სოხუმში ჩემი ცხოვრების მანძილზე სულ ორჯერ მოთოვა ბარაქიანად: 1984 წლის აპრილში (ყველასთვის მოულოდნეულად და უცნაურად) და 1992 წლის 31 დეკემბრის საღამოს, ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათით ადრე.
სხვა წლების ზამთრებმა ან უთოვლოდ ან მცირე თოვლჭყაპით ჩაიარეს.
ამ ასაკში რომ ბავშვივით მახარებს ნალექის ეს სახეობა, გასაგებია, რომ იმ წლებში განსაკუთრებულ განწყობას მიქმნიდა.
მაგრამ სოხუმი, და ზოგადად აფხაზეთი, ძალიან თბილი და, შედარებით, ნაკლებნალექიანია. იქ მზიანი დარი ბუნებრივ ავდარს სჭარბობს. ეგაა, ადამიანურ სიავდრეს ვერ მოერია…
ჩემი სახლიდან კავკასიონის თავზე ღრუბლების ფაფუკი “ქულა” ჩანდა ხოლმე. ისეთი ქათქათა იყო, რომ მამას კავკასიონთან წაყვანა ვთხოვე ერთ დღეს. ცოტა უცნაური თხოვნა კი იყო, მაგრამ უფროსებისგან გამეგო, ძალიან შორს არ არისო. რომ გაიგო, რისთვის მიმეჩქარებოდა, ჩემი ენთუზიაზმი იქვე “ჩამიკლა” ღიმილით: ეგ ღრუბელია, შვილო, თოვლი კი არააო.
მას მერე სინანულით ვუყურებდი ამ სიფაფუკეს, რომელიც მაინც თოვლად მიმაჩნდა.
მახსოვს, სოხუმი რომ დავტოვეთ და რატომღაც უკან მოვიხედე, სწორედ ეს გოროზი და ფაფუკი “თოვლი” დავინახე. მას მერე ხშირად მესიზმრებოდა ხოლმე ეს ხედი, რომელიც ჩემს უბანს მაგონებდა, რატომღაც.
ერთხელ გლდანიდანაც დავინახე მსგავსი სანახაობა.
1984 წლის აპრილი იდგა. მშობლებმა გაგვაღვიძეს, ადექით, თოვლი მოსულაო. სკოლაში წასვლის დილა იყო და ეს სილამაზე რომ დავინახეთ, იქვე გაგვიქრა ცოდნის მიღების სურვილი. ხომ ვიცოდით, რომ სოხუმში თუ მოთოვდა, რამდენიმე საათში აღარ იქნებოდა. ამიტომ თოვლიც და სკოლაში წასვლაც ერთად რაღაც არ ეთანხმებოდა ერთმანეთს.
მაგრამ, რა გაეწყობოდა. გავეშურეთ სკოლისაკენ ნირწამხდარნი. თუმცა, სანამ ჩვენს 1 კილომეტრს (ეს მანძილი გვაშორებდა სასწავლებელს) გავივლიდით, გუნდაობით ასე თუ ისე გული ვიჯერეთ.
მაგრამ იმ დღეს საოცრება მოხდა. თოვლი არ წყდებოდა და უფრო ინტენსიურიც კი გახდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ფეხსაცმელი, რომელიც ასეთი ამინდისთვის არ იყო გათვალისწინებული, თოვლით ამოგვევსო და სახლშიც საკმაოდ დასველებული დავბრუნდით.
საღამოს კი შეგვატყობინეს, რომ უხვი ნალექის გამო, რომელიც იმ წელს, მგონი, მთელს საქართველოში დაფიქსირდა, დაუგეგმავი არდადეგებიც დაგვენიშნა.
აი, ეს იყო ჩვენი ბედნიერება.
იმ აპრილს თოვლით ძალიან “გავძეხით”. თუმცა ბოლოში დაწყებული დნობა გვახსენებდა, რომ მოულოდნელი ერთკვირიანი არდადეგებიც აპრილში მოსული თოვლივით ქრებოდა.
მთელმა 8 წელმა გაიარა ასეთი “ბარაქიანი” თოვლის ლოდინში. აფხაზეთში გაგანია ომია. დღითი დღე ვითარება რთულდება. უბანში მტრის ტყვიით მოწეული სიკვდილიც შემოვიდა.
ვის ეხალისებოდა კარს მომდგარი ახალი წელი?
არადა, სწორედ ასეთ დროს დაიწყო თოვა ზუსტად 31 დეკემბრის საღამოს.
ისე ლამაზად დაიწყო ბარდნა. თითქოს ბუნება გვეუბნებოდა ომში მყოფებს, “გამოდით, გამოდით, ახალი წელია”!
ახალი წელი თოვლიანი დაგვიდგა.
ქვემეხები გრუხუნებდნენ, “კალაშნიკოვები” იცლებოდნენ, გარემო კი ფაფუკი და მაღალი თოვლით იყო დაფარული. ულამაზესი სანახავი იყო თოვლით დაფარული სოხუმი. თითქოს ბუნება გვეუბნებოდა, ტყვიები კი არა, თოვლის გუნდა ესროლეთ ერთმანეთს; თითქოს ბავშვობაში დაბრუნებას გვთხოვდა.
სოხუმი არა, მაგრამ რიწა კი თოვლით დაფარულა.


























