ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული – 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;//
პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც 1978 წელს დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს „ოქროს პაიკი” მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

VS
“Netflix” – ამერიკული კომპანია ,რომელმაც თავის დროზე კინოინდუსტრიას ახალი მნიშვნელობა მიანიჭა და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ის გამომწერებზე დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც აწვდის მომხმარებლებს ფილმებს, სერიალებს, ტელეგადაცემებს და სხვა. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანია მოიზიდონ კლიენტურა, რომელიც მათ მიერ მიწოდებულ პროდუქტს სხვა გზებით იღებს, ამიტომ იგი უპირისპირდება უდიდეს ინდუსტრიას, კაბელურ ტელევიზიასა და კინოთეატრებს. იმისთვის, რომ “Netflix”-მა მათ კონკურენცია გაუწიოს, იგი მომხმარებელს სთავაზობს ულიმიტო რაოდენობის ფილმებსა თუ გადაცემებს ნებისმიერ დროს.
გასულ კვირას ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის შტატის სასამართლოში ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ “ლაზიერის გამბიტის” (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს, პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.
სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.
ფილმის ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, ამ დროს მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ბეთ ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”
ნონა გაფრინდაშვილის საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის ათ დიდოსტატთან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ასევე შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუს მოჭადრაკედ მოხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის რუსეთის აგრესის წინააღმდეგ.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.
მოჭადრაკის ინტერესებს იურიდიული ფირმა BLB იცავს.
ნონა გაფრინდაშვილის მიერ კომპანია Netflix-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას ვრცელი ფეიბუქ პოსტით ეხმიანება ახალგაზრდა მწერალი ტორესა მოსი.ჩვენ დავუკავშირდით მას და სპეციალურად ქართული ამბების პორტალისთვის/Gürcü Haber Portalı კომენტარი ვთხოვეთ: “ვფიქრობ რისი თქმაც მინდოდა პოსტში დავწერე,არა მგონია რამე ახალი და თვისობრივად განსხვავებული კომენტარი გავაკეთო“-განაცხადა ჩვენთან საუბრისას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბევრი აზრი მოვისმინე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე, მაგრამ მე სხვა კუთხიდან შევხედე. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება რაღაც აკეთეთ, მთელი ცხოვრება მიუძღვენით ერთ კონკრეტულ საქმეს და ამ საქმეში გახდით საუკეთესო. ამ დროს, ვიღაც იღებს სერიალს და ამ სერიალში, ერთია რომ წარმოსახვით პერსონაჟს გადარებთ და ამბობს, რომ ის გამოგონილი პერსონაჟი უფრო მაგარია, ვიდრე თქვენ, მაგრამ მეორეა რომ ამას იმის ხარჯზე აკეთებს, რომ თქვენს მიღწევებს პრაქტიკულად ანახევრებს. სერიალს 68 მილიონმა ადამიანმა უყურა გამოსვლიდან ორ კვირაში და ჯამში ას მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვენს შესახებ გაიგო რომ ხართ რუსი, რომელიც არ ხართ და ამავდროულად, ფიქრობს რომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რაც მართლა გააკეთეთ.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ საბჭოთა კავშირში ყველას რუსად მოიხსენიებდნენ. არც ესაა არგუმენტი. რეალურად საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელმწიფოთა კავშირში. ფილმში რომ ეთქვათ საბჭოთა, ვერაფერს იტყოდი, რადგან ყველა ვინც ამ კავშირში შედიოდა საბჭოთა მოქალაქე იყო, მაგრამ რუსი ეთნიკურ წარმომავლობას ნიშნავს და ფაქტობრივი ტყუილია იმ მოცემულობაშიც კი, რომელშიც მოგიწია ცხოვრება. საკითხს არ ჩაუღრმავდნენ მაშინ, როცა რეალურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და რეალური ადამიანის ბიოგრაფიას ეხებოდნენ. კი, ნეტფლიქსაც შეიძლება ჰყავდეს სირი სცენარისტები, რომლებიც კარგ სცენარს წერენ, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩებათ.
შესაბამისად, დასკვნა ასეთია, რომ ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ. იმსახურებთ თუ არა, რომ ფაქტობრივი ტყუილის შემცველი მომენტი სათანადოდ შეიცვალოს ან საერთოდ ამოიჭრას? იმსახურებთ. ცალსახად იმსახურებთ.
და ბოლოს, ძალიან ცუდია თუ დასავლურ სამყაროში ყველას ერთიანად რუსებად აღგვიქვამდნენ. ეს მაშინაც ფაქტობრივი შეცდომა იყო, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ გვქონდა, მაგრამ რატომ არ უნდა ვაიძულოთ იმის აღიარება დღეს, რომ მექანიკურად აღარ მიგვათვლიდნენ რუსებს, თუნდაც წარსულში? ჩვენი ამოცანა მათ შორის იმის დამტკიცებაცაა, რომ ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი საკუთარ იდენტობაზე და დიახაც ვალდებულები არიან თუ არ ამბობენ საბჭოთა მოქალაქეს და აქცენტს ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ, მოგვიხსენიონ იმად, ვინც ვიყავით და ვინც ვართ”- წერს ტორესა მოსი.
ამ რეზონანსულ დავასთან დაკავშირებით ამერიკულმა The New York Times-მაც დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ნონა გაფრინდაშვილმა, Netflix-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო და “ლაზიერის გამბიტში” დამახინჯებული ფაქტების გამო მიყენებული სოლიდურია ზიანის (როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული) კომპენსაციას ითხოვს. ამასთან, ლეგენდარული მოჭადრაკის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.

მოგვიანებით ამ ფაქტს Netflix-შიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ უაღრესად დიდ პატივს სცემენ ქალბატონი ნონას მიღწევებს, მაგრამ მის სარჩელს უსაფუძვლოს მიიჩნევენ და თავიანთი სიმართლის ნებისმიერ ინსტანციაში დაცვას აპირებენ.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი



























