აპოლონ ჯინჭარაძე
უდიდესი ქართველი მეცნიერი,მსოფლიო მნიშვნელობის მკვლევარი,რომელიც თითქმის უცნობი და დაუფასებელია. აპოლონ ჯინჭარაძე დაიბადა 1961 წლის 6 იანვარს თბილისში.1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.1983 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი სპეციალობით-ბიოლოგია ,,გენეტიკა,,.მისი განსაკუთრებული ნიჭი შეამჩნია გენეტიკის კათედრის გამგემ და მიავლინეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში.

იგი როგორც მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი ჩაირიცხა მიზნობრივ ასპირანტურაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის- ვ.ენგელჰარდტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში.1988 წლის 24 თებერვალს იქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“. სწორედ დისერტაციაზე მუშაობისას ა.ჯინჭარაძემ შეძლო აღმოეჩინა ახალი ზონდი ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის (M13) საფუძველზე,რომელიც უნივერსალურია ცოცხალი სამყაროს მიმართ.ამ ზონდის საშუალებით შესაძლებელია იდენტიფიცირება ცალკეული ინდივიდუმებისა ადამიანებში,ცხოველებსა და მცენარეებში.აგრეთვე განსხვავებების დადგენა მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის.
გენომური დიქტოლოსკოპიის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრიზი,მან თანაავტორებთან ერთად აღმოაჩინა 1985 წელს,სპეციფიკური მოლეკულური ზონდი,რომლის საშუალებითაც დგინდება ინდივიდუალური განსხვავება მხოლოდ ადამიანებში.
აპოლონ ჯინჭარაძე 1988 წელს თბილისში დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში.სამწუხაროდ 1989 წლის 4 მარტს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა,მაშინ როდესაც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხაად ემზადებოდა.აღსანიშნავია,რომ აპოლონის გარდაცვალების შემდეგ,მისმა კოლეგამ პავლე ივანოვმა გამოიყენა რა ჯინჭარაძის მიერ აღმოჩენილი ზონდი, მოახდინა რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.
ა.ჯინჭარაძის სიცოცხლის პერიოდშივე ამ მეთოდით ძლიერ დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს მაშინდელი უფროსი დორიან როსტიაშვილი.შესრულდა გარკვეული სამუშაო და ფაქტობრივად ეს მეთოდი დაინერგა საქართველოში.
1996 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის 18 ივნისის ბრძანებულებით ქართველ მეცნიერს აპოლონ გიზოს ძე ჯინჭარაძეს (გარდაცვალების შემდეგ), მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში,გენეტიკური დიქტოლოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის.დიდი ივანე ბერიტაშვილის შემდეგ იგი მეორეა ქართველ ბიოლოგთაგან, ვინც ამგვარი ჯილდო დაიმსახურა.
აპოლონ ჯინჭარაძის საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერების უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად აღიარეს. მისი ოჯახის და გარემოს,ინტერესების,მისი აღმოჩენის მნიშვნელობისა და მის მიმართ საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო მეცნიერთა დამოკიდებულების შესახებ,შესაბამისი სურათების დართვით გადმოსცემს წიგნის ავტორი აპოლონის ძმა ექიმი ბადრი ჯინჭარაძე.




























