ აწვდილი ემბაზი…
ამ განწყობით,
არც თავიდან განბანვა გამომივა და აღარც ჩახუტება.
იაპონელი არა ვარ,
რომ ჩემს სულს ბზარები ოქროთი ამოვუვსო,
ქართველი ვარ და მჯერა,
რომ გატეხილი შეიძლება გაამრთელო,
მაგრამ ბზარი მაინც ბზარად დარჩება…
ამიტომაც თქვენს სახელზე თითო-თითო ძელს ჩავარჭობ
და ,,პერიპატეტიკოსის პათოსით”
დაგემშვიდობებით.
აწი ჩემს მობრუნებას ვერც ,,ორაკული” შეძლებს
და ვერც ,,წყალში დაძირული ჭალის ეკლესიის” ფრესკების მადლი…
ამიტომაც, დიყებსა და ფარსმანდუკებს შორის ბაბუაწვერებად ამოწვერილ
ჩემს მიმოფანტულ ნაბიჯებს წამოვკრეფ და
გახსნა გადაფიქრებულ ,,ჩადუნასავით” საკუთარ თავში ჩავტრიალდები …
მანამდე კი ყველას,
განურჩევლად ყველას გთხოვთ უმორჩილესად,
თუ კი ვინმეს ჩემი სახელი ბედისწერის წიგნში გეწერათ,
ამო(მ)შალეთ !





























