ილიაობა მომილოცნია, ქრისტესმიერ საყვარელნო!
#მამა ადამი #
დიდი დღეობაა საქართველოში: სამი დღესასწაული, ხორციელად (ამ წუთისოფლის განზომილებაში) ერთ დღეს განსაცდელი, და ამრიგად და ამ წესით ყოვლადწმიდა სამების სამსახეობის კიდევ ერთხელ გამომსახველი და სიყვარულის – ღმერთის – ყოვლადწმიდა სამების სადიდებელი!
ილიაობა – ხსენება ჩვენთვის – იბერიის წმინდა მიწის მკვიდრთათვის განსაკუთრებულად სათაყვანებელი წმინდანისა, დიდისა წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა, ვინც თავისი ხალენის მადლითა და საქართველოში წარმოგზავნით ქართველთა ქვეყანას მოევლინა წინამორბედად უფლის კვართის შემობრძანებისა და ქრისტიანობის პირველქადაგებისა.
წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე – ვინც თავისი სახელი ქართველთათვის აქცია საზოგადო სიტყვად, რომელიც იტევს ღმრთის ერთგულებას, სამშობლოსათვის თავდადებას, მოყვასის უანგარო სიყვარულს, მუხლჩაუხრელ შრომას, ზღვარდაუდებელ აზროვნებასა და უსამანო მოღვაწეობას. ილია მართალი თავისი ანგელოზის დღის – ილიაობის ყოველწლიური აღნიშვნით ამკვიდრებდა ამ დღის დიდებულებას ჩვენში და გვაფიქრებდა მარადიულ ღირებულებებზე. სამეფო ტახტგაუქმებული ქვეყნის, ავტოკეფალიააყრილი ეკლესიისა და დედაენააკრძალული სამშობლოს შვილებისთვის ილია ჭავჭავაძე იქცა ქართველობის იდენტობის განმსაზღვრელ მოძღვრად და ეროვნულობის გზის მასწავლებლად.
სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა კათოლიკოს-პატრიარქის ჯვარისმტვირთველობის გზა უფალმა უზუსტესად განსაზღვრა ბერად აღკვეცის ჟამს, როდესაც მიაენიჭა სახელი ილია თეზბიტელისა. 1988 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კანონიზაციის პირველივე შესაძლებლობისას წმინდანად შერაცხა სწორედ ილია ჭავჭავაძე. ასე გამთლიანდა ავბედობის დროჟამით ჩარღვეული მემკვიდრეობითი ჯაჭვი. ასე იქცა ილიაობა საქართველოში არა მხოლოდ ძველი და აღქმის ეპოქათა ქრისტეში ერთობის, არამედ ქართული ეკლესიისა და ქართველთა ერისა და ქვეყნის ისტორიული მისიისა და საზეპუროობის სიმბოლო დღესასწაულად.
უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ანგელოზის დღე ერისა და ბერის სიხარულით სავსე დღესასწაულია.
სამოცდამეოთხე ანგელოზის დღეს მოგილოცავთ, დიდო მეუფეო, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და ყოველთა ქართველთაო!
მრავალჟამიერ!

























