Kakha Kvashilava: საოცარი დევიზი ჰქონდათ საბჭოთა კავშირში, სადაც დასავლეთი ყოველგვარი ჩამორჩენილობის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი. ჰოდა, ასეთ ვითარებაში ამბობდნენ: „დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს“. სსრკ-მ ისე დაასრულა არსებობა, რომ ვერც კი დაეწია.
მაო ძედონგის (მოკლედ, ამ ჩინურის ტრანსლიტერაცია გადაგვიყოლებს კოვიდივით: ხან ძედუნია, ხან წეტონგი, ხან კიდევ – ძედონგი) დროს კომუნისტურ ჩინეთში იძახდნენ: „დავეწიოთ და გავუსწროთ სსრკ-ს“. მაო ისე ჩავიდა ქვემო სამყაროში, რომ ჩინეთი სსრკ-ს ვერც კი დაეწია. არადა, ამას რამდენიმე ათეული მილიონი ჩინელის სიცოცხლე შეეწირა მაოს ლამის მეოთხედსაუკუნოვანი მმართველობის პერიოდში.
და აი მოვიდა დენ სიაოპინი, რომელიც მიხვდა, რომ, სანამ აღქმულ კომუნისტურ სამყაროში შევიდოდა ჩინეთი სსრკ-ზე წინ, მანამ ხალხს პური სჭირდებოდა, პურს კი ფული უნდოდა, ფულს კი სსრკ არ მისცემდა (პეკინსა და მოსკოვს შორის რომ დათბა ურთიერთობები სიაოპინის დროს, მოსკოვი თვითონ იყო გადასარჩენი). ამიტომ „მშრომელთა მჩაგვრელ“ კაპიტალისტებს უხმო დასავლეთ ევროპიდან და აშშ-დან, ჩამოდით, გამოიყენეთ ჩვენი იაფი მუშახელი, გამდიდრდით და ჩვენც დაგვიტოვეთ ფულიო.
დაუჯერეს. ჩავიდნენ და დღეს ჩინეთი ეკონომიკური სასწაულის ქვეყანაა, რომელსაც ბევრმა იაფმა ფულმა (ხალხს მაინცდამაინც დიდად არ ეტყობა შიგნით ჩინეთში, მაგრამ თუ ქვეყანას დატოვებ და სხვაგან დასახლდები, ფულით აგავსებენ), დიდი მადა გაუჩინა და მსოფლიო ლიდერობისთვის ეცილება აქეთ მოსკოვს, რომელსაც ვერ იტანს ისტორიულად და ბუნებრივად, იქით კიდევ – აშშ-ს.
ამ ილუსტრაციაზე ჩანს, როგორაა მაგისტრალებითა და ავტობანებით დახუნძლული ჩინეთი (მარჯვენა ქვედა კუთხე) და მის საპირისპიროდ (როგორც ილუსტრაციაზე, ისე, ზოგადად, კულტურაში, ცხოვრების წესში, პოლიტიკაში…) – ტრადიციული უგზოობით გამორჩეული კოსმოსურ-ატომური „ზესახელმწიფო“ რუსეთი (ზედა მარცხენა კუთხე).
ასე ხდება, როცა იცი რა გინდა.
































