ლუდოვიკოდან თავისუფლებამდე სათქმელი მადროვეთ
ვიცი მე კარგად, ერთმა ქართველმა კაცმა, რაც გააკეთა მარგარეტ ტეტჩერმა საქართველოს თავისუფლებისთვის. თქვენ კარგად იცით საბჭოთა კავშირი გარედან და ასევე შიგნიდან როგორ დაიშალა ქაღალდზე. დიახ ქაღალდზე, თორემ რეალური დაშლა ახლა დაიწყო, უკრაინიდან.
თქვენ ხომ იცით, თუ რისთვის მოგვიკლა იმპერიამ ქართველებს ლიდერები. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ როგორც კი ილია საბანკო სფეროში შევიდა, დაკვეთაც უკვე მზად იყო. როგორც კი ზვიადიმ თავისუფალი ბირჟების შექმნაზე საუბარი დაიწყო, დაკვეთა იმ საღამოსვე შედგა. როგორც კი საქართველოს ექნებოდა საბაზრო ეკონომიკა, ქართველი ერი ფინანსურად დამოუკიდებელი გახდებოდა. ყველაზე ძალიან კი ამისი ეშინოდა მოსკოვს.
შეგახსენებთ მეფე ერეკლეს ხელმოწერილ გეორგიევსკსაც. მანამდე თქვენთათ, ვენის მუზეუმში მოიძიეთ ერეკლეს გამოგზავნილი წერილი საქართველოდან. გეორგიევსკი არ ყოფილა ჩვენი არჩევანი. სული სახრჩობელაზე გვქონდა ჩამოდებული, არჩევანი აღარ იყო. ერეკლეს ხელმოწერილ ისტორიულ წერილს კარგად გაეცანით და ამაში დარწმუნდებით.
შავი ზღვის გადაღმა იბრძოდა ქართველი კაცი – რუმინეთში ანთიმოზ ივერიელი, ბულგარეთში კონსტანტინე ჭილაშვილი, ალექსი წერეთელი და სხვები. არც უკრაინაში დაიდო ტყუილად დავით გურამიშვილმა საძვალე. ვიბრძოდით შავი ზღვის აუზის ქვეყნების წესრიგისთვის, რადგან მოკავშირეობის ფასი სულ ვიცოდით. და ახლაც ვიბრძვით უკრაინაში. ხომ კარგია დღეს თავისუფალი რუმინეთი? ბულგარეთი? და ჩვენც გვიხარია რომ ეს ასეა. უკრაინაც მალე გათავისუფლდება.
მოსკოვთანაც ბევრი ვცადეთ. ჯერ კიდევ ადრე ვახტანგ მეექვსე ელაპარაკებოდა, პატარა კახმაც ბევრი ცადა, ამბროსი ხელაიაც ელაპარაკა, ნოე ჟორდანიაც დაელაპარაკა… პირველი პრეზიდენტიც დაელაპარაკა, მეორე პრეზიდნტიც ხშირად ელაპარაკებოდა, მესამე პრეზიდენტმა პირდაპირ ინაუგურაციაზე გაუწოდა მეგობრობის ხელი, მეოთხე პრეზიდენტმაც გამოთქვა დიალოგის მზაობა, მეხუთე პრეზიდენტიც და მთელი მთავრობაც ხომ ელაპარაკება და ელაპარაკება…
მწვანილის სტატისტიკაზე საუბრამდეც კი დავიდა ქართველი კაცი, ოღონდ რამე შეეგნოთ… მაგრამ როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდება იმპერიის ნაღრძობი ტვინი.
თავისუფლების და ლიბერალური გლობალიზაციის ფილოსოფიის ტიტანების, შოთას და ვაჟას ქვეყანაში , არ დაგვცალდა წესრიგი. ტერიტორიების ოკუპაციის გარდა, ხალხის მენტალობის ოკუპაციასაც არ ერიდობოდა იმპერია მთელი 250 წელი.
არ იფიქროთ, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვღლის. ტაო-კლარჯეთის რენესანსები გაქვთ შესასწავლი, რომ დარწმუნდეთ ჩვენი ერის დაუღლელობაში. ჩვენ მარტო მეღვინეები არა ვართ, ჩვენ მეკარიბჭე ერი ვართ.
ევროპელებო,
2012 წელს საქართველომ საშინაო დავალება შეასრულა. არჩევნების შედეგად მთავრობის მშვიდობიანი გადაბარება შედგა.
2019 წელს გავრილოვს სავარძელი არ დავუთმეთ. ქართველი გოგონას თვალი შევწირეთ. ეს თვალი ძალიან ძვირი გვიღირს ჩვენ ერს.
რეფერენდუმითაც დავადასტურეთ ერის სურვილი ნატოსა და ევროინტეგრაციაში.
სხვაც ბევრი სამოქალაქო პასუხისმგებლობა განვახორციელეთ და ეს ყველაფერი ცივილიზებულად გააკეთა ქართველმა ხალხმა.
წინასწარ ვიცი რაც უნდა მითხრათ პასუხად, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბირჟები გვჭირდება, რომ საბაზრო ეკონომიკა გვქონდეს და თავად შევძლოთ საკუთარი რესურსებით წვლილის შეტანა ერთიან ევროპულ ოჯახში.
ამაზეც მაქვს პასუხი, მე ერთ რიგით მოქალაქეს. 13 საუკუნის წინ ჰქონდა საქართველოს საფონდო და სასაქონლო ბირჟები და მათ ორტაღები და ქარვასლები ერქვა.
ახლაც მალე აღვადგენთ ამ ყველაფერს, ცოტაც კიდევ გვაცალეთ. ლუდოვიკოდან დღემდე ჩვენ სამასი წელი გელოდეთ თქვენ. ახლა სამი წელი გვაცალეთ როგორმე კიდევ, მეტი აღარც დაგვჭირდება, სამი წელი…
ბოლოს კი ასეთი შედეგი დადგება. როცა მაგიდის ერთ ბოლოში ლონდონი დაჯდება, ხოლო მეორე ბოლოში პეკინი და დანარჩენებიც შემოუსხდებიან, აი მაშინ, თბილისი მაგიდის შუაში დაიკავებს ადგილს და მერე… ასეთ მაგიდასთან მთელი ევროპის დიალოგი მთელ აზიასთან ფრიად სასიამოვნო იქნება.
დაბოლოს,
როდიონოვის არ შეშინებია ქართველ კაცს 9 აპრილს. სიონის ტაძარში კი სამი ბუმბერაზი პატრიარქი ერთად გვიწევს გვერდიგვერდ, იმპერიასთან თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი.
ბ.თ. არ იფიქროთ, რომ სულ ეს იყო ჩემი სათქმელი. ერთად როცა დავსხდებით, მთავარ სათქმელს მერე მიიღებთ ჩემგან.
ბატონ შარლ მიშელს ჩემგან მოკრძალებული მოკითხვა. და თუ ჩემი ვინაობა იკითხოს, გადაეცით, რომ ამ წერილით მიშელ მუსხელიშვილის სამშობლოდან შეგაწუხეთ.



























