რუსეთი მარტო იარაღით არ გვებრძვის. სოციალური ქსელებიც კარგად აქვს ათვისებული.ჰოდა, განიხილავენ აქ, როგორ დამალეს ქართველებმა (იგულისხმება აღმოსაველთ საქართველო) მეგრელ-სვანთა უძველესი ისტორია და აგერ უკვე რამდენი საუკუნეა (თუ ათასწლეული არა) ახდენენ მათ დამცირებას და ასიმილაციას.აღმოსავლელ ქართველებს კი უჩენენ კითხვას, თუკი მეგრელი და სვანი ქართველია, მათი საუბარი შენთვის გასაგები რატომ არაა? ე.ი. ქართველი არაა.ოკუპანტი რუსი გვეუბნება, მე რომ ოკუპანტს მეძახი, სხვებიც ხომ ოკუპანტია, შეხედე სხვა მეზობლებსო.მაგრამ როგორც კი სარწმუნოებაზე ჩამოვარდება საუბარი, „პატრიოტი“ ქართველი დნება როგორც ყინული მცხუნვარე მზის ქვეშ: კი, ოკუპანტია, მაგრამ მართალი სარწმუნეობა აქვთ და მათი იმედი მაქვს, აბა ურწმუნო მუსლიმებს, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს, როგორ ვენდოოო.მე იმ თაობიდან ვარ, საბჭოთა კავშირი რომ მახსოვს. ჰოდა, იმ ქვეყანაში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მეცნიერება საკმაოდ განვითარებული იყო. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, განვითარებული მეცნიერების ქვეყანაში კაშპიროვსკი და ჩუმაკი პოპულარულები რატომ გახდნენ.ალბათ, ადამიანს იმის დაჯერება უფრო ურჩევნია, რაც უჩვეულოა, რასაც მიეწერება „საიდუმლო ცოდნა“ და ა.შ.ჰოდა, დღესაც, 2022 წელს, როცა კაცობრიობამ შავი ხვრელების „დანახვა“ შეძლო, რაც ჯერ კიდევ, 20 წლის წინ წარმოუდგენელი ფანტასტიკა იყო, „ჯეიმს უების“ ტელესკოპით 12 მილიარდი წლის წინანდელი სამყარო იხილა, გულწრფელად სჯერათ ამ „საიდუმლო ცოდნის“.არადა, კოლხეთის ისტორია არავის დაუმალავს. აქედან იწყება ჩვენი ერის სახელმწიფოებრივი ისტორია: დიაოხი – კოლხა – კოლხეთის სამეფო. გადაშალეთ სასკოლო სახელმძღვანელოები.ერთ დროს ერთი ქართული ენა გვქონდა, რომელიც შემდეგ, ისტორიული სირთულეებით, გარკვეულად დაიშალა, თუმცა არ გადასხვაფერდა. აღმოსავლელი ქართველი რომ ფიქრობს, სალიტერატურო ენით ვსაუბრობო, მეტ-ნაკლებად სცდება, რადგან ჩვენი სალიტერატურო ენა იმდენადაა მშობლიურად ქცეული ბარბარიზმებით სავსე, რომ თურქულ-სპარსულ-სომხურის შესწავლა ქართველისთვის დიდი სირთულე არაა. სვანურ და მეგრულ მეტყველებაში (და სხვა დიალექტებში, რომლებიც დაშორებული იყო პოლიტიკურად აქტიურ რეგიონებს) კი უფრო შემორჩენილია ქართული ლექსიკური მარაგი. აფხაზეთის სამეფომ, რომელმაც დედაქალაქად ქუთაისი გაიხადა, მინიმუმ, მეგრული მეტყველება რატომ არ აქცია სახელმწიფო ენად? რატომ მეტყველებდნენ იმავე ენაზე, რომელზედაც შორეულ ჰერეთ-კახეთში საუბრობდნენ? განა ვინმე დაუშლიდათ? იმიტომ, რომ ეს ენა – ქართული – იყო ერთადერთი სამეტყველო ნიკოფსიიდან მოყოლებული ისტორიული საქართველოს ყველა უკიდურესი კუთხით დასრულებული. სხვა ენაზე არ მეტყველებდნენ.ერთმორწმუნე რუსეთმა დაიწყო ჩვენი დაშლა მეგრელ-ქართველ-სვანებად და „მეგრული ენის სახელმძღვანელოებიც“ შეგვიქმნა, მაგრამ სამეგრელოს გონიერმა მოსახლეობამ არც გაიკარა ეს წიგნი. დღეს, თურმე, მეგრული და სვანური რეგიონალურ „ენებად“ იქცნენ, ამ ენებზე უნდა იმუშაოს ადგილობრივმა სახელმწიფო სტრუქტურებმა.უბრალოდ, იკითხეთ საქართველოს ისტორიის წიგნები, მატიანეები და ყველაფერი მარტივად გასაგები იქნება. არავითარ „აკრძალულ“ თუ „საიდუმლო“ ისტორიასთან და ცოდნასთან საქმე არ გვაქვს.უბრალოდ, შევეწინააღმდეგოთ კრემლის ანიქართულ პროპაგანდას სოციალურ ქსელებშიც, ესეც ჩვენი ომია საქართველოსთვის.


























