მე, ბავშვობიდან ჩაკარგული „მუჰაჯირთა საქართველოში“

კარგად მახსოვს სკოლაში მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ერთერთ გაკვეთილზე ისტორიის მასწავლებელმა, სასწავლო პროგრამის მიღმა ერთი საინტერესო ისტორია გვიამბო, გვითხრა, რომ ქართველები მარტო საქართველოში არ ცხოვრობენ, ქართველები ცხოვრობენ ირანში და თურქეთში. თურქეთის ქართველებს “მუჰაჯირებს” უწოდებენ, მერე მოგვიყვა „მუჰაჯირების“ ისტორია…
სუნთქვაშკრული ვუსმენდი…
ეს იყო დღე, რომლის შემდეგ ჩემი ფიქრები და მისწრაფებები აბსოლიტურად შეიცვალა, ტკივილად გამიჯდა სხეულში მათი ბედი, ყოველდღე ვცხოვრობდი იმ ფიქრებით, რომ ოდესმე შევხვდებოდი თურქეთში, მაშინ ორად გაყოფილ საქართველოს- (ზემო აჭარის ტერიტორია), სოფლებიდან ნავებით გადახიზნული ქართველების შთამომავალს.
ხშირად პატარა წარმოსახვით ჩანაწერებსაც ვაკეთებდი, ვქმნიდი გამოგონილ პერსონაჟებს…
ვეძებდი და ბევრს ვერა, მაგრამ მცირე ინფორმაციას ვპოულობდი ბიბლიოთეკაში ძველი პრესიდან.
მასწავლებელს რამდენჯერმე ვთხოვე , უფრო მეტი რამ მოეყოლა მუჰაჯირების შესახებ.
ვიზრდებოდი, მაგრამ არასდროს გამნელებია შორეულ ქართველებთან შეხვედრის სურვილი.
დადგა თანამედროვე ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი, პოლიტიკური საზღვრები თავისუფალი საზოგადოებრივი მიმოსვლისთვის გაიხსნა, თურქეთში, კერძოდ სტამბოლში 2005 წლიდან შეიქმნა ქართული სახელწოდებით ასოციაციები და ამ ასოციაციებში ქართულ, მშობლიურ ენას სწავლობდნენ „მუჰაჯირები“, ისინი დაეძებდნენ ქართული კულტურის ფესვებს და ეზიარებოდნენ მას.
ყოველივე ეს ინფორმაციულად ნაწილობრივ ჩემთვის ახლო და ნაცნობი იყო, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე მათი სისხლის ერთი წვეთი, მათი ხორცის ერთი ნაგლეჯი შევუერთდებოდი მათ და ერთ მთლიანობად ვიქცეოდით.
მერე კაზიმ კოიუნჯუს სისხლამდე ჟრუანტელისმომგვრელი , დაუვიწყარი ხმით ნამღერი „დიდოუ ნანა“ მოვისმინე, დავინტერსედი… თუ ვინ მღეროდა შორეულ თურქეთში ასე, ისიც შევიტყვე, რომ წლების წინ გამოდიოდა ჟურნალი „ჩვენებურები“… ახმედ მელაშვილის სახელი და გვარიც ჩამწვდა ყურში…
ეს ყველაფერი „წვეთწვეთობით“ მოდიოდა ტელევიზიიდან…
მეც ინტერესი მიღრმავდებოდა და ცხოვრების მიზნად გავიხადე ჩემი შორეული, სისხლხორცეული „ნათესავების“კვალდაკვალ სიარული.
მადლობა ბედისწერას, ასეც მოხდა. ცოტა მოგვიანებით ამ მიზნის დასახვიდან მაგრამ მაინც მოხდა…
ეს ჩემი ბავშვობის ნაოცნებარი სურვილები ცხოვრებამ გზად და ხიდად გამიდო წინ, 2014 წლიდან მე მუჰაჯირთა ცხოვრების ერთ ვიწრო ბილიკად ვიქეცი სტამბოლიდან საქართველომდე, კერძოდ ქუთაისამდე და პირიქით. უფრო მეტიც, ისინი იქცნენ ჩემს დიდ ნაწილად. ეს მაშინ, როცა ცხოვრება ამ კუთხით უფრო გამარტივდა.
2009 წელს ჩამოვაყალიბე ხელოვანთა საზოგადოება “მზის თეატრი”, აღნიშნული ორგანიზაციის ხუთი წლის იუბილეზე სტამბოლიდან. მოვიპატიჟე “ქართული კულტურის ცენტრის” წარმომადგენლები ბატონი ორჰან ბერიძე და სალომე ბარამიძე, ბატონი ორჰანი ის პიროვნება იყო, რომლის წერილსაც შემთხვევით გადავეყარე სოციალურ ქსელში, თუ როგორ მიმართავდა ის ახლადნასწავლი გატეხილი ქართულით თავის მამას და ბაბუას.
