მე მაინც ფუნჯით მზიან დღეს ვხატავ
„-მხატვრობა ბევრად დიდია და საინტერესო, ვიდრე ჩვენ გვგონია. მხატვრობა ცივილიზაციის განვითარების გზამკვლევია.
– აბა წარმოიდგინეთ ერთი წუთით სამყარო მხატვრობის გარეშე?!
– რას ხედავთ?
ალბათ მკვდარ, შავ სამყაროს?!
ამდენად მნიშვნელოვანია მხატვრობა კაცობრიობისთვის.თუმცა, საზოგადოება ამაზე ცოტას ფიქრობს.
თუ დავუკვირდებით მივხვდებით, რომ მუსიკა, პოეზია და მხატვრობა ზეციური იმპულსებიდან იგზავნება დედამიწაზე.
– იმპულსები კი თვითონ ირჩევენ ადამიანებს, ვისი მეშვეობითაც უნდა გავრცელდეს აქ ჩამოღვენთილი ხელოვნება!
–მე არ ვფიქრობ, როცა ვხატავ.
–გათიშული ვარ.
–ფეხზე არ ვდგევარ– წონას ვეღარ ვგრძნობ.
–არც თავი მახსოვს ამ დროს– ჩემზე არ ვფიქრობ.
თითქოს გასული ვარ ადამიანთა სივრციდან. არ ვიცი არცერთ მომენტში ტილოზე შემდეგი მონასმი სად იქნება, ან როგორი. ფუნჯი და მასტეხინი თვითონ იმართება.
მაპატიეთ ჩემს მხატვრობაზე თუ გაუგებრად ვსაუბრობ, სიტყვები კვალდაკვალ ცდილობენ დაემგვანონ სურათზე გამოხატულ ლაქობრივ წყობას, მაგრამ ამით ვცდილობ მიუახლოვდე შექმნის პროცესის განწყობას, გავიხსენო განცდილი და ამიტომ გამომდის ამდაგვარი საუბარი.
სურათის სახოვანება ალბათ ამას ითხოვს, მგონია ეს კანონზომიერია!“-ამ სიტყვების ავტორი მხატვარი დავიდ გუა იგივე დავით ბაძაღუაა.
მხატვართა კავშირის და გამგეობის წევრი, რომელიც გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე .თბილისის სახელმიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი და გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი.
ხელოვანი, რომელიც ცდილობს არასოდეს გაანელოს მის მიმართ ინტერესი და რაც მთავარია ყოველთვის იცის რა უნდა.
პანდემიამდე…
მიუხედავად იმისა რომ, ბევრი პროექტი ხორციელდებოდა მხატვრებისთვის ეწყობოდა გამოფენები,არტ ინოვაციები,შეხვედრები,ყველაფერი დედაქალაქში იყო თავმოყრილი. რეგიონებში ამ მხრივ გაცილებიც სიმწირე იყო.ამ დროს დაიბადა სწორედ არტ პლენერების იდეა იმ რაიონებში სადაც ყველაზე ნაკლებად იყო კულტურული აქტივობები.
„ჩამოდიოდნენ მხატვრები პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან და ევროპიდან,მათ შორის ცნობილი მხატვრებიც,მივდიოდით ისეთ რაიონებში სადაც არაფერი ხდებოდა ,მაგრამ ჩვენ იქ ვხატავდით,ვსაუბრობდით,ვუცვლიდით ერთმანეთს აზრებს ,ტექნიკას,ხედვას,განწყობას. ზუსტად ეს არის სახვითი ხელოვნების განვითარება.როდესაც უცხოელი მხატვარი ჩამოდის და მასტერ კლასს ატარებს პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ მხატვარს ეძლევა საშუალება უფრო გაიზარდოს, განვითარდეს ან ნახოს ახალ ტექნიკა,ფერი.ამიტომ ყველას აინტერესებს,ვინ რას შექმნის,როგორს,შემდეგ ეს ყველაფერი გამოფენით, საჩუქრების და სერთიფიკატების გადაცემით და რაც ყველაზე მთავარია თბილი ურთიერთობებით მთავრდებოდა.მომავალში გვქონდა ბევრი პროექტი და მაგრამ სამწუხაროდ პანდემია დაიწყო“-გვიყვება ბატონი დავითი.



პანდემიის დროს…
„ასეთი გალერეა მქონდა ვერცხლის ქუჩაზე-ვინ არ შემოდიოდა,უამრავი საინტერესო ხალხი.აქ იქმნებოდა ისტორიები.ახლა ყველაფერი გაყინულია, შესცივდა მხატვრობას“-წერდა მხატვარი თავის ფეიბუქპოსტში.
