გენრიეტა ქუთათელაძე
ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვის
- * *
ვერ გამოვხსენი ეს დახლართული კვანძი ცხოვრების,
ვერც საჩრდილობელი მოვნახე სადმე
და დავალ ახლა ყარიბი და მწირი, ეული
და ვფიქრობ მასზე,
ვინც პირველად ჩახლართა კვანძი,
მეფე გორდიას სურდა ეხილა ჭკუის ზეიმი,
მაგრამ სარდალმა კვანძი ხმლით გასჭრა
გამოხსნის ნაცვლად.
ესეც ქებული და საარაკო მაკედონელი!
ჩვენც ამ დღეში ვართ,
ახლაც, ამჟამად,
ყოველ ცისმარეს ძალით გააქვთ ლელო ყოველგან,
ეჰ,სამწუხაროდ,ძალადობა მძლავრობს და ზეობს.- * *
ჰო, ეს ქვეყანაც ჩამოჰგავს კრეტას,
აქაც მითები და ლეგენდები
ლუკმა პურივით გვკვებავენ როგორ…
აქ მეფის ნაცვლად რუხი ურჩხული-
მინოტავრი ასულა ტახტზე,
თავის ნებაზე მოაქცია ყველა სოფელი,
ყველა ბავშვი და ყველა კაცი
მის სადიდებლად აღავლენს ლოცვებს,
ღმერთს შეეტოლა სიდიადეში
და მრისხანებით აჯობა ცერბერს.
არ ჩანს თეზევსი,არც არიადნე…
ლაბირინთი კი უფრო მეტად ჩაეხვია მიწისქვეშეთში,
გზას ვინღა ჰპოვებს.
ღმერთო,სანამდის?
/გენრიეტა ქუთათელაძე, ” მზე მიმწუხრისა”,1999 წ./
ნახატი თიკო ჟღენტისა.
- * *
























