ისევ წვიმს.ტყვიასავით მძიმეა ცა.
Amiran Arabuli: ჯურხამთაში სველი ნისლი აწეწილა.უფრო მაღლა მღვრიე ღრუბლებია…
მცირე ხნით აიკარებს,იკლებს ავდარი და ჯუთის ჭიუხის ჩამოქირსლული “კუჭულა”თეთრად გამოანათებს.
გაღმიდან,”ფხის ტყეს” რომ ვეძახით,გუგული ხმობს.უხარია სიცოცხლე და თავდავიწყებით ებაასება დილის ცვარ-ნამით გაჟიებულ ფერად ფერდობებს.
სოფელს ასეთი გრილი და გვიანი გაზაფხული არ ახსოვს!

მდინარის ადიდების მოლოდინში ღელისპირა ყვავილები შიშისგან კანკალებენ.მიუხედავად უამინდობისა,ცხოვრება მაინც გრძელდება ჩვეული რიტმით და კატაკლიზმებით..ნაზვავზე მოსული სამხლოვნე ჭინჭრისა და ჭეკარის მოკრეფა თუ გინდა,თხელაწყალამდე უნდა იარო.და მითუფრო სახალისოა ასეთი გასეირნება,თუკი “ზეთას” შესასვლელში კოხტად შეკაზმული თვალჭკვიანი თეთრონი გელოდება!
ხოლო “ერკოვანოდ” წოდებული ყინულიანი ტბის (რომლის შექმნასა და დაგუბებაში,ამ 60 წლის წინათ,სხვათაშორის,მეც მაქვს მიღებული მონაწილეობა!) ლილო-ჭრილო მიდამოებში ბღუჯა-ბღუჯა ამოყრილა ნორჩი,ლოყნა შიბუ,მთის ღანძილი,რომელსაც ხის კასრში ანდა პლასტმასის ჭურჭელში დებენ,ამწნილებენ და ზამთრობით ხორც-ყველიანი ქადისკვრების საგულეში შესარევად იყენებენ (ხალხურ კულინარიაში ამაზე პიკანტური დელიკატესი მე არ მეგულება!).

ამ შეუმღვრეველ “ნეტარებაში”,განმარტოებასა და სრულ იდილიაში მყოფს მობილურის ზარი გაბრუნებს უკომპრომისო რეალობაში.- უნივერსიტეტში ხომ არ ხართ?- მეკითხება ხათუნა კუხალაშვილი (ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი ანალიტიკური დისპუტი მზადდება და რექტორატთან თემატიკაა შესათანხმები).ორიოდე წუთში ბატონ ირაკლი ბრაჭულის – საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორის – ნომერი იწერება ტელეფონის ეკრანზე.ჩვენი ხანმოკლე საუბარიც იმავე საკითხს ეხება.

ხანდახან მართლა გენატრება მარტივი,უმობილურო ეპოქა: წახვიდოდი დედაქალაქიდან,თვალს მიეფარებოდი,დაიკარგებოდი მოსაკლისებულ სამყაროში და…შენი მპოვნელი კაცი არ იყო!..





























