ვახტანგ ღლონტი
საღმრთო ნერგისთვის ვთლიდი ჭიგოებს
საღმრთო ნერგისთვის ვთლიდი ჭიგოებს,
გადამიკეთა მამამ ჯვრად ისიც;
ამდენ პატარა სიკვდილიკოებს
იქნებ ერთი სჯობს და მარადისი.
მშვიდობით,ჩემო მოყვარე მტერო,
არც ჩვენ ვცდილობთ და ვერც დრო მოგვიცდის;
მაოცი მზერა არ მომაშტერო,
არც დაიხარჯო ნეკროლოგისთვის.
სადღაც ხომ უნდა ჰქონოდა ბოლო
ჩვენს დამღლელ აბელ-კაენიადას;
ერთხელ შენც იყავ გამარჯვებული –
დამადგი ფეხი მტვერს და ნიადაგს.
რომელიც,თუმცა მექცა საფლავად,
გავსებს,შენ უფრო,სხვაგვარ განცდებით;
არ გჯერა – მე რომ შენზე დაბლა ვარ…
ამ ერთხელ,მგონი,მართლა არ ცდები.
მაინც არა ხარ მაქები ბედის,
რომ ხარ,უჩემოდ,ამ ყველაფერთან;
ვინ ბებრად იშვა მუცლიდან დედის,
ვინ კი საფლავშიც ვეღარ დაბერდა.
პოეტს პოეტის ხელით ერჩიან,
ვერ მოერევა პოეტს სხვა ხელი;
იმდენი ხოცეს,- გადაეჩვია,-
აღარც დასტირის შვილებს რახელი.
ხოლო იმათი მემკვიდრეები
არ უჩვენებენ სიფათს არავის;
ვინც შეიწირეს იესოს ძმები –
ბოღმით,სიჩლუნგით,სიპატარავით.
გპატიობთ,ოღონდ წასვლით გპატიობთ,
ვერ გაპატიებთ,რადგან,დარჩენით;
ყველას თავისი უცდის პატიო…
უფალმა იცის სხვა დანარჩენი.
ვახტანგ ღლონტი,2024 წელი






