დაიძრა თუ არა ყინული , რა სირთულეების გადალახვა მოუხდა პანდემიის პერიოდში მხატვარს ამაზე პირადად გვიყვება.

„თბილისში ვერცხლის ქუჩაზე პატარა გალერეა სახელწოდებით, დავიდ გუას გალერეა მქონდა.ძალიან საინტერესო იყო ბევრი ფაქტორის გამო.აქ ვახდენდი ჩემი ნამუშევრების რეალიზაციას.დაწყებული პატარა გრაფიკული ნახატებიდან დიდი ტილოების ჩათვლით. გალერეას ხშირად სტუმრობდნენ უცხოელები, ათვალიერებდნენ გამოფენილ ნახატებს, გვესაუბრებოდნენ. შემოდიოდნენ უცხოელი ბლოგერები,რომლებიც პირდაპირ ვიდეოკამერით აკეთებდნენ ჩართვას გალერეადან. სიცოცხლე დუღდა ქუჩაშიც და გალერეაშიც. „თუ საქართველოში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ დავიდ გუას სახელოსნოში“-ასეთი მიმართვებს ბევრს ნახავთ ინტერნეტ სივრცეში.ერთ-ერთ უცხოური ფილმის პატარა ნაწყვეტშიც კი მოვხვდით.გარდა ამისა ბევრჯერ გვქონდა აქცია აფხაზეთთან დაკავშირებით .ცნობილ ადამიანებთან ერთად დავხატეთ მისალოცი ბარათები უცნობი და ნაცნობი აფხაზი მეგობრებისთვის. გალერეაში მქონდა ასევე მასტერ -კლასები უცხოელი ტურისტებისათვის,მოდიოდნენ და ორი საათის განმავლობაში ხატავდნენ დავიდ გუასთან ერთად.ვასწავლიდი ახალ ტექნიკას ,მიდგომებს ორ საათში უკვე გამზადებული ნახატით საკუთარი ხელმოწერით ან ჩემი და მისი ერთობლივი ხელმოწერით,ასევე სამახსოვრო ფოტოთი ძალიან ბედნიერი მიდიოდნენ აქედან.“
მართალია, ცნობილი ვერცხლის ქუჩის გალერეა, პანდემიის გამო დაიხურა, აქტივობები გაჩერდა,ხალხი სახლში ჩაიკეტა, დაიწყო უცნაური ემოციების დრო,გაჩნდა გაურკვეველი მომავლის შიში,მაგრამ ამ ჩაკეტილობაშიც არსებობს გზა მხატვრისთვის. გამოსავალი ბევრ მუშაობაშია.ასე დაიწყო გაჩერებული სამყაროს,მსოფლიოს ამოძრავება ხელოვანისთვის: „უცებ მოვიდა ენერგეტიკა, მზის ენერგია,სინათლე,ძალა,რომელიც მეუბნებოდა რომ ეს შენია , მოკიდე ხელი ,მიიღე.
„მზესათან გასაუბრება“,„დიალოგი მზესათან“,„შევეხე მზეს“, ასე დავარქვი სურათების ამ სერიას.ყვითელი, ენერგეტიკით სავსე სურათები გამოვიდა. წარმოიდგინეთ პანდემიაა,შემოსავალი არაა და ამ დროს დაიწყო ჩემი სურათების გაყიდვა.ეს მომიტანა მზესთან გასაუბრებამ მზის ფერი ყველას ვუწილადე გავთბი და გავათბე მნახველიც.სერია -„მზესთან გასაუბრება“ ძირითადად ყველა გაიყიდა.მართალია, საზოგადოება სულ სხვა რეალობაში მოხვდა ,მაგრამ სახვითმა ხელოვნებამ აქაც თავისი სიტყვა თქვა-“ამბობს ჩვენთან საუბრისას დავიდ გუა.
დიახ,დღეს სხვა რეალობაში გვიხდება ცხოვრება . პანდემიის დასრულებას ელოდება ყველა, მათ შორის მხატვრებიც. ის ფაქტი,რომ კულტურის სამინისტრომ სახვითი ხელოვნების მხარდამჭერი პროგრამა წამოიწყო ნამდვილად მისასალმებელია,თუმცა არასაკმარისი. ხელოვნების მუზეუმები აგრძელებენ სურათების შეძენას და ამ პროგრამის მეორე ეტაპი კვლავ გრძელდება.ვინაიდან პროექტი ფართომასშტაბიანი არა არის აქაც ერთეული მხატვრების ნამუშევრების შერჩევა ხდება . ამდენად ხელოვანთა ეკონომიური მდგომარეობა დღევანდელი პანდემიის ფონზე საგრძნობლად მძიმეა.თუმცა ჩვენი რესპოდენტი,როგორც ამბობს გამოსავალი ყოველთვის არსებობს მთავარია იპოვო .
