დედა, რომელიც ცოცხლობს და ორი ადამიანის ცხოვრებას დაატარებს
მშობლების ისტორიას , მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამბებს ხშირად შვილები გვიყვებიან, ეს ნორმალურიცაა, მშობლების და მათი წინაპრების ამბები შვილებმა და მომავალმა თაობებმა უნდა გვიამბო

ამ შემთხვევაში პირიქით ხდება, ქალბატონი მაგული ჯინჯიხაძე-გამთენაძე 1993 წელს, 20 ოქტომბერს სოფელ გუბისწყალთან შეტაკების დროს მოკლული საქართველოს გმირის, დავით გამთენაძის დედაა.
დედა, რომელიც ცოცხლობს და ორი ადამიანის ცხოვრებას დაატარებს, თავისას და მისი ნაადრევად გარდაცვლილი შვილისას.
დავითი პოეტი იყო, დედა დადის და ჰყვება მის ლექსებს.
დავითი მხატვარი იყო, დედა დადის და ჰყვება მისი შემოქმედების შესახებ.
დავითი მებრძოლი იყო, დედა დადის და ჰყვება მისი საბრძოლო განწყობის ამბებს.
დავითი ერთგული შვილი და ოჯახის მოყვარული ქართველი იყო, დედა დადის და ჰყვება მისი ერთგულების შესახებ.
დავითი შეყვარებული იყო, დედა დადის და ჰყვება მისი სიყვარულის შესახებ.
გმირის დედობა გმირობას უდრის.
ერთხელაც, ქალბატონი მაგულის წერილებს გადავაწყდი. ორ მათგანს გთავაზობთ უცვლელად .
…
დათომ ოჯახური ხე დახატა, ბებიას ჰკითხა, შენი ბაბუა ვინ იყო, რამდენი შვილიც ჰყავდათ…..?
ხეს ტოტებს უკეთებდა, ასე 5 თაობა აღწერა, მერე, სამ ტოტზე თავისი და ძმების სახელები მიაწერა: დათო, კახა, გიორგი.
მერე მაჩვენა და მოვეფერე,
რა კარგად მოგიფიქრებია დედა, თქვენ რომ გაიზრდებით და გამრავლდებით ეს ხეც გაიზრდება და ფესვმაგარ მუხასავით იქნებათქო. გაეცინა და მითხრა
– მართალი ხარ დედა, ადრე ჩვენ წინაპრებს ასე რომ გაეკეთებინათ, რა ბუმბერაზი იქნებოდა ჩვენი საგვარეულო ხე, გული მწყდება, რომ ვერავინ გააკეთაო.
წლების შემდეგ რომ დამეღუპა, სიზმარში ტირილით ვუთხარი
-დედი, საგვარეულო ხეს შენი ტოტი რომ მოტყდა და ასე რომ რჩება გული მტკივათქო. სიზმარში მომეფერა,
– დედა არ იჯავრო, თუ ასე გწყდება გული, ჩემს ნაცვლად სხვა გაზარდე და ის ტოტი ისევ გაგრძელლდებაო. მერე ეს ნახატი დასაფლავების დროს სადღაც გაიბნა და ისიც აღარ დამრჩა.
…
ომი რომ იყო, სულ მეშინოდა,
– დედა რომ რამე დაგემართოს მერე რად მინდა სიცოცხლე მეც შენთან ერთად მოვკვდებითქო. არა დედა, მე სამშობლოს ვჭირდები და ვერ ვუღალატებ. შენ განათლებული ქალი ხარ და ხომ იცი მამულს სულ გულიანი ქართველები იცავდნენ და ეწირებოდენ კიდეც. მეც თუ რამე დამემართება, ორი ძმა მრჩება, აქეთ- იქით დაგიდგებიან გვერდით და უჩემობას არ გაგრძნობინებენ. რამდენი დედაა მის შვილს ცოცხლად რომ ჰყავს დამარხული, შეენ ქუჩაში რომ გაივლი, გმირის დედა მიდისო ასე იტყვიან.
– არ მინდა დედა გმირის დედობა, მე შენ ცოცხალი მჭირდებითქო.
– შენ დედა ხარ და სხვაგვარად ვერ მეტყვი, მე დღეს ვჭირდები ქვეყანას და დამალულ სიცოცხლეს გმირული სიკვდილი მიჯობს, მეც რომ ვიყავი ამ ქვეყანაზე, ხომ უნდა მიხვდეს დედა ვიღაცა.
მერე, წასვლის დროს მომეფერა და ღიმილით მითხრა
– დედა ნუ გეშინია, მე შენ არ დაგეკარგებიო.
ქალბატონი მაგული ჯინჯიხაძე- გამთენაძე თავად პოეტი ქალბატონია, ხან ლექსებშია მისი დავითი, ხან ცრემლებში და ხანაც დუმილში,ასე კი ყოველთვის მასთანაა და გმირი შვილის გმირ დედას ერთი სიცოცხლით ორი ცხოვრების ისტორია დააქვს.
იცნობდეთ თურქეთში მცხოვრებო ქართველებო, თქვენს ისტორიულ სამშობლოში- საქართველოში ასეთი ვაჟკაცები იბადებიან.
წერილის ავტორი:
ნათია ჯიმშელეიშვილი






























