ახალი_ლექსი

ჩემი ნაოფლარი
მიდი, გადახეხე ჩემი ნაოფლარი,
ჩემი ნაორთქლი ფანჯრის მინა- მისი თვალები,
გააგრილე კერა,
რომელსაც ამდენი წელი სული ვუბერე
და ისე მათბო,
ისე ზომიერად იხარჯა,
რომ არასდროს ჩამქრობია.
კი მინავლებულა შიგადაშიგ,
უფრო მაშინ,
როცა ჩემი წილი
მუგუზლებით გაზულუქებული გიზგიზებდი,
მაგრამ ის ნავლი,
ნაღვერდალი,
ის ნაცეცხლური
შენს ცეცხლზე უფრო მეტად წვავდა,
უფრო ნაცრავდა…
მიდი გადახეხე ჩემი ნაოფლარი
გადაყარე ყველაფერი, რასაც ყავლი გაუვიდა,
რაც გაცვდა,
გამეცრიცა ლაციცში,
რაც ვერ ავასხი,
რაც გამიცვივდა
და კაკალ-კაკალ აკრიფე.
თუ ჩემი სულის ნაფლეთებსაც წააწყდი სადმე,
თუ ჩემი გულის ნაგლეჯებიც მოგყვა უნებურ,
ჩივილს ნუ მოყვები,
მოიქეცი ისე,
როგორც ნასუფრალზე შემოსტუმრებულს შეეფერება,
დაყაბულდი ნარჩენებს,
გნებავს, მიირთვი,
გნებავს- მოასუფთავე.
მიდი, გადახეხე ჩემი ნაოფლარი,
გადახეხე და გაიხსენე
რამდენჯერ წამიბილწე და
ამიფუნგე სასთუმალი,
რამდენჯერ აისხი ჩემი ცოდვა,
რამდენჯერ გამცერი უცერემონიოდ და გამანიავე.
დიახ, გაიხსენე,
რომ მზად იყო შენნაირებთან გასამკლავებლად.
მიდი, გადახეხე ჩემი ნაოფლარი,
აღგავე ჩემი შვილების ნაფეხურები,
გამოდგი მათი აკვანი და ჭოჭინა გარეთ,
ჭორიკანა მეზობლების თვალის ასახვევად სადარბაზოც მორეცხე,
ცოცხი ჭერზე მოქანავე აბლაბუდებსაც გამოუსვი
და შენი პირადი აბდაუბდა,
ეპოქალური მნიშვნელობის ამბად გაასაღე.
მიდი , გადახეხე ჩემი ნაოფლარი
და მერე ტანიც ჩამოიხეხე.
თითქოს შენი არ გეყოფოდა და
ჩემი ცოდვებიც შეგაყარე,
აგკიდე გუდად…
აგკიდე, რადგან მინდა ვნახო,
ჩემსავით როგორ მოგხრის წელში,
როგორ მოგდრეკს ,
ლაყუჩახეულს როგორ მოგაყუჩებს
და იმ ქარიზმას,
ადრე რომ მე და ახლა შენ იხდენ,
გზადაგზა დაყრი და ვეღარ წამოკრეფ…
განა დაყრი რა,
შენნაირებს რა დალევს ბრბოში,
ვინმე მოვა და დაგაყრევინებს…
მიდი , გადახეხე ჩემი ნაოფლარი,
ჩემი ნაქმრევი შეირგე და ნუ იქნები გულის ამრევი-
გაუყე ყველას,
ვისაც მოიწონებს,
ვისაც მისწერს,
ვისზეც აღიგზნება…
არ გაუყოფ და ნება მისია-
მოვა ვინმე და გამოხეხავს შენს ნაოფლარსაც…
ჯანდაბა , თქვენს თავს !
რამდენსაც გნებავთ, იმდენმა ხეხეთ…
რაც ამ ცხოვრებაში ამაგლიჯეთ,
იმ ცხოვრებაში შევისახრებ,
იმ ცხოვრებაში გავიმრთელებ.
თქვენ რომ ხეხვას მორჩებით,
თქვენ რომ ჩემი ნარჩენების ქექვა დაგღლით,
მე და ის,
აქ თუ დროებით,
იმიერში სამუდამოდ შევიყრებით
და დაწყებულ ეპოსს დავასრულებთ.
დიახ , მე და ის,
რადგან ჩემმა ცხონებულმა ბებომ სიკვდილის წინ დამაიმედა,
რომ სადაც არ უნდა გაუთხარონ საფლავი,
სადაც არ უნდა დაკრძალონ,
სადაც არ უნდა მიაბარონ შენი ქმარი ასი წლის მერეო,
მისი სული იწოწიალებს,
იწოლიალებს
და მხოლოდ პირველი ცოლის გვერდში მიწვებაო…
ეს მერე,
ჩემო შემხიდებელნო,
ეს მერე….
ჯერ ხეხეთ ჩემი ნაოფლარი,
ჯერ ხეხეთ!
მზია სალვარიძე































