როცა საჯიშე ქართველებს
ხოჯა მოუხმობს ჯამეში,
იმ ხმიდან ძველქრისტიანი
წინაპრის კვნესაც ჩამესმის.
ჩამესმის ეჭვგარეული
ხმა,მტრისგან დაკლულ მამათა;
,,შენ,საით,ჩემო ნაგრამო,
იმათთან ხარ თუ ამათთან?!”
და როცა,ტაოკლარჯეთით,
აღდგომის ზარი დარეკავს,
უმალ გულიდან ამომგლეჯს
ოთხჯერ ასი წლის ნარეკალს.
შენ, ქრისტიანო,მომენდე,
შენც დაიჯერე,მუსლიმო;
თუ ქართველი ხარ,–ჯერ უნდა
წინაპრის ძახილს უსმინო.
მაშინ, ვერც ხმლით დაგამხობენ,
ვერც მიგიმხრობენ ოქროთი;
მეც ციურ ხმათა ექო ვარ,
შენს დასახსნელად მოვქროდი,
რამდენი საუკუნეა –
გვედრი,განჯღრევ და გაღვიძებ;
ხან ცხენის კუდზე ვეკიდე,
ხან ხელი მედო აღვირზე.
აწ შენგან ველი განაჩენს,
ციდან მიწამდე დახრილი;
ან მისმინე და გადარჩი,
ან აქვე დამკარ მახვილი!





























