Kakha Kvashilava: 1994 წლის 15 ნოემბერს ერთი დღით თბილისში თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ჩამოვიდა. საუბრისას ედუარდ შევარდნაძე დიდხანს მოუნდა იმის ახსნას, თუ რატომ მოუხდება დათანხმდეს რუსეთის სამხედრო ბაზების გარკვეული ვადით შენარჩუნებას, „მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ პირობების წაყენების გარეშე. კერძოდ, უნდა მივიღოთ რუსეთისგან სამხედრო ტექნიკა და მან უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები აფხაზეთში სამშვიდობო მისიის განხორციელების თვალსაზრისით“. რეგიონისათვის ამ რთულ და იქნებ მტკივნეულ თემაზე საუბრისას დემირელის რეაგირება ფრთხილი, მოზომილი და იმავდროულად პრინციპული იყო. „მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ საქართველომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. თქვენ მოგეცათ განსაკუთრებული შესაძლებლობა და ამჯერად ისტორია არ უნდა განმეორდეს… თქვენ ვიწრო ბილიკზე გიხდებათ სიარული. მესმის, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს აქ თავისი ბაზები. მეორე მხრივ, მთელი მსოფლიო მშვიდობისათვის იბრძვის. თითქოს რუსეთსაც აქვს სამშვიდობო ხელშეკრულება ნატოსთან. მაშ, ვის მიიჩნევს მტრად ან ვისი შეშინება უნდა“.
აღნიშვნის ღირსია, რომ ამ შეხვედრაზე შევარდნაძე უკვე კონკრეტულად ასახელებს შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტს. „შუა აზიისა და აზერბაიჯანის ნავთობის მოწოდება ბაზრებზე საქართველოზე გავლით უნდა ხდებოდეს, ვთქვათ ასეთი მარშრუტით – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. ჩემი თხოვნა იქნება, თუ ეს საკითხი დადგება, თქვენ რომ მხარი დაუჭიროთ“.
ე. შევარდნაძე რუსეთის საპირწონეს თურქეთში ხედავდა.



























