32 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან
Nikolai Javakhishvili თითქმის მესამედი საუკუნის წინათ – 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (პარლამენტმა) მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ეყრდნობოდა იმავე წლის 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგებს.
ამ ისტორიულ დღეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ამ სიტყვების ომახიანად წარმოთქმის შემდეგ მან წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ასე იწყებოდა: „1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.
ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს უზენაესი საბჭოს წევრებმა, რომელთა შორისაც იყო ჩემი ორი ნათესავიც – გამოჩენილი ანატომი, აკადემიკოსი ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი (1914-2012) – მამის მხრიდან და მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი თამაზ ობგაძე – დედის მხრიდან.
იმხანად, მე გახლდით II კურსის სტუდენტი და ბედნიერად ვგრძნობდი საკუთარ თავს, რომ ასეთ დიდმნიშვნელოვან მოვლენას შევესწარი და სულ 9 დღის წინ ჩატარებულ რეფერენდუმში ჩემი ხმაც შევუერთე დამოუკიდებლობის აღდგენის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხმებს…
ვულოცავ ამ ისტორიულ თარიღს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
ფ ო ტ ო ე ბ ზ ე :
1) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებული 1991 წლის 9 აპრილს. ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმომწერ დეპუტატთა შორის იყვნენ: ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი, რომლის ხელმოწერაც არის მეხუთე რიგში, ზემოდან მეორე და თამაზ ოგბაძე, რომლის ხელმოწერა არის მეორე რიგში, ქვემოდან მეხუთე;

2) საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია – იმდროინდელ სახელმწიფო დროშასთან და გერბთან;

3) საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში შეკრებილი დეპუტატები, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს ხმა მისცეს ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.






























