
შეხვედრა სიკვდილის შემდეგ
პირველი ნაწილი
ადამიანს, როდესაც ხელში ყველა კარის გასაღები გაქვს, განგება უკარებო წრეს გახვედრებს. დადიხარ წრეზე, დაეძებ გასასვლელს, აჰყურებ ცის კაბადონამდე აღმართულ წინააღმდეგობას და ხვდები, რომ ესაა ამქვეყნიური აღსასრული, გრძნობ, რომ ცის თაღებიდან შენამდე ჩამოღწეული ნათება გიზიდავს და შენც, მის შუქს, სხეულიდან განთავისუფლებული, ჰაეროვნად მიჰყვები. არა , ეს ფრენაა, სინათლის სხივის მიმართულებით ფრენა, ფრენა დედამიწიდან შორს, ღმერთთან მისაახლოებლად ...
ყველაფერი უცნაურად წარიმართა. არასოდეს მიფიქრია, რომ მე და ჩემი იტალიელი სინიორა მარიეტა, ერთმანეთს დამშვიდობებულნი და სხვადასხვა გზით წასულნი (მარიეტა, თავის შვილ მარიოსთან ახლოს ყოფნის სურვილით, იმ კლინიკაში მოხვდა სამკურნალოდ, სადაც იგი წლებია მკურნალობას გადიოდა.ბუნებრივია, მეც უნდა დამეტოვებინა მათი სამყარო.) ერთმანეთს თანაცხოვრებაში თუ კვლავ შევხვდებოდით. ახლა ისევ მის სახლში , ისევ ერთად ვცხოვრობთ. მე ძველებურად, მარიოს ყოფილ ოთახში მოვეწყვე და ისევ ვაგრძელებ მის სამყაროსთან თუ შეგრძნებებთან შეწყვეტილ ცხოვრებას. განგებამ ასე მოისურვა, რატომ? არ ვიცი. ადამიანები ამ კითხვაზე პასუხს გვიან ვაცნობიერებთ, რადგან შეუცნობელი არის გზანი უფლისანი.
ჩემი ოთახის აივანზე გასულს, ისევ მესმის წარსულის ხმები, ეს ხმები წმინდა ავგუსტინეს ეკლესიის ზარების ხმაა და სინანულით მეღიმება. ფიქრებმა წამიღო, მარიეტასთან პირველი შეხვედრა და მისი შვილის მარიოს ცხოვრების მძიმე ისტორია მახსენდება. შვილის, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა და თავის ავადმყოფობის გამო წლებია არ ენახა. ავადმყოფობამდე კი... დილა ადრიანზე, უკვე მატარებლის ბილეთით ხელში, გულის ფანცქალით ითვლიდა, შვილთან მისასვლელად დარჩენილ საჭირო წუთებს და საღამომდე იქ ყოფნის ,,ბედნიერებით" ტკბებოდა. მთელი დღე, თურმე მარიოს გვერდით იჯდა და მისი ხელი, საკუთარ ხელში მოქცეული, ჩახუტებული ჰქონია. ასე გრძელდრბოდა დღეები, კვირები და წლები. მარიეტა კლინიკაში ცხოვრობდა შვილის გვერდით, ვიდრე ერთ დღეს, ხელ-ფეხი არ წაერთვა.
გამახსენდა მარიოს ყოფილ ოთახში, პირველი ღამის გათენება თავისი მძაფრი შეგრძნებებით, მისი ნამუშევრების და ბიბლიოთეკის საშუალებით, წარმოსახული მისი პიროვნება და თვალებზე ცრემლი მომადგა. რატომ ხდება, რომ ადამიანები ბედნიერებას, სუბიექტური განზომილებიდან მკაცრად ვაფასებთ. მზად ვართ ძალიან კრიტიკულები ვიყოთ და ნაკლები დამაჯერებლობით შემოვიფარგლებოდეთ. მე ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ ვერც მარიეტა, რომ მიუხედავად ყველაფრის, ის პერიოდი ბედნიერი პერიოდი იქნებოდა.
ჩემს წინ ახლა შვილმკვდარი დედა იჯდა, რომელსაც საგულდაგულოდ ვუმალავდით შვილის გარდაცვალებას, საკუთარი მძიმე დაავადებების გამო. დედა, რომელსაც შვილის ხილვის გარდა, მისი ხმაც ენატრებოდა. ახლაც ჩამესმის მისი მუდარით ნათქვამი სიტყვები ,,მარიო, დედა ვარ, დამელაპარაკე, მარიო, მარიო...“ ბოლო სიტყვებს უკვე ხმის ჩახლეჩით ამბობდა. მორიგე ექთანი გვამცნობდა, რომ მარიო ეზოში ჩავიდა და ბოდიშის მოხდით გვემშვიდობებოდა. იჯდა გარინდებული, სახე გაქვავებული მარიეტა და არ ტოკდებოდა. მე კი, ამ მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად, ვიდექი ენერგიის და სიტყვების ძებნით შეჭირვებული. ქალს, დედობრივი გრძნობაც რომ არ გქონდეს განცდილი, შეუძლებელია ამ კადრის ნახვისას არ გეგრძნო მარიეტას ტკივილი.
