Kakaha Khvasilava: ერთხელ, ერთმა მკითხა, სააღდგომოდ სახლში, სოხუმში, რატომ არ მივდიოდი?!
პასუხად გავიღიმე, იქ მე არ მიშვებენ-მეთქი.
ყოველ აღდგომას ეგ მაგონდება, მე რატომ არ მივდივარ სააღდგომოდ ჩემს სახლში, სოხუმში.
ჩავრთე გუგლის რუკა, მოვძებნე სოხუმი, ჩემი სახლი. ვერ შევიხედე, მხოლოდ დავხედე, მერე კი ავუყევი გზას სასაფლაოსკენ, სადაც ბებია-ბაბუას ვახარებდით “ქრისტე აღდგა!”.
ნაცნობ-უცნობების საფლავებსაც შემოვივლიდით. მახსოვს, ჩვენებს თუ ეგულებოდათ ვინმე, ვინც ვერ ამოაკითხავდა მიცვალებულ წინაპრებს, ჩვენები მოუწესრიგებდნენ მათ საფლავებს, გადახვეტავდნენ, სარეველას ამოძირკვავდნენ, კვერცხს გადააგორებდნენ და შესანდობარს იტყოდნენ.
ახლა გუგლის რუკით მხოლოდ სასაფლაოს ადგილი ვიპოვე. მაღლიდან გადაღებულ ფოტოზე საფლავები მკვეთრად არც განირჩევა.
მგონი, აღარც არის…
უფრო არ არის.
სავარგულებია, მგონი.
ბოლოც 93 წლის აღგომას ავედით.
ალბათ, აღდგომა დღეს დავბრუნდებით ყველანი.
ქრისტე აღდგა!






























