ბევრი წლის წინ დავწერე ეს ლექსი, სავსე დაუძლეველი მონატრებით. აქ ჩვენი ოჯახის ისტორიაცაა და ჩვენი სულებისაც.

ოთხი ნიჟარა
გაურუჯავებს არ გვეთქმოდა
ჩვენ ზღვის შვილები –
თუმც კი თამამად ვთამაშობდით
ზღვის ტალღებზე გაშენებულ ქუჩაბანდებში,
როგორც სოფლის აივანზე,
ვინ მეტსაო, რომ ვითვლიდით
თვითეულ რიკულს.
მომენატრებით უზღვაობაში
მეჩეჩზე რიყულს,
დაო, ფერიავ,
ჩემო ერთო ძმავ ძმისთვისაო…
ბებამ: – სადა მყავს შვილ–ნაგრამიო,
გასაყოფი ზღვებისთვისაო, –
თან გვაპურებდა.
ჩვენ ფეხებქვეშ მოუსვენრობდნენ
მოუქაფავი მომწვანო ტალღუკები,
დახარბებულნი ქაფშიებივით აფჩენდნენ პირებს –
წყლით ევსებოდათ
და ნირწამხდარნი უკანვე ზღვას უბრუნდებოდნენ.
უდარდელად ვიქნევდით ფეხებს.
ტალღუკები, ალბათ, გულით ბრაზობდნენ ჩვენზე.
დაო, ფერიავ,
ძმავ ძმისთვისაო,
ხომ არ ვყოფილვართ ზღვის შვილები,
არც ალჟირის მცხუნვარე მზის პაპანაქება
ჩაგვხუტებია,
და არც იმის ზღვის მწარე წყალი გვიყლაპია
ბალახში ჩაფლულთ
(ცხოვრებამ მერე მწარე შხამი გვაყლაპა უხვად).
…ხოლო ზვირთებთან, და ზღვის ფსკერთან
ნათესაობის სადღეგრძელოს შესახსენებლად
ოთხი ნიჟარა შემოგვრჩა იღბლად –
როგორც ღარიბი ოჯახიდან
არანაკლებ ღარიბ კაცზე გათხოვილს
დროში ჩაადნება ნამზითევი
და ძველი სკივრის
თაგვებისაგან დახრული ფსკერი
ბადესავით მოიგდებს ხავსს სასოების –
ნივთთ უკანასკნელთ:
სპილოს ძვლის სავარცხელს,
იაფფასიან ჩინურ მარაოს,
სანელსაცხებლე მწვანე კოლოფს
და რიოშთვლიან, ჟანგწაკიდებულ
ცალ საყურეს.
- * *
უდაბნოს მირაჟივით მიცოცხლდება,
რაც არ მინახავს:
იქ, შორეულ პორტში, ალჟირში,
თეთრი გემიდან ჩამოვიდა
ლამაზი მეზღვაური.
იქ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე,
მყვირალა ბაზრობაზე შედგა იღბლიანი გარიგება:
– შენ – საპონი,
მე – ნიჟარა,
შენ – ისევ ჩაყვინთავ,
მე – არ ვიცი, მომიყვანს თუ არა ბედი კიდევ
ამ აფრიკულ სანაპიროსთან;
ჩემ გემს ჯერ არ ჰქვია ქართული სახელი
და არც ჯვრიანი დროშა ფრიალებს გემბანზე
(ეს როდის იქნება!).
ძმავ – ძმისთვისაო!
– სადა მყავსო გასამეტებელი
შვილიშვილებიო, –
ბებამა, – ზღვისთვისაო.
ამითაც ვერ დაგვიცვა:
ცხოვრების ზღვაში
ჩაგვიყოლია
ქართლის ბედმა
ჩვენ სიყრმიდანვე!
არ გვიძებნია ნიჟარები
ლურჯ–მწვანე ზღვის
თვალდახუჭულ ფსკერზე მოარულთ,
არ გვინატრია ეგზოტიკური ბედნიერება.
გვახარებდა პიანინოზე შემოწყობილი ნიჟარები
ნოტების გვერდით.
ისინი ახლაც ქათქათა ბავშვობას, უნახავ ზღვას
და ნამდვილ ბანანებს მოგვაგონებენ,
აფრიკიდან რომ ჩამოგვიტანა მამამ – მეზღვაურმა.
მან მიკარნახა მტკვრის წყლის პირას
ეს გარიგებაც:
– ერთი ნიჟარა შენი იყოს, ძამიკო ჩემო,
ერთსაც იქნებ შენ გაუფრთხილდე, დაო ფერიავ,
ერთს მე წავიღებ –
ბერის უშვილო უბეში მივცემ ბინას
ნიჟარების იდუმალებას და სილამაზეს.
ერთიც, დე, დარჩეს ჩვენს მშობლიურ სახლში,
ხატებთან.
და ჰა!!!
როდესაც ცხოვრების ზღვა ყალყზე შედგება,
ზვირთთა შხეფები და სიცივე შეეხება უტიფრად ზეცას,
და მთვარის დისკო როგორც ეკრანი აირეკლავს
ზღვის ამბოხებას,
ყველა ნიუსი ამ ამბოხზე ილაპარაკებს,
შეშფოთებული კაცობრიობა შეეცდება
თამაშ–თამაშში დამალოს შიში.
მე –
გავირინდები შორს, უდაბნოში
(ოღონდაც არა ალჟირულ საჰარაში!),
შენ –
იქნები სანაპიროს ჩაიხანაში,
შენ –
თოკზე სარეცხს გადმოაფენ
წვიმასა და მიმოზებს შორის
და სამივენი Mare Nostrum–ის და პონტოს ზღვის
ტალღებიდან მობერილი ქარებით გაშლილ იალქნებზე
ამოვიკითხავთ,
რომ დრო მოვიდა აღაპისა!
და პირს ვიზამთ ჩვენი სახლისკენ.
ყურის ნიჟარას ჩავახუტებთ ზღვის ნედლ ნიჟარებს,
რომ ყური ვუგდოთ წარსულ დღეებს, მომავლის ღამეთ
ამბოხებულ ზღვათა აწმყოში.
ჩუმად, ო, ჩუმად!
ნუთუ არ გესმით ჩვენი წვიმის ბავშვობის სევდის,
ერთად ოცნების, სიყვარულის და ზღვის მუსიკა:
ეს ჩვენი სისხლის და გულების ღელვის ისმის ახლა დგაფუნი!
ჩვენი სულების, აზრთ ჭიდილის, დედის წუხილის,
ბორგვის, სიმშვიდის, ავად ყოფნის, მშობლის ალერსის
ფონოგრამა
გვიმეორდება.
ბედნიერების ამ ნიჟარებს ვერვის ვაჩუქებ,
ვერ გავიმეტებ…
თორემ რა–ღა ვქნა, როცა ისევ მომენატრება
თქვენთან ყოფნა,
მუსაიფი და კიდევ – დედა.
- * *
უბუხრო სახლში,
ავეჯნაკლულში,
უფროსების
თავდადებულ
და გადამეტებულ
სიყვარულით,
ცეცხლის გუზგუზით
და ნიგვზიან ნამცხვრის სურნელით
შეზავებული ყრმობის ზღაპარი
რომ გადარჩა ჩანაწერებში
ოთხადოთხ კოხტა ნიჟარაში –
ჩვენი ზღვისფერი დობა–ძმობის
ერთი გულის ოთხ ცხელ საკანში –
მადლობელი ვარ
ხმის რეჟისორის
და ნიჟარების!
მარტი, 2002 წელი






