მარიეტამ, შვილის გარდაცვალების ღამე, საშინელ შფოთვაში გაატარა.
დილით მილანიდან, მარიეტას დის შვილი დონატო ჩამოვიდა. გაოცებულ მოხუცს კი დააჯერა, რომ სამსახურეობრივმა მოვალეობამ განაპირობა მისი სასწრაფომ ჩამოსვლა.
მარიოს ცხედარი მოდუნიოს სასაფლაოს ტაძარში გადაასვენეს.
დილით ჩემი მეგობარი თინიკო მოვიდა რომ მარიეტასთან დარჩენილიყო. მას კი ავუხსენით, რომ ჩემი დოკუმენტების გამო, მრჩეველს უნდა შევხვედროდი. მარიეტამ ეჭვით შემომხედა: ,,დღეს რომ კვირაა?“ …სული დამეწვა, ფიქრში ვუპასუხე, ჩემო მარიეტა, შენს მარიოს გასაცნობად და გასაცილებლად მივდივარ და თან შენი მონატრება მიმაქვს. მხრებზე მოვეხვიე და დავპირდი, მალე დავბრუნდებოდი.
ქუჩაში გამოსვლისთანავე წვიმა წამოვიდა. ჩემი დიდი ქოლგა გავშალე და კორსო კაუროს ქუჩას მივუყვები.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…
ჰემინგუეი თავისი ახმახი აღნაგობით, ქათქათა წვერით და ჩამჯდარი თვალებით, წვიმიან ქუჩაში დგას და თვალმოუცილებლად მიყურებს. შავი, დიდი ქოლგა უჭირავს და კეპიანი ქუდი ახურავს. მისალმების ნიშნად გულწრფელად ვუღიმი და თავის დახრით რევერანსს ვაკეთებ. მის თვალებში გაოცება და ინტერესი ერთად ჩანს. მინდა შევჩერდე, მივიდე ახლოს და ვუთხრა, იცით, ბატონო ჰემინგუეი, მე და ჩემი მეგობარი კატო, ვენეციაში სან მარკოს მოედანზე ჰარის ბარში, თქვენს კუთვნილ მაგიდასთან მოკრძალებით ვისხედით და თქვენზე ვსაუბრობდით. მე ძალიან მიყვარს თქვენი ნაწარმოებები, გამორჩევით კი ,, კილიმანჯაროს თოვლიანი მთა “-ას გამოვარჩევდი, მაგრამ ვერ ვბედავ… ვაგრძელებ გზას, საკუთარ გაუბედაობაზე გაბრაზებული.
ზურგიდან ვგრძნობ, ჩაღიმებული, როგორი ინტერესით მიყურებს. ვიკრებ გამბედაობას, ვტრიალდები და ხელის დაქნევით ვეძახი:- მე ჰარის ბარში, თქვენს მაგიდასთან დავბრუნდები და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ თქვენს საყვარელ სასმელს ,,მონტგომერი”-ს.
მივდიოდი და ქალური ინტერესი მკლავდა, ვითომ ასე დაჟინებით, რატომ მიყურებდა ჰემინგუეი? როგორც მე მასში ჰემინგუეი აღმოვაჩინე, იქნებ მანაც ჩემში მისი საყვარელი ქალებიდან ერთ-ერთი, მაგალითად მწერალი გერტრუდ სტაიანი დაინახა? იქნებ…
ჩემმა გამოგონილმა ჰემინგუეიმ, ალბათ ჩემი ბოლო ფრაზიდან ვერაფერი გაიგო, რადგან ის, ის არ იყო.
სასაფლაოს შესასვლელის წინ, სახელდახელოდ გაკეთებულ საყვავილედან, სადაც უამრავი ყვავილი მიმზერდა, თეთრმა ქრიზანთემებმა მოკრძალებით დამიძახეს.
იტალიელ ქალბატონს, რომელიც ტაძარში მიდიოდა, ფეხ და ფეხ ავედევნე.
ტაძარში შესვლისთანავე საკმევლის სურნელი შემომეგება და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ეტტა, მარიეტას ცხოვრების მეგობარი და ტონინო, ეკლესიის მსახური, რომელიც მარიეტასთან ყოველ კვირას მოდიოდა ლოცვებზე, აქ მელოდნენ.


































