Kakha Kvashilava : თურქეთის მეორე პრეზიდენტი 1938-1950 წლებში (1961-1965 წლებში კი მეორე რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, ისევე, როგორც პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერობაც მას ერგო) ათათურქის თანამოაზრე, თანამებრძოლი გენერალი მუსტაფა ისმეთ ინონუ (Mustafa İsmet İnönü, 1884-1973). ფოტოზე ძნელი საცნობი არაა, ხომ? მარცხნივ და მარჯვნივ XX საუკუნის შუა წლების საერთაშორისო პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის გენიოსები უსხედან.
როგორც სამხედრო პირი, ხომ გენიოსი იყო, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეობასა და დიპლომატიაშიც წუნი არ დაედებოდა.
II მსოფლიო ომის დროს მოუწია თურქეთის მართვა. ამ ომში კი ერთ მხარეს იყვნენ გერმანია, რომელთანაც მოკავშირეობამ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთი პოლიტიკური რუკიდან წაშალა და ყოფილი ანტანტის ბლოკი, რომელსაც ახლა „ანტიფაშისტური ბლოკი“ ერქვათ.
1920-იანებში მუსტაფა ქემალმა კარგად გამოიყენა ლენინიც და შემდგომ სტალინიც. ორივეს ეგონა, რომ რევოლუციონერი თურქები მათი ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და რაც ფული ჰქონდათ, ლამის მთლიანად თურქეთის შეიარაღების გაძლიერებასა და ეკონომიკის აღორძინებაში ჩადეს. ათათურქს კი ამ დროს უბრალოდ ეღიმებოდა.
ჰიტლერის გერმანიის გაძლიერების შემდეგ, ანკარამ თავის დროზე მის დამაქცევარ არიელებსაც შეხედა. ვაითუ, რა ხდება ამ მსოფლიოშიო.
ბერლინ-ანკარაში გაიხსენეს ძველი ძმობა-მეგობრობა. აქეთურიც თქვეს და – იქეთურიც.
ჰიტლერმა ჩათვალა, რომ ისმეთა ჩემი კაციაო. ეგრევე რომ იარაღს ავაჟღარუნებ, ისიც მეჰმედ ფათეჰის იატაგანს იშიშვლებსო.
სტალინი კი შეშფოთდა, მაგრამ ამდენი სიკეთე გვიკეთებია მათთვის და არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგო. თუმცა, მაგიდის ქვედა უჯრიდან სსრკ-ს ახალი რუკაც ამოაძვრინა და ართვინ-არტაან-ტრაპიზონს რაიკომის მდივნებიც დაუნიშნა.
ისმეთმა კი იცოდა, გერმანიასთან ერთად იმავე მდინარეში შესვლა, რომ მაინცდამაინც ახლა მოვიგებთ ომს, მთლად სწორი გათვლა არ იყო, მით უფრო, ლამის მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ გამოვიდა და არც იაპონელი სამურაები იფატრავდნენ მუცელს გერმანელი რაინდებისთვის შორეულ აღმოსავლეთში კომუნისტებთან ბრძოლებში.
გაძლიერებული სტალინიც აშფოთებდა და ყოფილი ანტანტელებიც, ოციოდე წლის წინ ოსმალეთის სამკონტინენტოვანი რუკა ნაფლეთებად რომ აქციეს. კარგად ახსოვდა ეს ისმეთს. მუდროსის მოლაპარაკებების ექო ჯერ კიდევ კარგად ჩაესმოდა თურქეთის პირველ პირს.
ამიტომ ჰიტლერის წაგება თურქეთის საბოლოო წაშლას ნიშნავდა.
მაგრამ არც ჰიტლერთან დაპირისპირება უნდოდა და არც – ანტიფაშისტელებთან. ორივე თავისუფლად „ძოვდა“ თურქეთში. ორივეს აგენტურით სავსე იყო სტამბოლის ჩახვეული შუკები.
თურქები კი ორივეს თვალყურს ადევნებდნენ. ორივეს მაჯაზე ედოთ ხელი და პულს ყურს უგდებდნენ.
1945 წლის 23 თებერვალს კი ომი გაუცხადა გერმანიას და ერთი ტყვიის გავარდნის გარეშეც კი გამარჯვებულ და გაერო-ს დამფუძნებელი სახელმწიფოდ აქცია თურქეთი ინონუმ.
ცოტა ხანში კი აშშ-სგან შეთავაზებული „მარშალის გეგმის“ მსუყე ლუკმაც ჩაკბიჩა თურქეთმა და დაიწყო პროცესი ახლადშექმნილ სამხედრო ბლოკთან – NATO-სთან მუშაობა, რითაც სტალინის ოცნებები ოცნებადვე დატოვა.
აი, ასეთი სახელმწიფო მოღვაწე იყო დიდი ისმეთ ბეი, რომელმაც ყოველგვარი დაძაბულობებისა და გართულებების გარეშე გაატარა თურქეთი იმდროინდელი მსოფლიოს სამხედრო და პოლიტიკურ ქარტეხილებში!
მიუხედავად ამისა, მან საპარლამენტო არჩევნები წააგო.
ასეც ხდება, სადაც სახელმწიფოებრიობა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – არსებობს





