ყინული დაიძრა და მუშაობაც განახლდა . ვინაიდან მხატვარს ძალიან მოსწონს პედაგოგიური მოღვაეობა ოთხი პატარა მოსწავლე ჰყავს. უცხოელებიც და ადგილობრივებიც..არიან უკრაინიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან ,საქართველოდან. ნელ-ნელა მაგრამ,მაინც დაიწყო გამოფენებიც.თბილისი მოლში გალერეა არტ -ტენტის ორგანიზებით გაიმართა დავიდ გუას პერსონალური გამოფენა. როგორც თვითონ ამბობს, მართალია ბევრს არ მოეწონა გამოფენის იდეა პანდემიის პერიოდში, მაგრამ უმრავლესობა თანხმდება იმაზე,რომ ასეთ ვითარებაში და ამ ფონზე საზოგადოებას სჭირდება შესთავაზო მისთვის საინტერესო და სასარგებლო.
კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ყაზახეთში და ბულგარეთში გამოფენები იყო დაგეგმილი. ყაზახეთიდან ,საქართველოში ჩამოსულმა არტ კურატორებმა კონტრაქტი გააფორმეს და გამოფენისთვის ოთხი მხატვარის (ამირან კუპრავა, ავთანდილ შენგელია, ზურაბ, ჭედია, დავით ბაძაღუა) ნამუშევრები წაიღეს. სამწუხაროდ გამოფენამ მხატვრების გარეშე ჩაირა მაგრამ ბულგარეთიდან მადლობის სიგელები და გამოფენის კატალოგი მაინც გადაეცათ .
ბატონი დავითი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია ,იმ ემოციას რომელსაც ფუნჯით გადმოსცემს,ზოგჯერ სიტყვითაც ახმოვანებს.მისი ეს ლექსი,რომელსაც აქვე გთავაზობთ სწორედ ამის დასტურია.
მე მაინც ფუნჯით მზიან დღეს ვხატავ
რაც სულს მიამებს, ჩემი კუთხეა
მასთან სიზმარში დავფრინავ ხშირად.
მასში ჩამწვარი ფერფლივით ვსუნთქავ,
მასზე იმედებს გულით ვინახავ.
ფერით ვინდომებ ბგერის წარმოთქმას,
ფერით ვიმონებ ნაფერფლარ მხარეს.
მინდორში ფერად ყვავილებს ვკრეფავ,
და სევდით ვუცქერ, ჩამოცლილ მთვარეს.
აქ განწირული ფერების სხივი,
სულში მედება,იისფერ სხივად.
ვხატავ და ფიქრებს კონტურით ვავლენ,
მზით გაჟღენთილი მომავლის ხატად.
აქვე, სიოსთან ვიპოვნე სევდა,
ეს ნაღვლიანი სივრცის ხაზია.
მე მაინც ფუნჯით მზიან დღეს ვხატავ,
განგაში ფერთა – რა ლამაზია.
ასე ოდითგან იძინებს კუთხე,
რაც საფიცარი საგანძურია.
მასთან დარგული ყვავილის ნერგი,
ყვავილობს ჯერაც და მიხარია.
ამდენად მინდა ვიპოვო სახლი,
მომანიჭებდეს იდუმალ გრძნობას.
დამლოცე ღმერთო, მიკურთხე ხალხი
მე განდევნილიც ვადიდებ შობას.
მე მაინც ფუნჯით, მზიან დღეს ვხატავ,
უფსკრულთან ვდგავარ, ცისფერ ზღვას ვხედავ.
დაკარგულ ფერებს ტილოზე ვფანტავ,
ღრუბლის ნაჭრებით სამოსელს ვკერავ.

ავტორი: დავიდ გუა
P.S. სტატიაზე მუშაობის დროს გავიხსენე ჩვენი პორტალის ლოგოს ისტორია. დავით ბაძაღუა ქართული ამბების პორტალის/Gürcü Haber Portalı ლოგოს ავტორია.
გასულ წელს მასზე მუშაობის პროცესში მწერდა:
„-დილით ადრე ავდექი-უცებ აზრი მომივიდა და დავასრულე.

-მზე სინათლის,განათლების, ენერგიის წყარო , წიგნი ინფორმაციის სავანე, ლურჯი მშვიდობა და სიყვარული.“
დიახ მზე, სინათლე,მზისფერი,ოქროსფერი თუ ყვითელი დავით გუას სამყაროა,რომელიც არა მარტო მის ნახატებში,არამედ მის პიროვნებაში ერთდაა შესისლხორცებული.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი


































