„მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,
Kakha Kvashilava: ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, თურქოლოგმა, მთარგმნელმა ბატონმა გოგი ანთელავამ, რომელიც ძალიან ბევრ დიდ ადამიანს შეხვედრია („რუსთაველზე რომ გავიდოდით ბიჭები, ხან აქეთ ვიხრებოდით მისასალმებლად, ხან იქით, რა ხალხი დადიოდაო“), მითხრა: ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტების კვლევასა და გამოცემაზე რომ მუშაობდაო, მახსოვს, ღამეები მის სამუშაო ოთახში შუქი ენთო და ბატონი სიმონი შეუსვენებლივ მუშაობდაო.
დავაკვირდი, როდესაც სიმონ ყაუხჩიშვილს, სერგი ჯიქიას, ნიკო ბერძენიშვილს თუ სხვებს ასახელებს, დღესაც კი „ბატონ“-ს ურთავს წინ. არ მახსოვს, ვინმე „ბატონი“-ს გარეშე დაესახელებინოს.
ხელთუქმნელი განძი დაგვიტოვა ბატონმა სიმონმა მისი „ქართლის ცხოვრებით“, „გეორგიკა“ რომ არ ვახსენოთ…
„ქართლის ცხოვრების“ სამივე ტომი მაქვს: II – მაჩუქეს, I და IV კი ბუკინისტებთან შევიძინე. ამათ გვერდს როგორ ავუვლიდი.
ეს ტომეულები ჩემთვის ბიბლიის დარი წიგნებია. წმინდა წიგნები! სიმონისეული „ქართლის ცხოვრება“ ყველაზე ძვირფასი წიგნებია ჩემს ბიბლიოთეკაში. რომ ვიღებ, გადავშლი, კითხვას დავიწყებ, ბატონი სიმონის უძილო ღამეები მაგონდება: ეს როგორ გააკეთა? როგორ მოერია?
მართალია, მთლად ყამირზე არ დაუწყია მუშაობა. თავისი წვლილი ივანე ჯავახიშვილმაც დასდო, კორნელი კეკელიძემაც… მაგრამ ისინი მხოლოდ ცალკეულ ნუსხებზე მუშაობდნენ. აქ კი ბატონ სიმონს ყველა იმ დროისთვის აღმოჩენილი და გამოვლენილი ხელნაწერი ჰქონდა გასაანალიზებელი, შესადარებელი, შესასწავლი და მეტ-ნაკლებად ზუსტი ტექსტი უნდა გამოეცა.
კი, რა თქმა უნდა, ეს ნაშრომებიც მოძველდა: შემდგომი კვლევებით ბევრი რამ დაზუსტდა, ჩასწორდა, ცალკეული მატიანეების ახალი გამოცემებიც გვაქვს უკვე. მათ შორის, აკადემიკოს რ. მეტრეველის რედაქციით განახლებული „ქართლის ცხოვრება“ (2008 წლის გამოცემა).
მაგრამ, ეს არაფერი არ იქნებოდა, სიმონ ყაუხჩიშვილს რომ მისი ჯვარი არ ეტვირთა.
დიდი, ამაგდარი და საქართველოს წარსულის ალამდარი მეცნიერი – ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი!
როგორ კარგად შეიგრძნო „ქართლის ცხოვრება“ დიდმა გოგლა ლეონიძემ (მისი ორი ლექსის კომბინაცია):
„მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!
შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას, – ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!“

„გაშალე… ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე… ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია…
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშები ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა
სიკვდილით დაიკბინება…
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, –
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი
კვამლში ბღავიან ხარები…
ქერქებგახდილი ხეები,
დამწვარი ნასახლარები…
და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, –
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!“
P.S. იმედია, ბატონი სიმონის შვილიშვილი, ასევე ცნობილი მეცნიერი, გია გელაშვილი, რომელმაც იპოვა ბატონ სიმონის მიერ გამოსაცემად მომზადებული III ტომი (რომელიც დაკარგულად ითვლებოდა), მალე გამოსცემს მისი წინაპრის ამ უკანასკნელ საქვეყნო მემკვიდრეობას.
ბატონმა სიმონმა, მისმა თაობამ, მისმა მასწავლებლებმა, მისმა მოწაფეებმა მტკიცე საძირკველი ჩაუყარეს ქართველოლოგიას, მაღალი კედლებიც ამოიყვანეს. აწ კი როგორ გავამყარებთ ამ ტიტანურ შრომას ჩვენი და ჩვენი ახალგაზრდა თაობების მოვალეობაა.





























