**მეფე მოკვდა…მასთან ერთად ჩვენი ბავშვობაც,
რომელსაც სწორედ ჩვენი ბავშვობისდროინდელი
კერპების სიცოცხლე აცოცხლებდა აქამდე…
ერთადერთი მეფეც,ვისაც ცოცხალს შევესწარი –
პელე იყო…დიახ,ერთადერთი და არა ,,ერთერთი,”
როგორც წამოიცდენენ ხოლმე მისი სახელოვანი
კოლეგები,ფეხბურთი რომ სპორტის ჩარჩოებს ვერ
გადააშორეს და თუმცა დიდ ოსტატებად დარჩნენ,
ხელოვნებამდე ვერ აამაღლეს თავიანთი ფეხოვნება!
ჩემი დამოკიდებულება,ამ დარგის სხვა გენიოსთა
მიმართ,პელეს მიმართ მათ დამოკიდებულებაზეა
დამოკიდებული…ახლა ასჯერ მეტად ამაღლდა ჩემს
თვალში ნეიმარი მისი გამოსათხოვარი წერილით
პელეზე,მანამდე მე იგი ერთი განებივრებული და
ჭირვეული ვარსკვლავბიჭუნა მეგონა,რომელსაც
ყველაფერი მისცა ღმერთმა ფეხებში და სხვა და-
ნარჩენი ამ ფეხებზე ეკიდა თითქოს…
ბრაზილიელმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა
ბოლო ხანს უარი თქვეს თავიანთ სათამაშო სტილზე,
იმ ფრთებზე და პოეზიაზე,როცა ის თერთმეტეული
ერთი გამრავლებული თერთმეტზე იყო(ანუ ერთი და
იგივე პიროვნება თერთმეტჯერ) და არა სხვადასხვა
თერთმეტი კაცისაგან შემდგარი გუნდი,- იქ ყველა
პელე იყო,ყველა გარინჩა,ყველა ჯადოქარი და ერთად
ხომ დაუსრულებული სასწაული – ერთი მეორეს რომ
გადასცემდა – ბურთი იყო თუ ცეცხლი და ესტაფეტა!..
დიახ,უარი თქვეს ჩვეულ მაგიაზე და სხვებს (ე.წ. პრაგ-
მატიკოსებს) დაემსგავსნენ და ამიტომაც მერამდენედ
ისჯებიან უკვე…
მეფე მოკვდა,მაგრამ იგი არაერთხელ განმეორდება
სხვაში და სხვაში – ნაწილნაწილ და ფრაგმენტულად,
ვისაც ხვალ და ზეგ მეფობის ღირსად სცნობს მაღლის განგება!..




























