საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულული დეა მუმლაძე და საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური ათენის 50-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და ქართველ პედაგოგებთან, მათ მოწაფეებთან და მშობლებთან ერთად სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.
უკვე მეექვსე წელია, რაც ათენის 50-ე საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ფუნქციონირებს.
დღეს ეს პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტრადიციულად, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილებს უძღვებიან პედაგოგები მადონა ჯავახიშვილი და ხათუნა ლობჯანიძე. 8 ივნისს მათმა მოსწავლეებმა, რომლებიც ამავე სკოლაში სწავლობენ, ქართული პოეზიის საღამოში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი “არმაზის” აღსაზრდელებმა წარმოადგინეს რამდენიმე ქორეოგრაფიული კომპოზიცია.
ღონისძიების ორგანიზატორებს და სტუმრებს მიესალმა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე. მიულოცა პედაგოგებს აკადემიური წლის წარმატებით დასრულება და ხაზი გაუსვა ბერძნულ საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის შესწავლა შეუძლიათ როგორც ამ სკოლაში რეგისტრირებულ ქართველ ბავშვებს, ისე სხვა დაწყებითი სკოლების მოსწავლეებს.






























