გამოვიხურე ხელის აკვრით, ყველა სამყარო,
რადგან არ ძალმიძს, რადგან არ
ძალმიძს,
უკვე მისი გახმოვანება.
მე დავიღალე, დავიღალე,
ძვლების ხროვამდე,
საკუთარ ნეკნში გავიხლართე
არ ნაშობივით.
ეს თვითშეგნება
დაკიდებულ თოკებით მიჭერს,
ჩემს ალიონთან ლოდინით
რომ ჩამოეყუდა,
თითქოს რომ აპრილს
ელოდება და თავს იტყუებს,
ვით ბავშვობაში სააპრილო
ტყუილ- ხუმრობა.
ამოძახილებს ჩემი სულის
მკაცრად ვკრძალავდი,
(რასაც ყოველთვის შესამჩნევად
არ ვასუნთქებდი)
თაბორის მთიდან გადავრეკე
როგორც ღრუბლები და
უსინათლო თვალებიდან
მცვიოდა ცრემლი,
რომელსაც ზღვების
სიშლეგე და სიმლაშე ჰქონდა
და მერე რაა?!…
თუ შენს სხეულზე
ყველა ტკივილს თითო დაღი აქვს.
(გადატანითი მნიშვნელობით,
კვლავ რომ გავიქცე…)
































