დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში – საქართველოშიც იგრძნობოდა…
თურქეთში, სირიის საზღვართან დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა 284 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 2 323 ადამიანი.
ამასთანავე, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 10 ქალაქი დაზარალდა.
მისი თქმით, დაზარალდა ქალაქები გაზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.

























