Makvala Kharebava|გილოცავთ ყველას! ❤
26 MAYIS GÜRCİSTAN BAĞIMSIZLIĞI GÜNÜ olarak kutlanır!
Georgia Celebrates the Restoration of Independence Day on 26th of May.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს.
რუსეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას იმპერიის დაშლა მოჰყვა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა.
1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
იურიდიულ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები.
1918 წლის 26 მაისს, 4 საათსა და 50 წუთზე, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას ესწრებოდა საბჭოს 42 წევრი, 36 კანდიდატი და საზოგადოების წარმომადგენლები. სასახლის წინ დიდძალი ხალხი იყო შეკრებილი. პრეზიდიუმში იყვნენ გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, მდივნობდა ილია ზურაბიშვილი. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხდომის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ 4 საათსა და 50 წუთზე აქტის შინაარსი გააცნო საბჭოს წევრებს, შეკრებილ საზოგადოებას და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
აქტი შედგებოდა 7 პუნქტისაგან და ქვეყნიერებას ამცნობდა, რომ:
- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – დემოკრატიული რესპუბლიკაა.
- საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
- საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
- დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
აქტის შინაარსი სასახლის წინ შეკრებილ ხალხს წაუკითხა საბჭოს მდივანმა ილია ზურაბიშვილმა. ამავე დროს, სხდომას რუსული თარგმანი წაუკითხა თავმჯდომარის ამხანაგმა გრიგოლ ვეშაპელმა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული.
რ. არსენიძის მოგონების მიხედვით, დამოუკიდებლობის აქტის პროექტი 25 მაისს შეიმუშავა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ გიორგი გვაზავა, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე აფხაზი და პავლე საყვარელიძე. იმავე დღის ბოლოს, გვიან ღამით, შედგა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები. პროექტის ტექსტი გადაეცა ნ. ჟორდანიას, რომელმაც გაითვალისწინა შენიშვნები და ტექსტის საბოლოო რედაქცია შეიმუშავა. სხვა ვერსიის მიხედვით, დამოუკიდებლობის აქტის პროექტის პირველი ვარიანტი, ჯერ კიდევ 22 მაისს, ბათუმში შეადგინა ზურაბ ავალიშვილმა და იქიდან თბილისში წამოიღო ნოე ჟორდანიამ.
დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცა. 1919 წლის 12 მარტს პირველად შეკრებილმა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ხელმეორედ დაადასტურა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი. ამჯერად, დოკუმენტის სტამბურ ვარიანტს 101-მა პიროვნებამ მოაწერა ხელი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა აკაკი ჩხენკელის პირად არქივში. ა. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა მაკრინე ჩხენკელმა აქტის დედანი გადასცა ცნობილ ქართველოლოგს, ციურიხის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის დამაარსებელს, პროფ. კიტა ჩხენკელს (ა. ჩხენკელის ძმას). ამ უკანასკნელმა დოკუმენტი დაუტოვა თავის მოწაფეს და ცნობილ ქართველოლოგს ლეა ფლურს, რომელსაც ძვირფასი დოკუმენტი საქართველოში უნდა დაებრუნებინა. საბოლოოდ, ლეა ფლურმა დამოუკიდებლობის აქტის დედანი გადასცა შვეიცარიაში საქართველოს კულტურის ატაშეს გიორგი შარაძეს, რომელმაც, სხვა რამდენიმე უნიკალურ დოკუმენტთან ერთად, დამოუკიდებლობის აქტის დედანი საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად დოკუმენტი ინახება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.



