ურთიერთობები გაღრმავდა და ორმხრივად დაგეგმილ საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში გადაიზარდა.
2015 წელს სტამბოლში „ქართული კულტურის ცენტრმა“ მიმიწვია როგორც პოეტი და ავტორი უკვე კარგად ცნობილი ლექსისა “ჩვენებურებს” და ჩემი პოეზიის საღამო მოეწყო ქ.სტამბოლში. ეს იყო დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში, საღამოს უძღვებოდა არაჩვეულებრივი პიროვნება, დღეს უკვე ჩემი მეგობარი, „ქართული კულტურის ცენტრის“ ერთერთი დამფუძნებელი ფეჰმი უზალ-უსტიაშვილი.
ეს იყო დღე, სადაც შევხვდი იმ მტკივნეული ისტორიის დიდ ნაწილს, იმ ისტორიულ „პერსონაჟთა“ შთამონავლებს ,მე რომ ბავშვობიდან იმ დღემდე წარმოსახვით ვქმნიდი.
ყველაზე მეტად რამაც აღმაშფოთა და სისხლი ამიდუღა, ეს იყო ის ქართული გვარები, რომლითაც მეცნობოდნენ „ჩვენებურები“.
პირველი გვარი, როგორც გითხარით ბერიძე,იყო, მერე დიასამიძე, ირემაძე, უსტიაშვილი, მელაშვილი, კიკნაძე, გივიძე, გუნდარიძე, მახარაძე და ასე შემდეგ…
სიხარულის სიგიჟე დამჩემდა ემოციისგან…
ეს იყო ჩემი ცხოვრების სასწაული, გაცოცხლებული ისტორია.
ცხოვრება გაგრძელდა, ურთიერთობები გაღრმავდა, “ქართული კულტურის ცენტრის” ეგიდით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მას შემდეგ პარალელურად იყო, ქართული ხელოვნების სახლი, დედაენის ცენტრი და ა.შ შემდეგ ჩამოყალიბდა “შოთა რუსთაცელის საზოგადოება”, ჩემთვის ბედნიერება ის იყო, რომ ჩამოყალიბებამდე იდეის თანაზიარიც გავხდი, ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა, თუ როგორი წყურვილით იქმნებოდა უკვდავი მგოსნის სახელობის კულტურის ცენტრი. მოკლედ სტამბოლში აღნიშნული კულტურის ცენტრების ხშირი სტუმარი გავხდი.
ჩემი სამოღვაწეო არიალი წლებთან ერთად იზრდებოდა, გარდა სტამბოლისა, ბევრი რეგიონი ,ქალაქი თუ სოფელი მოვიარე; ინეგოლი, ბურსა, ბალიკესირი, ტაო-კლარჯეთი და იქ არსებული ქარათული სოფლები, არაერთხელ ჩამიტანია ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფებისთვის „დედა ენის“ წიგნები, ჩამიტარებია ქართულის გაკვეთილები, მოგზაურობისას ვაგროვე ინფორმაციები, რომელიც იწერება წიგნად….
ჩემი პოეზია გამდიდრდა ჩვენებურებზე შექმნილი ლექსების ციკლით..
შეუძლებელია სიტყვით გადმოვცე ის ემოცია, თუ რა ვიგრძენი, როცა პირველად სარფის საზღვარი გადავიარე და საზღვრის იქითა „საქართველოში“ ფეხი დავადგი, მეგონა სხვა სამყაროში გავჩნდი და ჩემი „წინა ცხოვრება“ იყო საქართველო, სადაც ბიოლოგიურად დავიბადე.
მეგონა,წარსულში დავბრუნდი და ახლა ყველაფერი შავთეთრ კადრებს დაემსგავსებოდა, მეგონა ის ნისლი, რომელიც იმ დილაადრიან მთებს იქიდან მოცურავდა, ფილტვებს დამიხეთქავდა და იმ შავი ზღვის ნაწილი, რომელიც საზღვრისიქითა საქართველოდან ჩანდა , წინა საუკუნეების მორევი იყო. ჩავიკარგე წარსულში და სუნთქვა, გული, სისხლი გამიჩერდა…
მე სიზმრებშიც მიტირია, ცხადში კი ვერ დავთვლი,რამდენჯერ…
ვერა, ვერარფრით გაგრძნობინებთ ამ წერილით იმ ემოციებს რაც საზღვარზე გადასვლისას ყოველჯერზე მეორდება.
მე ბავშვობიდან ჩავიკარგე „მუჰაჯირთა საქართველოში“, იმ საქართველოში, რომელსაც საზღვრის აქეთა „ქართული ფესვების“ საქართველოდან სიყვარულით და ერთად ყოფნის სურვილით მივმართე სიტყვებით მერე რა თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არი!..






























